- როცა აქედან გავალ, მინდა უაინოს დაუჯერო. ის აქ ერთადერთი ნორმალური ბიჭია. სხვებთან ფრთხილად იყავი, მაიკ. შენ უბრალო პატიმარი ხარ, ეს ბიჭები კი გასამართლებული მსჯავრდებულები. ისინი მზად არიან, თავიანთი ბინძური საქმეები სიკვდილამდე აკეთონ. ასე რომ, უაინოს მიჰყევი და ის უფლებას არ მოგცემს, რაღაც შარში გაეხვიო.
იმ დროისთვის უკვე ვიცნობდი უაინოს, მაგრამ ახლოს არ ვყოფილვართ ერთმანეთთან. დავმეგობრდით, როცა ის ჩემს კამერაში გადმოვიდა, თან იმდენად, რომ დღემდე ჩემთან მუშაობს. პრაქტიკულად, ციხეს
ფიზიკური აღდგენის სექციაში უნდა მემუშავა. ვფიქრობ, ამ სამუშაოზე იმის გამო გამიშვეს, რომ სპორტულ დარბაზში მევლო და მევარჯიშა. მაგრამ დროის დიდი ნაწილი ტელეფონთან ვიჯექი. როგორც კი საუზმის შემდეგ შემოწმება სრულდებოდა, მაშინვე ტელეფონის ყურმილს ვიღებდი ხელში. ტელეფონი ყველა კამერაში იყო, მაგრამ მოქმედებდა პრინციპი - "პირველი მოხვედი - პირველს მოგემსახურებიან". რიგის პირველ ნომერს ორ კოლოფ სიგარეტზე ვცვლიდი.
ბევრ ლაპარაკს იმით ვამართლებდი, რომ უნდა განმეხილა ესა თუ ის საკითხი ან კონსულტაცია გამევლო ჩემს ადვოკატებთან, მაგრამ, ძირითადად, მეგობრებთან და გოგონებთან ვლაყბობდი.
- ტაისონ, ისევ მთელი საათი ტელეფონზე იყავი ჩამოკიდებული, - აღშფოთებულები იყვნენ სხვა პატიმრები.
- ეს სამართლებრივი საკითხია, გასაგებია? მიდი, ზედამხედველთან მიჩივლე, - ვპასუხობდი მე.
ტელეფონი ჩემთვის მთავარი ნივთი იყო, რომელიც გარე სამყაროსთან მაკავშირებდა. ჩემთვის მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. უაინომ ამიხსნა, რომ ხანდახან ასეც ხდება - თუ გარე სამყაროსთან კავშირის შენარჩუნებას ცდილობ, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადოს შენი პატიმრობის ვადა და ციხეში ყოფნა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ციხის კარებთან მისულმა უკან უნდა მოიხედო და თვალი გადაავლო ყველა შენს ავტომობილს, ფულს, კრივის ხელთათმანებს, საჩემპიონო ქამრებს, ქალებს, ძვირფასეულობას, მობილურ ტელეფონს... ეს ყველაფერი წარმავალია, რადგან შენ დაბრუნებამდე ეს ფუფუნება აღარ იარსებებს. მაგრამ მე განებივრებული ბიჭი ვიყავი. არ მინდოდა ამ წესებით ცხოვრება, ვფიქრობდი, რომ შევცვლიდი მათ. მაგრამ ეს არ გამომივიდა.
მყავდა ახლო მეგობრები, რომლებიც მზად იყვნენ, ნებისმიერ დროს ელაპარაკათ ჩემთან. ერთ-ერთ მათგანს ჩემთვის პირადად ჰქონდა გამოყოფილი სატელეფონო ხაზი. მე მას მობილურ ტელეფონზე ვურეკავდი და ის ხაზზე გოგონებს რთავდა.
თუ ტელეფონით არ ვლაყბობდი, წიგნებს ვკითხულობდი. მოსამართლეს უნდოდა, სიმწიფის ატესტატი ამეღო, ამიტომაც დავიწყე მეცადინეობა მუჰამედ სიდიკთან (აღწერილ პერიოდში ინდიანაპოლისის ციხეში იმამი იყო), რომელიც ჩემი სულიერი მოძღვარი გახდა. არ მქონდა მათემატიკაში ან რაიმე სხვა სულელურ საგანში მეცადინეობის არანაირი სურვილი, ამიტომაც დავიწყე ჩინურის ენის შესწავლა მასწავლებელთან, რომელიც სიდიკმა მომიყვანა. საკმაოდ კარგად შევისწავლე ენა, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთში აღმოვჩნდი და შევძელი იქაურებთან დალაპარაკება.
კითხვით გატაცებული ვიყავი. არაფერი ისე არ კლავს დროს, როგორცი სქელტანიანი წიგნების კითხვა. მე და უაინო ყოველ საღამოს ვუკითხავდით ერთმანეთს წიგნებს. ასეთი წესი გვქონდა: ერთი იღებდა წიგნს, მეორე - ენციკლოპედიას ან ლექსიკონს და როცა უცნობ სიტყვას წავაწყდებოდით, შეგვეძლო მისი მნიშვნელობის გაგება. ჩვენ ამ სიტყვებს საუბრის დროსაც კი ვიყენებდით, ასე რომ, მართლა ვითვისებდით წაკითხულს. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა უილ დურანტის "ცივილიზაციის ისტორია". ვკითხულობდი მაოს, ჩეს, მაკიაველის წიგნებს. აგრეთვე - ტოლსტოის, დოსტოევსკის, მარქსს, შექსპირსა და სხვებს. წავიკითხე ჰემინგუეი, მაგრამ ის დიდად მოსაწყენი აღმოჩნდა. მე უფრო მომწონდა მეამბოხე რევოლუციური წიგნები. ჩემი საყვარელი ნაწარმოები იყო ალექსანდრ დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო". საკუთარ თავს ვაიგივებდი მთავარი გმირთან, ედმონდ დანტესთან. ისიც მტრებმა გააბეს მახეში და ციხეში ჩააგდეს, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ მჯდარა და დროს ფიქრში არ ატარებდა, გაქცევისთვის და შურისძიებისთვის ემზადებოდა. ყოველ ჯერზე, როცა ციხეში თავს დამარცხებულად წარმოვიდგენდი, მაშინვე დიუმას მივუბრუნდებოდი ხოლმე.
პირველ რიგში, გაბრაზებული ვიყავი საზოგადოებაზე და წამებულად აღვიქვამდი თავს. ხშირად ვიმეორებდი ასეთ რამეს: როცა ტირანი კვდება, მისი მმართველობა სრულდება, მაგრამ, როცა წამებული კვდება, მისი მეფობა მხოლოდ ამის შემდეგ იწყება. ამიტომაც მაოსა და ჩეს წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტად განვეწყვე ხელისუფლების სისტემის წინააღმდეგ. ისე მონდომებით ვსწავლობდი მაოს, რომ საკუთარ სხეულზე მისი ტატუ გავიკეთე. აგრეთვე, არტურ ეშის (პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ჩოგბურთში; იყო პოლიტიკური აქტივისტი; იბრძოდა შავკანიანების უფლებებისთვის სამხრეთ აფრიკაში) ტატუც. ძალიან მომეწონა მისი ავტობიოგრაფია. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის ასეთი მაგარი და ნიჭიერი იყო.
გაუთავებელ და გრძელ მარტის თვეში მაოს კონცეფცია მივიღე. მიზნად დავისახე - ნებისმიერი ხერხით მომეხდინა ზემოქმედება სისტემაზე. ამისთვის ვეძებდი ყველაზე სუსტ, ყველაზე ახალგაზრდა ზედამხედველს, ან ისეთ ციხის მცველს, რომელიც ჩემი პიროვნებით იქნებოდა მონუსხული. უაინოსთან ერთ კამერაში მოხვედრის შემდეგ შეუჩერებლები გავხდით. უაინოს საკუთარ კამერაში პროდუქტები ჰქონდა და სხვა პატიმრებთან ნატურალურ გაცვლას აწარმოებდა ორი ერთზე ფსონით. მაგალითად, თუ შენ გინდოდა ჩიფსის ერთი პაკეტი, მაგრამ არ გქონდა ფული მაღაზიისთვის, უაინოსთან მიდიოდი. ის გაძლევდა პაკეტს, ჩაინიშნავდა და მისი ორი პაკეტი ჩიფსი გმართებდა.
ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ერთ კამერაში მოგვათავსებდნენ, მას შევთავაზე:
- ძმაო, თუ ჩემი ნივთებიდან რამე გსურს, შეგიძლია თავისუფლად აიღო.
და მან მიპასუხა:
- მაიკ, მე არაფერი მჭირდება. თუ რამეს მომცემ, მას უბრალოდ გავყიდი და ამაზე ფულს გავაკეთებ. სულ ეს არის.
მალე ჩვენი საქონლის მარაგი იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა მათი სხვა კამერებში შენახვა.
ვვაჭრობდით სასურსათო მაღაზიის ჩვეულებრივი ნივთებით - ორცხობილებით, ჩიფსებით, სიგარეტებით. ამასობაში, გადავწყვიტე ჩვენს ინტერესებში გამოგვეყენებინა ჩემი პოპულარობა და დიდება. იმ პერიოდში მაია ენჯელოუ (ნამდვილი სახელი მარგარიტ ენ ჯონსონი - ამერიკელი მწერალი და პოეტი, ბევრი საპატიო პრიზისა და დოქტორის ხარისხის მფლობელი) მეწვია და ერთობლივი ფოტო გადავიღეთ. ერთ საღამოს მშიერი ვიყავი, მეზობელ კამერაში კი ბიჭს ფუნთუშები ჰქონდა, რომელიც ძალიან მომინდა.
- ეი, ძმაო, მე მაქვს ჩვენი ხალხის ინტელექტის დედოფლის, მაია ეინჯელოუს სურათი. მინიმუმ, 50 დოლარი ღირს", - ვთქვი მე.
ეს ბიჭი ისე მოიხიბლა სურათით, რომ ტირილი დაიწყო. ნაწილ-ნაწილ მაძლევდა თანხას - ათ-ათი დოლარით და ასე გადამიხადა 50 დოლარი. ყოველ ჯერზე ვჩარხავდი ასეთ საქმეებს, როცა ჩემთან ვინმე ცნობილი ადამიანი მოდიოდა.
ჩემი ფანი გოგონები, რომლებიც წერილებს მწერდნენ, თან საკუთარ უხამს ფოტოებსაც მიგზავნიდნენ. და მე ცალ-ცალკე ვყიდდი სურათებსა და წერილებს, რადგან ზოგიერთს სჭირდებოდა ფაქტურა მასტურბაციისთვის, სხვებს კი ახალი ურთიერთობის დაწყება. ხანდახან, ფოტოსაც და წერილსაც კომპლექტში ვყიდდი. გოგონების გარეგნობის მიხედვით ვარჩევდი - რომელ ბიჭს რომელი გოგო მოერგებოდა. მაგალითად, თუ მე მქონდა გოგონას ფოტო შუა დასავლეთის ტყის მასივიდან, მივდიოდი რომელიმე სოფლელ ბიჭთან და ვეუბნებოდი: "აი, ეს ნახე". სახალისოა, რომ ამ ბიჭებიდან ზოგიერთმა მიმოწერა გააბა და ბოლოს, იქორწინა კიდეც.
შემდეგ უხამსი ფოტოებიდან ტელეფონით სექსზე გადავედით. როცა ინდიანაპოლისში დილის შვიდი საათია, ლოს ანჯელესში ის დროა (ღამის ოთხი საათი), როცა ხალხი ღამის კლუბებში ერთობა. სწორედ ამ დროს, ჩემი მეგობრის მისამართით გადახდილ სატელეფონო ზარს ვუშვებდი. მას გოგონები ჰყავდა გამზადებული, რომლებიც მზად იყვნენ ასეთი სამსახურისთვის.
- თამაში იწყება! - გამოაცხადებდა ის. ვიღებდით თანხას პატიმრებისგან, გოგონები კი სექსით იყვნენ დაკავებულნი და ჩვენს "მსხვერპლს" მათ ხმებს ვასმენინებდი. ხანდახან ვაზუსტებდი ბიჭის სახელს და მას გოგონას ვეუბნებოდი, რომ საუბარი სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო.
- მიდი, ჯონ, აღგზნებული ვარ, მიდი! - კვნესოდა ის. და ჯონი ამ სისულელისთვის კარგად იხდიდა.
ამგვარი ხერხით, მეგობარ გოგონებს ვიძენდი გარე სამყაროდან. მყავდა მეგობარი ჩიკაგოში, რომელსაც ქალაქში სექს-კლუბი ჰქონდა. მე მასთან ვუშვებდი ქალებს, რომლებიც ჩიკაგოდან მწერდნენ წერილებს. მას უნდა შეემოწმებინა - რამდენად კარგები იყვნენ ისინი. ეს იყო ინვესტიცია მომავალისთვის. თუ ნორმალურები იქნებოდნენ, მათ ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევხვდებოდი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"