დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ჩემი და ჰოლიფილდის ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო. ერთად ვიყავით იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებზე და ერთმანეთს მეგობრულად ვეპყრობოდით.

ყოველთვის ჩემს მხარეს იყო, ნერვიულობდა, როცა ჩხუბი მქონდა და პირიქით. სამოყვარულო კრივში გამოსვლისას, პერიოდულად წარუმატებლობები ჰქონდა. რამდენიმე ისეთი ბრძოლა წააგო, რომლებშიც უნდა მოეგო, ამის შემდეგ კი ხმაურიანი წარმატება ჰქონდა ოლიმპიურ თამაშებზე.

ახალგაზრდობაში არასოდეს გვიფიქრია იმაზე, რომ ოდესღაც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიჩხუბებდით და ამდენ ფულს ვიშოვიდით. სიმართლე გითხრათ, მე სწორედ ამის გამო ვაგრძელებდი ჩხუბს. ჩემი გული უკვე აღარ ეკუთვნოდა კრივს, მაგრამ ფული მჭირდებოდა. რინგზე
გასვლისგან ვერანაირ სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი. როგორც კი ციხიდან გამოვედი, ეს აზარტი მთლიანად გამიქრა.

აი, რატომ იყო იმ დროს მუდამ ჩემს გვერდით "ნიანგი". ნორმალური ბიჭი იყო, მუდმივად ცდილობდა ჩემ მოტივირებას, ფსიქოლოგიურად განმაწყობდა ბრძოლებისთვის. ვარჯიშის ფანი იყო. სწორედ ასეთი ადამიანი მჭირდებოდა, რომელიც სწორი მიმართულებით მიბიძგებდა ხელს.

პირველი ბრძოლა ჰოლიფილდთან ჩემთვის საკმაოდ წარმატებით დაიწყო. უკვე პირველ რაუნდში კორპუსში კარგი დარტყმა გამომივიდა და მან ტკივილისგან წამოიყვირა კიდეც. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდი, მაგრამ, მეორე რაუნდიდან მოყოლებული, საერთოდ გამოვითიშე.

ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა რინგზე და ცოტა ხანში, როგორც იქნა, გავაცნობიერე - ის შეგნებულად მირტყამდა თავს. მეორე რაუნდიდან უკვე ინსტინქტურად ვჩხუბობდი, არაფერი მახსოვს. მეექვსე რაუნდში, მორიგი თავური დარტყმის შემდეგ, წარბი გამისკდა. მომდევნო რაუნდში კი თითქმის ნოკაუტში ჩამაგდო თავით კიდევ ერთი დარტყმის შემდეგ. მეათე რაუნდში მან ჩაატარა სერია 23 დარტყმისგან. ვეღარაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ ამ დარტყმების სტვენა ჩამესმოდა ყურებში.

მხოლოდ ადრენალინის წყალობით ვიდექი ფეხზე. როცა რაუნდებს შორის შესვენებისას კუთხეში დავბრუნდი, არ მესმოდა ის სისულელე, რასაც მწვრთნელები მელაპარკებოდნენ. არ მახსოვს, როგორ წამოვდექი, როგორ დავბრუნდი რინგზე, როგორ ვჩხუბობდი. მახსოვს მხოლოდ, რომ მე იქ, რინგზე ვიყავი. ბრძოლის შემდეგაც ისევ გათიშული ვიყავი და ისიც კი ვკითხე ჩემს სეკუნდანტებს - რომელ რაუნდში ჩავაგდე ნოკაუტში ჰოლიფილდი.

გასახდელში "ნიანგი" გაშმაგებული იყო.

- შენს თავს შეხედე, მაიკ, - მითხრა მან. ჰოლიფილდის დარტყმებისგან მუჭისოდენა ექვსი კოპი მაჯდა. გარდა ამისა, "ნიანგი" დარწმუნებული იყო, რომ ჰოლიფილდი სტეროიდებს იყენებდა. მის გუნდში ერთი ბიჭი, სახელად ლი ჰეინი ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას და იქ ეჭვი შეეპარათ იმაში, რომ აკრძალულ სტეროიდებს იყენებდა. "ნიანგმა" თქვა, რომ აწონვის ცერემონიაზე ჰოლიფილდი სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ, როცა რინგზე გავიდა, გოლიათს დაემსგავსა.

იმდენად ვიყავი გაბრაზებული და განრისხებული, რომ დაუყოვნებლივ განმეორებითი ბრძოლის ჩატარება მინდოდა. მცემეს, ერთი მთელი ადგილიც კი არ შემრჩა სხეულზე, მაგრამ უკვე მომდევნო დღეს ვარჯიშებს შევუდექი.

ძალიან გავბრაზდი ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის გამო, მაგრამ უკან არასოდეს ვიხედებოდი, არ ვიხსენებდი ჩემს ბრძოლებს. რაც მოხდა, მოხდა. ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.

ბევრზე დამარცხება ძალიან ცუდად მოქმედებს. ფლოიდ პატერსონმა ტიტულის დაკარგვის შემდეგ ყალბი წვერითა და შავი სათვალით დაიწყო ხალხში გამოსვლა. როცა ფორმანი ჯერ ალისთან და შემდეგ ჯიმი იანგთან (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, გამოდიოდა მძიმე წონაში) დამარცხდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს - როგორია წაგება? - მან უპასუხა:

"თითქოს ცისფერ უსასრულობაში მოვხვდი, როგორც ღია ზღვაში. თითქოს მიწა გამომეცალა. გარშემო საერთოდ არაფერია. ყველგან საშინელი სუნი დგას, რომლის დავიწყება შეუძლებელია - ეს არის სინანულისა და მწუხარების სუნი. შენს გონებაში თავს იყრის მწარე ფიქრები, რომელიც ადრე არასოდეს გქონია. როცა გარშემო მიმოვიხედე, მივხვდი, რომ მკვდარი ვიყავი.

აი, ასე იყო. ვიხსენებდი, რის გამოც ვშრომობდი. არც კი გამოვთხოვებივარ დედაჩემსა და ჩემს შვილებს. მთელი ჩემი ფული ბანკში დავმალე. როცა დამწვარ ფურცელს შეეხები, ის დაიფშვნება - აი, ასეთი გახდა ჩემი ცხოვრება. უკან მოვიხედე და დავინახე, როგორ ქრებოდა ის. თითქოს სასტიკად მეხუმრნენ".

ასე ძლიერად არასოდეს განმიცდია წაგება. ვიცი, ვინ ვარ მე - ადამიანი. ისეთი ბიჭები, როგორიც ჰოლიფილდია, მთელ ცხოვრებას კრივს უკავშირებენ, ამიტომაც აგრძელებენ ასე დიდხანს ჩხუბს. მე კი კას დ'ამატომ გამზარდა, რომელიც ყოველთვის ამბობდა - ეს არ არის მთელი ცხოვრება. ეს ის არის, რასაც მისდევ იმისთვის, რომ იცხოვრო, მაგრამ ეს არ არის შენი ცხოვრება. ის ამბობდა:

"წაგებები, მოგებები - ნუ მიიტან მათ გულთან ახლოს". ყოველ ჯერზე ვუმკლავდებოდი წაგებას, ამიტომაც არ გამხდარა კრივი მთელი ჩემი ცხოვრება. აი, ასე მასწავლეს.

იმ დროისთვის, მონიკა მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. ბევრი საშინელება მოვისმინე ლას ვეგასში ჩემი მეჩეთის იმამისგან იმასთან დაკავშირებით, რომ მე და მონიკა ჯერაც არ ვიყავით დაქორწინებულნი. საქმე იმაში იყო, რომ იშვიათად ვხედავდი მონიკასა და ბავშვებს. ან ვარჯიშებზე ვიყავი, ან ჩემი მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონებიდან ერთ-ერთთან მქონდა პაემანი.

იმ დღეს, როცა მონიკას წინადადებით მივმართე, ჰოუპი მთელი დღე ჩვენთან იყო, რადგან ვაშინგტონში სკოლაში მიდიოდა. ის სკოლამდე მივაცილე. ამის შემდეგკი რომანტიკულ შეხვედრაზე გავემგზავრე ერთ ახალ გოგონასთან, რომელიც ვაშინგტონში გავიცანი.

ჰოუპმა შემაწუხა საქორწინო შეთანხმების თაობაზე. ცხადია, უნდა შემედგინა ის, მაგრამ იმპულსური იდიოტივით ვიქცეოდი. მე და მონიკა მუდმივად ვჩხუბობდით, ძირითადად, ღალატის გამო.

ჩემს სულიერ ძმას, სიდიკს ვთხოვე, მერიენდის შტატში გაფრენილიყო, რომ იქ ცერემონია ჩაეტარებინა. შემდეგ მან კოლუმბიას ოლქში ადგილობრივ იმამთან დაადასტურა საქორწინო დოკუმენტები. მაგრამ ცოლიანი მამაკაცის სტატუსმა არაფერი შეცვალა მონიკასა და ჩემს ურთიერთობებში. ისევ ვხვდებოდი გოგონებს. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ახლა ჰოლიფილდთან განმეორებითი ბრძოლისთვის უნდა მევარჯიშა.

როცა მატჩ-რევანშისთვის მზადება დავიწყე, პრესას განვუცხადე, რომ პირველი ბრძოლისას ცუდი დღე მქონდა, მაგრამ ახლა ჰოლიფილდთან ბრძოლას ვაპირებ იმ განწყობით, თითქოს ის ერთხელ უკვე ჩავაგდე ნოკაუტში. ამგვარი ფისქოლოგიური განწყობა მექსიკელი მოკრივეებისგან ვისწავლე.

როცა ამერიკელ მოკრივეს ნოკაუტში აგდებ, შემდეგ ჯერზე ის შენ წინააღმდეგ სიფრთხილეს იჩენს. მაგრამ თუ მექსიკელს მოუგებ ნოკაუტით, ის შემდეგ ბრძოლაზე ისე გამოდის, თითქოს ერთხელ უკვე ჩაგაგდო ნოკაუტში. ამ ბიჭების შეშინება შეუძლებელია. მათ არ გააჩნიათ ცრურწმენა, ისინი რინგზე ყოველგვარი კომპლექსის გარეშე გადიან, უბრალოდ, საჩხუბრად.

მეორე ბრძოლის წინ ჩემს გუნდში გარკვეული ცვლილებები მოვახდინე. ოთახში ყოფილი მეზობელი ჯეი ბრაიტი, რომელიც ჩემთან მწვრთნელად მუშაობდა, რიჩი ჯაკეტით შევცვალე. ჯეის გათავისუფლება რთული არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, ის ჩემი ოჯახიდან იყო, ხოლო ოჯახის წევრები პირველები მიდიან. მეორე ბრძოლისთვის ძალიან მონდომებით ვემზადებოდი.

ბრძოლამდე სამი დღით ადრე გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა რეფერისთან დაკავშირებით. მსაჯი ისევ მიტჩ ჰალპერნი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჰოლიფილდთან ჩემი პირველი ჩხუბის დროს ის გალეშილი მთვრალი იყო. როცა ინსტრუქტაჟის დროს ჩემს ხელთათმანებს ამოწმებდა, მისგან ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. გარდა ამისა, თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, რადგან თავად მოვიხმარ სპირტიან სასმელებს. არც ერთი სხვა რეფერი არ დაუშვებდა ჩემს დაცინვას, რასაც ჰოლიფილდი მე-11 რაუნდამდე აკეთებდა.

ამის მიზეზი სიმთვრალე იყო. ჩემი გუნდის წევრები ცდილობდნენ მეორე ბრძოლიდან ჰალპერნის მოშორებას. მე ამის შესახებ ცოტა რამ ვიცი, არასოდეს არავის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. ჩემი სამუშაო ჩხუბი იყო და არა რეფერიზე ან მსაჯებზე ფიქრი. მაგრამ ჯონ ჰორნმა მიმართა კომისიას და განაცხადა, რომ ჰალპერნი ძალიან ლმობიერი იყო, კლინჩისა და თავით დარტყმების საშუალება მისცა ჰოლიფილდს.

- რომ არა მაიკ ტაისონი, თქვენ აქ არ იქნებოდით, - უთხრა მან კომისიის წევრებს.

მკვეთრი ნათქვამი იყო. კომისიამ მხარი დაუჭირა ჰალპერნის დატოვებას: ოთხი მომხრე და ერთი წინააღმდეგი. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი წამოიჭრა, ჰალპერნმა თავად მოხსნა თავისი კანდიდატურა. თავის მხრივ, ჰოლიფილდის გუნდი ჯო კორტესისა და რიჩარდ სტილის კანდიდატურების წინააღმდეგ წავიდა. ვარაუდობდნენ, რომ ისინი ჩემ მიმართ სიმპათიით იქნებოდნენ განწყობილნი.

ასე რომ, კომისიამ ამ ბრძოლაზე მილს ლეინი დანიშნა. ის ყოფილი საოლქო პროკურორი და რაიონული მოსამართლე იყო. ხშირად ომახიანად იმეორებდა, რომ "საშიში დამნაშავე" ვიყავი, რომელიც არ უნდა იყოს დაშვებული კრივში. ამის შემდეგ როგორ შეიძლებოდა ამ რეფერის ნდობა მქონოდა?

ბრძოლამდე არც ის ვიცოდი, რომ ლეინსა და ჰოლიფილდს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ჰოლიფილდის მწვრთნელმა ტომი ბრუქსმა თავის დროზე განაცხადა, რომ მილს ლეინი "ცრემლებად იღვრებოდა", როცა ჰოლიფილდმა რიდიკ ბოუსთან წააგო. არ ვიცოდი, რომ ლეინი თურმე ევანდერზე ყოფილა შეყვარებული.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული