დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
დონ კინგი ჰენრი ტილმენს მოელაპარაკა ბრძოლაზე, რომელიც 1990 წლის 16 ივნისისთვის ლას ვეგასში იყო დაგეგმილი.

ნიუ იორკში ვარჯიშებს იქამდე შევუდექი, ვიდრე ლას ვეგასში გავემგზავრებოდით. პერიოდულად, ვარჯიშების გარდა, სასამართლოში სიარული მიწევდა, რადგან დასასრულს უახლოვდებოდა სასამართლო პროცესი. საქმე ეხებოდა ქალის უკანალზე ხელის შევლებას.

სპორტდარბაზში, რომელშიც მე ვვარჯიშობდი, რამდენიმე მოკრივესთან მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ემილ გრიფიტი (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მეორე ნახევრად საშუალო და საშუალო წონაში) მუშაობდა. ერთხელ მან ისეთი რამ თქვა, რამაც უბრალოდ გამაოგნა
და საბოლოოდ დამავიწყა დაგლასთან მარცხი.

ბასტერთან ბრძოლაზე მოვუყევი და ვაღიარე:
- დიახ, მართლაც ვერ ვიმუშავე ისე, როგორც საჭიროა, ასე არ არის?

- დარწმუნებული ვარ, რომ დიადი მაიკ ტაისონი ასეთი სისულელის გამო სამუდამოდ გაოგნებული არ დარჩება, - ასეთი იყო მისტერ გრიფიტის რეაქცია.

ესეც ასე! ეს რამდენიმე სიტყვა დამეხმარა, სრულად შემეცვალა აზრი საკუთარ თავზე და რინგზე დავბრუნებულიყავი. ამ შეფასებამ მაიძულა, დამევიწყებინა მარცხი და კვლავაც ჩამეთვალა თავი ჩემპიონად. რადგან მან ეს თქვა, მაშინ მე მართლაც დავბრუნდი.

ტაისონის გუნდში კი მატება იყო - ორი ახალი ადამიანი. დონმა ჩემს ახალ მთავარ მწვრთნელად რიჩი ჯაკეტი დაიქირავა. და ნატალი ფიერსისგან გამიჩნდა პირველი შვილი, ვაჟი, რომელსაც დ'ამატო დავარქვი (სხვა წყაროების ცნობით, 1991 წელს ნატალი ფიერსმა განაცხადა, რომ მაიკ ტაისონისგან იყო ფეხმძიმედ. მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა ბავშვისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად; თუმცა ტესტების შედეგებმა არ დაადასტურა ტაისონის მამობა და სარჩელი უარყოფილ იქნა).

აპრილის შუა რიცხვებში სავარჯიშოდ ლას ვეგასში გადავედით. შეშლილივით ვვარჯიშობდი. ოთხ საათამდე დავრბოდი, ვმუშაობდი სპორტულ დარბაზში, სადილის შემდეგ მქონდა სპარინგები, შემდეგ ორი საათი ველოსიპედით ვარჯიში ლას ვეგასის სპორტულ კლუბში.

ჯორჯ ფორმენმა (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, გამოდიოდა მძიმე წონაში; 1968 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა; სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი), რომელიც ჩემი ბრძოლის "მოთელვაზე" უნდა გამოსულიყო, ტიტულის დაკარგვის შესახებ შემდეგი საინტერესო აზრი გამოთქვა:

- ტიტულის დაკარგვის შემდეგ გეუხერხულება ყველას ნახვა, განსაკუთრებით, აეროპორტში ბარგის მტვირთავების. არ გინდა ტაქსისტების დანახვა, რადგან გეჩვენება, რომ ყველა აპირებს შენთვის რაღაცის თქმას.

და ამ დროს, უნდა გააპიარო საკუთარ თავი. ამიტომაც მილიარდობით დოლარს ხარჯავ ავტომობილებზე, კოსტიუმებზე, ყველაფერზე, რისი წყალობითაც შეგიძლია წარმოადგინო, რომ სხვებზე უკეთ გამოიყურები. მაიკ ტაისონი ვერ დაიძინებს მშვიდად, სანამ ისევ არ მიიღებს ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას და არ მოიპოვებს მას. ის არ დაწყნარდება, სანამ საკუთარ ცოდვებს არ გამოისყიდის.

მაშინ არ იყო აუცილებლობა, ჯორჯს დავთანხმებულიყავი. ისეთი მასშტაბების განდიდების მანია მქონდა, რომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი საჩემპიონო ქამრების დაბრუნებაში. და ვიცოდი, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო ვარჯიში.

ტილმენთან ბრძოლის დღეს მაქსიმალურად "დაქოქილი" ვიყავი. მიწევდა იმ მოკრივესთან ჩხუბი, ვინც სამოყვარულო რინგზე დამამარცხა. ეს იყო შურისძიების დიადი ისტორია. ეს ბიჭი დამარცხდება და შურისძიება შედგება.

მართალია, ის ოლიმპიური თამაშების ოქროსპრიზიორი იყო და კარგი სტატისტიკა ჰქონდა (20 მოგება - 4 წაგება), ფსონი ერთი ორთან იყო იმაზე, რომ უკვე პირველ რაუნდში აღმოჩნდებოდა ნოკაუტში.

გავამართლე იმათი იმედები, ვინც ასეთ ფსონებს ჩადიოდა. ბრძოლის დასაწყისში ტილმენისგან მარჯვენა ძლიერი დარტყმა გავატარე, მაგრამ ამას უსიამოვნებები არ მოუტანია. ტილმენის ტემპი კორპუსში ძლიერი დარტყმით დავაგდე, რაუნდის დასრულებამდე 24 წამით ადრე კი მარჯვენათი საფეთქელში მოვარტყი.

ის რინგზე ზურგით დაეცა. არ მინდოდა ჰენრისთვის ზიანის მიყენება. სურვილი მქონდა, ყველაფერი ძალიან მალე მომემთავრებინა. მომწონდა ეს ბიჭი და მიხაროდა, რომ კარგი ჰონორარი მიიღო. ტილმენი კარგი მოკრივე იყო, მაგრამ საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლდა. საკუთარი თავის უფრო მეტად რომ დაეჯერებინა, ლეგენდარული მოკრივე გახდებოდა და კრივის მსოფლიოს დიდების დარბაზში მოხვდებოდა.

ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე დონ კინგი ისევ თავის თავს ჰგავდა.
- ის დაბრუნდა. ის კვლავ დაუმარცხებელი მაიკ ტაისონია! - წამოიძახა მან.
მხარი გავკარი და ვუბრძანე, ხმა გაეკმინდა.
- მაგრამ, შენ ხომ მართლა დაბრუნდი, - თქვა დონმა.
მცირე კომენტარი გავაკეთე ბრძოლის შესახებ, ჰენრის რამდენიმე კომპლიმენტი ვესროლე და სიამოვნებით ვილაპარაკე ჩემს ვაჟზე.
- ის ძალიან ლამაზია! ექვსი კვირისაა და უკვე 12 ფუნტს (5.4 კილოგრამი) იწონის. უკვე ხედავს. ჩემი ვაჟის გამო ვცხოვრობ.

ამ ბრძოლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქალის უკანალის საქმე, როგორც იქნა, დასრულდა. დამნაშავედ მცნეს შეურაცხყოფაში და ფულადი ჯარიმა დამაკისრეს, მისმა ადვოკატებმა კი გვაიძულეს, წარმოგვედგინა დოკუმენტი ჩემს ფინანსურ აქტივებზე.

დონ კინგის ადვოკატმა წარმოადგინა ეს ცნობა და აღმოჩნდა, რომ დონს ჯერ ისევ მართებდა ჩემთვის 2 მილიონი დოლარი ტოკიოში ჩატარებული ბრძოლისთვის. ამ დოკუმენტის თანახმად, მე მქონდა ხელზე 2.3 მილიონი დოლარი, ვფლობდი 6.2 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს ჯერსიში, სახლს ოჰაიოში, აგრეთვე, ავტომობილებსა და ძვირფასეულობას 1.5 მილიონის ღირებულებით.

ასე რომ, საერთო ჯამში, ჩემი აქტივები 15 მილიონ დოლარს შეადგენდა, მაგრამ ყველა შეგროვებული თანხისა და საკრივო ჰონორარების მიხედვით, ქონება გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. არ ვიცი - გაყალბდა თუ არა ფინანსური დოკუმენტები სასამართლოს გამო თუ უბრალოდ, მძარცვავდნენ.

ასეა თუ ისე, კომპენსაციის სახით, სასამართლომ ქალს იმ მილიონზე გაცილებით ნაკლები თანხა გამოუწერა, რომელსაც დაზარალებული მხარე ითხოვდა - 100 დოლარი მისცეს. როცა განაჩენი მოვისმინე, ავდექი, ჯიბიდან 100-დოლარიანი კუპიურა ამოვიღე, ენა ავუსვი და შუბლზე მივიწებე.

რინგზე ჩემი მომდევნო გასვლა 22 სექტემბერს, ატლანტიკ-სიტიში იყო დაგეგმილი - ალექს სტიუარტთან უნდა მეჩხუბა. სტიუარტი იამაიკის ოლიმპიური ნაკრების რიგებში შედიოდა და აქტივში 24 ნოკაუტი ჰქონდა. ერთადერთხელ მერვე რაუნდში ნოკაუტით ევანდერ ჰოლიფილდთან წააგო. არადა, მთელი ბრძოლის განმავლობაში დაწინაურებული იყო, სანამ წარბი არ გაუსკდა და ჰოლიფილდმა ამ ჭრილობაზე არ დაიწყო მუშაობა.

საწვრთნელ შეკრებაზე მეც ასეთივე დაზიანება მივიღე. 48 ნაკერი დამადეს, ამიტომაც ბრძოლა 8 დეკემბრისთვის გადადეს.

ამასობაში, ტელეკომპანია HBO-ს ზეწოლა ჰქონდა ჩვენზე და ჩემთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა. სეტ აბრაჰამს მიაჩნდა, რომ უკვე დადო გარიგება დონ კინგთან და 10 მილიონი დაამატა ძველ 85 მილიონ დოლარს, მაგრამ შემდეგ დონმა უარი თქვა ამ კონტრაქტზე. მიზეზად ის დაასახელა, რომ არ სურდა ლარი მერჩანტს გაეშუქებინა ჩემი ბრძოლები, რადგან ეს რეპორტიორი ყოველთვის ათასგვარ სისაძაგლეს ლაპარაკობდა ჩემ შესახებ. სტიუარტთან ბრძოლის შემდეგ დონმა ისარგებლა ამ საბაბით და HBO-დან ტელეარხ Showtime-ზე გადასვლა გადაწყვიტა. მეც მეჩვენებოდა, რომ გარიგება Showtime-თან უკეთესი იყო, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ის უკეთესი იყო დონისთვის და არა ჩემთვის.

სანამ სტიუარტთან ბრძოლას ველოდი, ბასტერ დაგლასი ტიტულს იცავდა ევანდერ ჰოლიფილდთან ბრძოლაში. ვიცოდი, რომ ჰოლიფილდი მოიგებდა. დაგლასი რინგზე ზედმეტი წონით გავიდა, ჰოლიფილდი კი, პრინციპში, მასზე უკეთესი იყო. დაგლასმა, უბრალოდ, შეგნებულად დათმო ეს ბრძოლა. ოდნავ ცემის საშუალება მისცა მოწინააღმდეგეს და რინგზე დაწვა. ის 17 მილიონი დოლარის მეძავი აღმოჩნდა. რინგზე გასვლისას, საკუთარი ღირსებისა და სიამაყის გრძნობა არ აღმოაჩნდა იმისთვის, რომ საჩემპიონო ქამარი დაეცვა. მიიღო კუთვნილი ჰონორარი, მაგრამ დაკარგა ღირსება. ამის შემდეგ აღარ შეგიძლია ისევ მოიგო საკუთარი ღირსება, მაგრამ შეგიძლია სამუდამოდ დაკარგო ის. მისნაირი ბიჭები, რომლებიც მხოლოდ ფულისთვის ჩხუბობენ, არასოდეს ხდებიან ლეგენდები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს დღემდე აისახება ბასტერზე. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა ერთ ავტოგრაფ-სესიაზე, რომელსაც ორივე ვესწრებოდით. მისგან ავტოგრაფის აღება არავის უნდოდა. ეს ბიჭი ისტორიაში შევიდა იმით, რომ მე დამამარცხა, მაგრამ ახლა მისი ცხოვრების ისტორიას ხაზი გადაესვა.

დაგლასის დამარცხებიდან მეორე დღეს ჰოლიფილდმა გამოთქვა მზადყოფნა - ტიტული დაეცვა ჯორჯ ფორმენთან ბრძოლაში. ამან ძალიან გამაბრაზა. ყველას ჩემი დამცირება უნდოდა, მაგრამ ეს გამორიცხული იყო. ისევ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ვრჩებოდი კრივის სამყაროში, საჩემპიონო ქამრის გარეშეც კი.

მე და სტიუარტი მზად ვიყავით ატლანტიკ-სიტიში 8 დეკემბერს საჩხუბრად. ტელეკომპანია HBO-ს არ გადაუფიქრებია საკუთარი გეგმები და ისევ იყო განწყობილი ჩემთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. ამისთვის მან სპაიკ ლიც (ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. მის ბევრ ფილმშია ლაპარაკი რასობრივ კონფლიქტებზე აშშ-ში) დაიქირავა, რომ ჩემზე ფილმი შეექმნა. ყველას გასაბრაზებლად, ამ ფილმისთვის სპაიკს ბევრი სისაძაგლე მოვუყევი.

- ეს ყველაფერი სპეციალურად ჩვენთვის კეთდება, - ვთქვი მე. - მე და დონი - ორი შავი ბიჭი ვართ გეტოდან, "მიმწოლები" და ყველას არ მოსწონს ის, რასაც ვლაპარაკობთ. თეთრების მიმართ საწინააღდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ, შავების ინტერესებს ვიცავთ.

საკუთარ სიტყვებს სერიოზულად არ აღვიქვამდი. უბრალოდ, ვერთობოდი.

- როცა შავი ბიჭები წარმატებას აღწევენ, უცებ იცვლება წესები, რომ მათ გზები გადაუკეტონ, - დაამატა დონ კინგმა. როცა HBO-მ ჟურნალისტებს ფილმის ეს ნაწილი უჩვენა, ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია. დასახული ამოცანა შესრულებული იყო.

მაგრამ მე სრულად გადავიხადე დონთან კავშირის გამო. ჰიუ მაკილვანიმ, ცნობილმა შოტლანდიელმა სპორტულმა მიმომხილველმა განაცხადა, რომ სწორედ კინგთან ჩემი ურთიერთობა გახდა დაგლასთან წაგების მიზეზი:

- ყველა ფაქტორიდან, რამაც ტაისონის დაცემა განაპირობა, ყველაზე დამღუპველი იყო კავშირი დონ კინგთან. ის ყველა იმ მოკრივის დაცემის პროვოცირებას ახდენდა, ვისთანაც კავშირი ჰქონდა.

აბსოლუტურად მართალი იყო. დონი გწამლავდა. ტოქსიკური იყო. ყველას თრგუნავდა, ვინც მის გვერდით იმყოფებოდა. ასე შეგნებულად იქცეოდა. როცა მას დავუკავშირდი, შავ სიაში შემიყვანეს. სრულ თავისუფლებას მაძლევდა, შემეძლო ბავშვურად მოვქცეულიყავი. ყველა ხედავდა, რომ არ ვაპირებდი დონის დატოვებას, ამიტომაც ყველაფერს, რის გაკეთებასაც ვაპირებდი, წინააღმდეგობა ხვდებოდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული