- მე ჩემპიონი ვარ. ჩემპიონად ყოფნა - ეს სულის განსაკუთრებული მდგომარეობაა. ვაპირებ სამუდამო ჩემპიონი ვიყო. ბედნიერება - ეს არის შეგრძნება, რომელიც შიმშილს ან წყურვილს ჰგავს. ადამიანები ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, მაგრამ ეს უბრალოდ არის სიტყვა, რომელიც მათ შეგრძნებას აღწერს. როცა საკუთარი მიზნის მიღწევა გადავწყვიტე, ყველაფერზე უარი ვთქვი, იმ აზრზეც კი, რომ ბედნიერი ვარ.
მე არ ვყოფილვარ ბედნიერი ჩემპიონი. სხვა საზომით ვიყავი აწყობილი.
ცხადი იყო, რომ მომწონდა ატლანტიკ-სიტიში ტრამპის კაზინოში ჩხუბი. ეს იყო იქაურ დარბაზში
შემდეგ რინგზე დავსდევდი და ისევ წავაქციე მარჯვენა დარტყმით. არასაკმარისად კონცენტრირებული ვიყავი, რაღაც მომენტში დარტყმა ავაცილე და თავად აღმოვჩნდი იატაკზე.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, კუთხეში მივიმწყვდიე და რაუნდის დასრულებიდან 33 წამით ადრე, მარცხენა დარტყმით ნოკდაუნში გავუშვი. სამი ნოკდაუნის წესი (სამი ნოკდაუნის წესის თანახმად, მოკრივე, რომელიც ერთი რაუნდის განმავლობაში სამჯერ აღმოჩნდება ნოკდაუნში, დამარცხებულად მიიჩნევა; ეს წესი მოქმედებს WBA-ის ეგიდით ბრძოლებში) ძალაში რჩებოდა, ამიტომაც ბრძოლა შეწყვიტეს.
როცა ექიმებმა სტიუარტის შემოწმება დაასრულეს, მასთან მივედი და გადავეხვიე.
- არ ინაღვლო. კარგი მოკრივე ხარ. გახსოვდეს, რომ მეც ვიღაც დილეტანტმა დამამარცხა.
HBO-ს კომენტატორმა ჯიმ ლემპლიმ, რომელსაც პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდა, ინტერვიუ ჩამომართვა. ბოლო ორი ბრძოლის შემდეგ, ლარი მერჩანტთან ლაპარაკზე უარი ვთქვი.
- მინდოდა მადლობა გადამეხადა ჩემი თაყვანისმცემლებისთვის, რომლებმაც ეს ბრძოლა HBO-ზე იხილეს. ყოველთვის მახსოვდა მათი მხარდაჭერა მთელი ამ წლების განმავლობაში, - ვთქვი მე. - ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა HBO-თვის, რადგან ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ჩემს ნაცვლად ჰოლიფილდის ხილვა ამჯობინა.
მძიმე წონაში ახალი სენსაცია გახდა კანადელი მოკრივე რადოკი, მეტსახელად "სამართებელი". 1990 წლის აპრილში, ის მაიკლ დოუქსს (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში) შეხვდა და საკრივო სამყაროში აქტიურად განიხილავდნენ იმ ბრძოლის ნოკაუტს. მეც ვნახე იმ ბრძოლის ჩანაწერი.
დოუქსი მთელი ბრძოლის განმავლობაში იგებდა, და უცებ, რადოკმა ერთი დარტყმა შეასრულა და სუფთა ნოკაუტით მოიგო. ძალიან შთამბეჭდავი, საშიში და უბრალოდ, ბრწყინვალე ნოკაუტი იყო.
- რას ფიქრობთ? - მკითხა ტელეკომპანია ABC-ის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელმა ალექს ვალაუმ, რომელმაც ეს ვიდეო მაჩვენა.
კარგი მსახიობი ვარ, ამიტომაც სავარძლის საზურგეზე გადავწექი და უდარდელი გამომეტყველება შევინარჩუნე.
- მერე რა? მე ხომ მაიკლ დოუქსი არ ვარ. თუ მას სწრაფი ნოკაუტის იმედი აქვს, ძალიან შემცდარა.
იმის გამო, რომ მიღწეული იყო შეთანხმება ჰოლიფილდისა და ფორმანის ბრძოლაზე, საჭირო იყო ჩემთვის კიდევ ერთი მეტოქის პოვნა. ამიტომაც, დონ კინგმა რადოკთან ბრძოლის ორგანიზება შეძლო, რომელიც ლას ვეგასში 1991 წლის 18 მარტს უნდა გამართულიყო.
"ჯანდაბა, ეს ბიჭები ჩემს სიკვდილზე მუშაობენ. ჩემს წინააღმდეგ უმსხვილესი კალიბრის ჭურვები გამოაქვთ", - ვფიქრობდი მე.
იანვრის დასაწყისიდან, ინტენსიურ ვარჯიშებზე გადავედი. ერთხელ, საწვრთნელ ბანაკში ტომ პატი მეწვია - ჩემი ყოფილი მეზობელი კასის სახლში. ტელევიზორში რადოკის ერთ-ერთ ბრძოლას ვუყურებდით და მის დაცვაში ხარვეზი შევამჩნიე.
- ამ ბიჭის მოკვლას ვაპირებ, - ვუთხარი ტომს.
ვიცოდი, რომ რადოკი სახიფათო პანჩერი გახლდათ, მაგრამ იმასაც ვამჩნევდი, რომ ძალიან მოძრავი სამიზნე იყო. მას არ ჰქონდა შესაძლებლობა - როგორც საჭირო იყო ისე მოეხვედრებინა ჩემთვის.
ფაქტობრივად, ჩვენს შორის ჩხუბი ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, კერძოდ, ლოს ანჯელესში, სასტუმრო "სენჩური პლაზაში" გამართულ პრესკოფერენციაზე.
ფიტოგრაფების წინ მზერის დუელი მოვაწყვეთ და რადოკს ვუთხარი, რომ ვაპირებდი ჩემს გოგოდ მექცია. "სამართებელმა" ჩემთან მოახლოება სცადა, "მაგარ ბიჭს" თამაშობდა, მაგრამ ენტონი პიტსმა ხელი უბიძგა. მე წინააღმდეგ წავედი: "აცალე, მომიახლოვდეს, რომ უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი!" ვიცოდი, ქუჩურ ჩხუბში შემეძლო მისი დამარცხება. "სამართებლის" პირადმა მცველებმა საქმეში ჩარევა განიზრახეს, მაგრამ დიდი სიმჭიდროვე იყო და ვერ მოაღწიეს ჩვენამდე.
აეროპორტში წავედით, რომ ლას ვეგასის თვითმფრინავისთვის მიგვესწრო. აღმოჩნდა, რომ რადოკი და მისი გუნდიც ამ რეისით მგზავრობდა. აეროპორტამდე მივაღწიეთ. აღმოჩნდა, რომ რორის მანქანაში ტელეფონი დარჩა და ენტონი მის მოსატანად წავიდა. უკან ბრუნდებოდა, როცა რადოკის ხალხმა გზა გადაუკეტა.
რადოკს ჰყავდა ორი ტყუპი პირადი მცველი და ერთ-ერთმა - კევინ ალიმ თქვა: "ფიქრობ, მაგარი ბიჭი ხარ?" მიუახლოვდა ენტონის, მაგრამ მისგან მუშტი მიიღო. ჩვენმა მძღოლმა სკანდალი შეამჩნია, კიბეზე ჩაირბინა და ენტონი გააკავა.
- რატომ მაჩერებ? - იკითხა ენტონიმ. - ეს ნაბიჭვარი დაიჭირე!
შემდეგ საქმეში აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური ჩაერია და ჩხუბი აღკვეთა. მოსაცდელ დარბაზში დაბრუნებულმა ენტონიმ მომხდარის შესახებ მომიყვა.
თვითმფრინავში ჩავსხედით. დავინახე, რომ ისინი ჩვენს უკან მოთავსდნენ, ამიტომაც, ჩემი ბიჭები სალონის ბოლოში გავუშვი. მთელი ფრენის განმავლობაში რადოკს ყურძნის მარცვლებს ვესროდი. ყოველი შემთხვევისთვის, წინასწარ დავრეკეთ და მთელი ჩვენი გუნდი, მთელი საწვრთნელი ბანაკი, ყველა ჩემი სპარინგ-პარტნიორი - აეროპორტში სრულ მზადყოფნაში გვხვდებოდა. ჩაერეოდნენ, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდოდა. მაგრამ არაფერი მომხდარა.
როცა ბრძოლის დღეს სასტუმრო "მირაჟში" გამოვჩნდით, რადოკის ხალხი გასახდელის წინ დაგვხვდა და კევინ ალიმ ენტონის ათასი სიბინძურე უთხრა.
- ეი, მისმინე, - შეაწყვეტინა ენტონიმ. - არ ვეწევი, და სიგარეტებს არ ვისვრი (ორიგინალში სიტყვების თამაში, რომელიც ეფუძნება ზმნა smoke-ის მრავალ მნიშვნელობას - მოწევა, გაბოლება, სროლა), მაგრამ შენ დაგცხრილავ. მთელს შენს ოჯახს ამოვწყვიტავ, შენც, შენ ძმასაც და დედაშენსაც! ყველას მოვკლავ! ფეხებზე მკიდიხარ!
ჯონ ჰორნმა ენტონის ფრაზები მოისმინა და გვერდზე გაათრია:
- მეგობარო, შენ ხომ არ გადიხარ დღეს რინგზე. რინგის მიღმა იქნები. თუ მაიკი ამ ბრძოლას მოიგებს, ამ ნაბიჭვრებმა შეიძლება რაღაც მოაწყონ, ამიტომაც, მზად იყავი.
იმ საღამოს ლას ვეგასში ციოდა, ჩვენ კი ღია ცის ქვეშ ვჩხუბობდით 60 ათასი მაყურებლის წინაშე. რინგზე თეთრ-მწვანე ზოლებიანი სპორტული კოსტუმით და სათხილამურო ქუდით გავედი. პირველი მოკრივე ვიყავი, ვინც რინგზე სამოქალაქო ტანსაცმლით ავიდა. რადოკი აღელვებული ჩანდა, ღრმად სუნთქავდა. ეს მისი პირველი სერიოზული თამაში იყო.
ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ძლიერი მარჯვენა დარტყმით შევაზანზარე მოწინააღმდეგე. პასუხად, მან რამდენიმე მძიმე დარტყმა შეასრულა, მაგრამ მოუხელთებელი ვიყავი მისთვის. მეორე რაუნდში მარცხენა დარტყმის შემდეგ დაეცა.
თუმცა ეს არ ყოფილა ძლიერი მოქნევა - როგორც ჩანს, ჩემს ფეხს წამოედო. კორპუსში ძლიერი დარტყმებით ძალიან დავაგდე მისი ტემპი. ის მიზანში ვერ ახვედრებდა და უკვე მესამე რაუნდში, თავის გადასარჩენად, კლინჩში შესვლა დაიწყო. რაუნდის დამთავრებამდე ათი წამით ადრე, შესანიშნავი მარცხენა ჰუკი გამომივიდა და ის წაიქცა. ყველა რაუნდს ვიგებდი.
მეექვსეში რადოკმა თითქოს გაიღვიძა და ძლიერი დარტყმები შეასრულა. მე მხოლოდ თავი გავაქნიე ამაზე. როცა მარჯვენათი ყბაში მომარტყა, ლოყაზე ხელი მოვისვი და შევთავაზე - კიდევ დაერტყა. უპასუხოდ ვიღებდი ამ დარტყმებს და, როგორც ჩანს, მისი დეზორგანიზება მოვახერხე, რადგან მეშვიდე რაუნდში ყბაში მარცხენა ჰუკით გავაოგნე. ამას მოჰყვა კიდევ ოთხი დარტყმა და ბარბაცით ბაგირებს მიეყრდნო. რიჩარდ სტილი რადოკს მივარდა და ბრძოლა გააჩერა, მიუხედავად იმისა, რომ არ წაქცეულა. ვფიქრობ, რეფერიმ იჩქარა, თუმცა საკმარისი იყო ერთი დარტყმა და ის აუცილებლად წაიქცეოდა.
და აქ, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ჩხუბის ეპიცენტრში აღმოვჩნდი. "სამართებლის" მენეჯერმა მურად მუჰამედმა ჩემი მწვრთნელი რიჩი რინგზე დააგდო და თავში ცემა დაუწყო. ჯეი ბრაიტმა კუთხისკენ გამათრია და იქედან ვუყურებდით ამ ზედახორას.
ენტონი პიტსი რინგზე ამოვარდა, კევინ ალი შეამჩნია, რომელიც აქეთ-იქით დააბიჯებდა და მარჯვენათი სახეში დაარტყა. შემდეგ რადოკის ძმამ დელროიმ სცადა პასუხის გაცემა, მაგრამ ენტონიმ ხელი სტაცა და რინგიდან გადაგდება დაუპირა.
ვერ მოასწრო, რადგან საქმეში დაცვა ჩაერია და ენტონი შეაჩერა. დელროი ბაგირებზე მიბჯენილი ჰაერში ეკიდა და გაჭირვებით ცდილობდა წონასწორობის შენარჩუნებას. სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, ჩემმა მეგობარმა გრეგმა კევინ ალის "როლექსი" აწაპნა, თან ჯიბეშიც ჩაუყო ხელი იმის გასარკვევად - კიდევ რა სარგებლის პოვნა შეიძლებოდა. სრული საგიჟეთი იყო.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"