დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მოვაწყვეთ გამარჯვების აღსანიშნავი საღამო, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო: სილვესტერ სტალონე, ბრიუს უილისი, ბრიჯიტ ნილსენი... დარბაზში დავაბიჯებდი, როცა, მოულოდნელად, ერთ-ერთ მაგიდასთან ჩემი და დენიზი შევნიშნე თაყვანისმცემლების გარემოცვაში.

"უმჯობესია წავიდე, - გავიფიქრე მე. - თორემ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდებენ". გაპარვა ვცადე, მაგრამ გაისმა მისი ხმამაღალი ხმა: "მაიკ!" სვლა გავაგრძელე, თითქოს არაფერი გამეგოს. "მაიკ! ნაძირალავ, გირჩევნია ახლავე მოხვიდე აქ". მივუახვლოვდი მის მაგიდას. "მაიკ, დიეტური კოლა მომიტანე. სასწრაფოდ!" - მიბრძანა დამ.

- ახლავე, ძვირფასო, - ვუპასუხე მე. ცხოვრებაში რაღაცეები არ იცვლება.

ჩემი და საოცარი
ადამიანი იყო. ყოველთვის წუხდა ჩემს გამო. შესაძლოა, რობინისა და რუთის დასახიჩრებაც უნდოდა, მაგრამ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. უბრალო ქალი იყო. და ბედნიერებას ვერ მალავდა ისეთ პიროვნებებთან შეხვედრით, როგორებიც იყვნენ ოპრა ან ნატალი კოული.

და უნდოდა ეჩვენებინა მათთვის, რომ აღვირით ვეჭირე. ამიტომაც მიბრძანა დიეტური კოლას მირთმევა. ადამიანები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ:

"შეხედეთ, აი რკინის მაიკი!" ის კი ჩემზე მბრძანებლობდა.

ერთხელ ლოს ანჯელესში ვიყავი, როცა დამ დამირეკა: "ეი, მაიკ, მატრასი მჭირდება".

- კარგი, ვინმეს გამოვუშვებ დასახმარებლად, - ვუპასუხე მე.

- მე არ ვიცნობ ამ ადამიანებს, მაიკ. შენ თავად უნდა მოხვიდე და მომიტანო.

ჩემს მეგობარს შორტლი ბლეკს ქუინსში (რაიონი ნიუ იორკში) პატარა და ძველისძველი ბარი ჰქონდა, მაგრამ ჩემს დას იქაურობა მსოფლიოში ყველაზე მნიშნელოვან მოვლენად მიაჩნდა.

"დღეს საღამოს, შორტისთან ვაპირებ წასვლას", - ამბობდა ის დიდმნიშვნელოვნად. ვთავაზობდი "ბენტლიში", "ჩინურ კლუბში" ან სხვა მოდურ კლუბში წასვლას, მაგრამ ის შორტისთან წასვლით შემოიფარგლებოდა.

სპინქსთან ბრძოლა ჯიმი ჯეიკობსს მივუძღვენი. ამის შემდეგ, ტრადიციულად, კასის საფლავზე წავედი. ტიტულის ყოველი დაცვის შემდეგ მივდიოდი იქ შამპანურის დიდი ბოთლით და კასთან ერთად ვზეიმობდი. კასს უყვარდა შამპანური, რუნის კი მოსწონდა ჩემი ლანძღვა ამ რიტუალის შემდეგ.

- შეწყვიტე კასის საფლავზე ამ წყეული ბოთლების დაგორება, - აღშფოთებული იყო რუნი. ყოველ ჯერზე, როცა ის საფლავზე "დომ პერიონის" ბოთლს პოულობდა, იცოდა, რომ ეს ჩემი იყო.

სპინქსთან ბრძოლის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო არანორმალური გახდა. კეიტონი აღშფოთებული იყო, რადგან სარჩელზე მოპასუხე გახლდათ.

მაგრამ, თუ საგაზეთო სტატიებით ვიმსჯელებდით, ჯიმისა და ბილის არავინ ამტყუნებდა იმის გამო, რომ ჩემს თავს ერთი ხელიდან მეორეში გადასცემდნენ, თითქოს ვინმეს საკუთრება ვიყავი. თუ ვინმეს უღალატეს, პირველ რიგში, ეს სწორედ მე ვიყავი.

როცა ჯიმი ამ ქვეყნიდან წავიდა, საერთოდ არ მინდოდა, რომ კეიტონი ჩემი მენეჯერი ყოფილიყო. კასი გვერდით რომ ყოფილიყო, კეიტონი უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა. კასს არასოდეს უყვარდა კეიტონი, რადგან ის კრივის საერთაშორისო საბჭოსთან თანამშრომლობდა, კასს კი ეს ორგაინზაცია სასიკვდილო მტრად მიაჩნდა.

რობინმა და რუთმა მრჩეველ-კონსულტანტად დონალდ ტრამპი აიყვანეს, მაგრამ ეს ცუდი ნაბიჯი აღმოჩნდა.

ის არ იცნობდა კრივის სამყაროს. არაფერი იცოდა საკრივო ჰონორარებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებაზე, დამატებით უფლებებზე, კომერციული მოღვაწეობის უფლებებზე, ტელევიზიასთან შეთანხმებებზე. ძალიან ბევრი ადამიანი არსებობდა, რომლებიც ჩემზე ფულს აკეთებდნენ. და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ივლისში ბილ კეიტონმა გადახედა თავისი კონტრაქტის პირობებს და 20 პროცენტამდე შეამცირა საკუთარი მმართველობითი ჰონორარი და 16 პროცენტამდე პირადი პროცენტი სარეკლამო გადაღებებში ჩემს მონაწილეობაზე.

ერთ-ერთი მიზეზი, რომლითაც ყველაფერი მოგვარდა, ის იყო, რომ სპინქსთან ბრძოლაში მიღებული ჩემი ჰონორარი სასამართლო სარჩელების ანაზღაურებას მოხმარდა. ასე რომ, მე მივიღე 10 მილიონი დოლარი, ბილმა კი - თავისი 5 მილიონი.

ჩემზე დიდი ზეწოლა მოჰქონდათ - უნდოდათ რინგზე მალე დავბრუნებულიყავი, მაგრამ მე არ ვჩქარობდი. ლონდონში უნდა მეჩხუბა ფრენკ ბრუნოსთან, მაგრამ პრესკონფერენციაზე, რომელიც კეიტონთან დავის მოგვარებაზე განცხადების გასაკეთებლად იყო მოწვეული, ყველა გავაოცე.

- ვაპირებ გადავდო ბრუნოსთან ბრძოლა და ექვსი-რვა კვირა დასვენება ავიღო. დღეს უბრალოდ არ ვარ მზად საჩხუბრად, - განვაცხადე მე.

იმ პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებდი დონ კინგთან. მაისში კლივლენდში გავემგზარე და რამდენიმე დღე მის სახლში გავჩერდი.

დონმა დამიყოლია გამეფორმებინა მასთან შეთანხმება სარეკლამო-საინფორმაცია თანამშრომლობაზე, მაგრამ სპინქსთან ბრძოლამდე ამას საიდუმლოდ ვინახავდით. მან ყველაფერი შესანიშნავად მოაწყო.

იმ წელს, დონმა მაიკლ ჯექსონის კონცერტზე წამიყვანა. დონი მაიკლისთვის და მამამისისთვის სარეკლამო კამპანიას აწყობდა. და შოუს შემდეგ, კულისებში შემიყვანა. ჯო ჯექსონს რამდენჯერმე შევხვედრივარ საკუთარ ბრძოლებზე, რადგან ის მოთამაშე იყო და ფსონებს ჩადიოდა.

მაიკლი კუთხეში იდგა და ელოდებოდა - როდის მიაყენებდნენ მის ავტომობილს. არავის შეეძლო მასთან მიახლოება, მაგრამ ის ხედავდა ჩემს გარშემო ავტოგრაფის მოლოდინში შეკრებილ ადამიანებს. მინდოდა მისთვის ხელის ჩამორთმევა იქამდე, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა. ამიტომაც მივუახლოვდი.

- როგორ ხართ, მისტერ ჯექსონ? მოხარული ვარ თქვენი ხილვით, - ვთქვი მე.
ერთი წამით მომაპყრო ყურადღება, შემათვალიერა და მიპასუხა:
- საიდანღაც გიცნობ, ასე არ არის?

მან ფაქტობრივად მომისროლა. შესანიშნავად იცოდა, ვინ ვიყავი. არ შემეძლო მასზე გაბრაზება - მომეწონა, როგორ მიმიჩინა ადგილი. და მოუთმენლად ველოდი შემთხვევას, როცა ამ მეთოდს ვინმეზე გამოვცდიდი.

დონ კინგი 16 აგვისტოს ნიუ იორკში ჩამოვიდა და სენსაციური განცხადება გააკეთა ჩემთან სარეკლამო-საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმებაზე. ბილი განრისხდა და სასამართლოთი დამემუქრა. რობინსა და რუთს უკვე არანაირი გავლენა არ ჰქონდათ სიტუაციაზე. მათ წააგეს ტენდერი ჩემი ბიზნესის მართვაზე.

ამიტომაც გააგრძელეს საკუთარი "ბ" გეგმის რეალიზაცია - წარმოვედგინე ურჩხულად, რის შემდეგაც ქორწინების გაუქმებაზე შეთანხმებას მოამზადებდნენ.

მთელი ზაფხულის განმავლობაში, რობინი ინტერვიუებს არიგებდა და ამტკიცებდა, რომ მასთან მიმართებაში სასტიკი ვიყავი. მაგრამ, როცა ჟურნალისტები დოკუმენტურ დადასტურებას ითხოვდნენ, ბუნებრივია, ვერ იღებდნენ მტკიცებულებებს ამ უაზრო პრეტენზიებზე.

მართლა არ მიყვარს ადამანებზე ცუდის თქმა. რამდენადაც ვიცი, დღეს ორივენი, შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალნენ, მაგრამ მაშინ, უბრალოდ, ნამდვილი გველები და მსოფლიოში უკანასკნელი ძუკნები იყვნენ.

ქალების გეგმის მომდევნო პუნქტი იყო - ჩემი მოთავსება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა საკუთარ ხელში აეღოთ ჩემი ფინანსების მართვა. რუთი ცდილობდა იძულებით მივეყვანე თავის ნაცნობ ფსიქოთერაპევტთან, დოქტორ ჰენრი მაკკერტისთან. მე უარი ვთქვი.

მაშინ ისინი ექიმს ტელეფონით გაესაუბრნენ და დაიყოლიეს - გამოეწერა ჩემთვის რეცეპტები ლითიუმის მარილზე (გამოიყენება ფსიქოზის მკურნალობისთვის) და ტორაზინზე. მაკკერტიმ უთხრა მათ, რომ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით ვიყავი დაავადებული.

რუთმა ჩემთვის წამლის გადმოცემა თავის ძმას - მაიკლს დაავალა. მაგრამ ამ უკანასკნელმა, ეს ყველაფერი სრულ სისულელედ აღიქვა. თავიდან მითხრა: "მაიკ, საერთოდ რად გინდა ეს წამალი?" საბოლოო ჯამში, მან თავისი მისია ასეთი ფრაზით დაასრულა: "მაიკ, არ მიიღო ეს ნაგავი. მე ამას არ გავაკეთებდი".

შემდეგ რუთმა ჩემს მეგობარს რორის დაავალა - თვალი ედევნებინა იმისთვის, რომ წამლები მიმეღო. რუთი ყოველდღე რეკავდა იმაში დასარწმუნებლად - ვიღებდი თუ არა აბებს. მაგრამ რორიმ ფეხებზე დაიკიდა ეს ყველაფერი. მან შეატყობინა რუთს, რომ აბები დაგვიმთავრდა, მე კი მითხრა, რომ ჩემი ცოლი კიდევ გამოგვივგზავნიდა პრეპარატებს.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული