დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
19 სექტემბერს, ლას ვეგასის კომისიის წინაშე წარვსდექი. მოსმენაზე მოტოციკლით მივედი. მეცვა ჯინსის შარვალი და შავი მაისურა. კოსტუმებში გამოწყობილი ჩემი იურისტები ქუჩაში მელოდნენ. მას შემდეგ, რაც მოტოციკლიდან ჩამოვედი და მიწაზე ჩაფხუტი დავანარცხე, შეშინებულნი იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ. მე და ჯეფ ვალდმა ძალიან ბევრი ვიცინეთ.

მოსმენა სავსე იყო ცხელი დისკუსიებითა და კამათით. ჩემი ადვოკატი დეილ კინსელა მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას ჩემზე დაწესებული ჯარიმის ოდენობასა და ჩემი ფინანსური მდგომარეობის კრიზისზე.

ჩემს იურისტებსა და მოწმეებს უფლება მივეცი - ესაუბრათ ყველაფერზე, რაც მოესურვებოდათ, თუნდაც ჩემს მორალურ მხარეზე.
როცა კითხვას ვპასუხობდი, დოქტორ განემისკენ გამირბოდა თვალი. და თუ არასწორი პასუხის გაცემას ვიწყებდი, ის შეუმჩნევლად აქნევდა თავს, თითქოს მაფრთხილებდა: "არა, ეს არ თქვა". მოსმენა ექვსი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც დოქტორი განემი პრესას შეხვდა და თქვა:

- ექვსი საათის განმავლობაში, ტაისონი ერთხელაც არ გაცხარდა და წყობიდან არ გამოვიდა.

თითქოს ეს დიდი მიღწევა იყო ჩემთვის.

კომისიამ ჩემს თხოვნაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს არ მიიღო. დაადგინეს, რომ ლიცენზიის აღდგენის გადაწყვეტილებამდე, დაწვრილებითი ფსიქოლოგიური დასკვნა უნდა წარმომედგინა. არჩევანის საშუალება მომცეს: მიმემართა მეიოს კლინიკისთვის, მენინგერის კლინიკისთვის ან მასაჩუსეტსის შტატის ცენტრალური საავადმყოფოსთვის. გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო: ირვინგ აზოვის სტუდენტობის ერთ-ერთი მეგობარი მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში ფსიქიატრიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ლოს ანჯელესში ჩემს ორ მეგობარ გოგონას დავურეკე და ბოსტონში ჩამოსვლაზე დავიყოლიე. სასტუმროში გავჩერდი და ყოველდღე გავდიოდი შემოწმებას მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში. გამოკვლევის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, აეროპორტში გოგონებს დახვდი და მძღოლს ცოტაოდენი კოკაინი ვთხოვე. სანამ ბოსტონში ვიყავი, ყოველ საღამოს კარგად ვერთობოდით. გიჟებივით ვმხიარულობდით.

დილით, საავადმყოფოში პირველ მიღებაზე გამოფიტული და ცუდ ხასიათზე მივედი. აღმოვჩნდი სივრცეში, რომელიც უმაღლესი კლასის მოსაცდელ დარბაზს ან მისაღებს ჰგავდა. ჩავთვალე, რომ ეს ერთგვარი VIP-მომსახურება იყო.

- ეს ყველაფერი სისულელეა, - წარმოვთქვი ხმამაღლა. - არ ვიმსახურებ ამ ნაბიჭვრებთან ერთად ყოფნას.

დარბაზში მყოფებმა ოდნავ შეშფოთებით შემომხედეს.

მომიახლოვდა თეთრი ქალი, დაახლოებით 29 წლის, რომელმაც მომაგონა ველმა მულტფილმიდან "სკუბი-დუ". ეცვა სვიტერი მაღალი საყელოთი და ძვლის დიდი სათვალე ეკეთა. ჩემს გვერდით დაჯდა, შეშფოთებული გამომეტყველება ჰქონდა. ვივარაუდე, რომ ეს იყო ფსიქიატრიული განყოფილების ერთ-ერთი პროფესორი.

- რა გჭირთ? დაღლილი ჩანხართ, - დაინტერესდა ის.
- ისინი ფიქრობენ, რომ გიჟი ვარ, რადგან ზანგს ყურზე ვუკბინე. მაგრამ მათ არ იციან მთელი სიმართლე. ვუკბინე იმის გამო, რომ თავს მირტყამდა, მსაჯი კი არ აჩერებდა ბრძოლას. სასოწარკვეთილი ვიყავი და სხვა არჩევანი არ მქონდა. ეს არის ერთადერთი მიზეზი.

ის ერთი წუთით ჩაფიქრდა, შემდეგ მშვიდად განაცხადა:
- თქვენ ჩხუბობდით. თქვენ იბრძოდით.

ძლიერი კაიფის ქვეშ ვიყავი, მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, თითქოს დიდი სიბრძნე იყო.

ჯანდაბა, მართლაც, მე ვიბრძოდი. მაშინვე განკურნებულად ვიგრძენი თავი. მან ეს ისე ავტორიტეტულად თქვა! გაოცებული დავრჩი იმით - როგორ ღრმად გამიცნო რამდენიმე წამი ურთიერთობის შემდეგ. "აი, რატომ უნდა გადაუხადო ფსიქიატრებს დიდი ფული", - გავიფიქრე მე.

ჩემი ეიფორია ექთანის გამოჩენამ შეწყვიტა.

- ნენსი, წამლების მიღების დროა, - უთხრა ექთანმა ქალს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ველაპარაკებოდი.

- უკანალში შეიტენე! - გაბრაზდა და ექთანს წამალი ხელიდან გამოგლიჯა. ექთანმა ნიშანი მისცა, გამოჩნდა ორი ჯანმრთელი სანიტარი და ქალს მოსარჯულებელი პერანგი ჩააცვეს. დიდ წინააღმდეგებას უწევდა, მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა.

დარბაზს მოვავლე თვალი. კუთხეში იჯდა ბიჭი, რომელიც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და დორბლები სდიოდა. და გავაცნობიერე, რომ არა უმაღლესი კლასის მოსაცდელში, არამედ ფსიქიატრიულ განყოფილებაში ვიყავი. და ყველანი აქ, მათ შორის "სკუბი დუს" ველმას ორეული - გიჟები იყვნენ.

ლას ვეგასის კომისიის წევრებს ჩემთვის ლიცენზიის აღდგენის გადაწყვეტილება 19 ოქტომბერს უნდა გამოეტანათ, ამიტომაც, ჩემი იურისტები თითქმის 24 საათი მუშაობდნენ ორ ბიჭთან - საგზაო ინციდენტის მონაწილეებთან საკითხის მოსაგვარებლად. მზად ვიყავი თითოეულისთვის 250 ათასი დოლარი გადამეხადა. გარდა ამისა, ისინი ტელეარხ Showtime-გან 150 ათას დოლარს მიიღებდნენ, როგორც კი ლიცენზიის აღდგენის შემდეგ პირველ ბრძოლას ჩავატარებდი.

გარდა ამისა, მათ ფიცის ქვეშ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც შემდეგი ეწერა: ისინი ვარაუდობდნენ, ვისთან მოუვიდათ კონფლიქტი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვერ იქნებოდნენ იმაში, რომ ეს სწორედ მისტერ ტაისონი იყო.

კომისიის ერთ-ერთი წევრი დაჟინებით ითხოვდა, რომ ჩემი ფსიქიატრიული გამოკვლევის შედეგები საქმის მოსმენამდე, ანუ 19 ოქტომბრამდე ყოფილიყო გამოქვეყნებული. ეს ახალი პრობლემა იყო და იურისტები ამას მონდომებით ებრძოდნენ, მაგრამ არსებობდა ერთი ნაკლებად გასაგები კანონი, რომლის მიხედვითაც, ჩემს საქმეზე კენჭისყრა მართლაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, სრულიად გასაგებია, რამდენად არადამაჯერებლად ვგრძნობდი თავს. მართალია, მუდმივი დეპრესია მქონდა, მაგრამ სამედიცინო დასკვნაში აღნიშნული იყო:

"მისტერ ტაისონი ფსიქიურად ჯანმრთელია იმისთვის, რომ ისევ დაკავდეს კრივით - არსებული წესებითა და ნორმებით, 1997 წლის 28 ივნისის მოვლენათა განმეორების გარეშე. მიუხედავად იმპულსური და ემოციური პრობლემებისა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ერთი პრობლემა არ აქცევს მისტერ ტაისონს ფსიქიურად გამოუსადეგრად".

სხვა სიტყვებით, მე ავადმყოფი იდიოტი ვიყავი, მაგრამ შემეძლო რინგზე ბრძოლა და ვინმეს დასახიჩრება.

კომისიის მომდევნო სხდომაზე ჩვენებას აძლევდა მეჯიქ ჯონსონი (ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი, 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი). მას ჰქონდა სერიოზული მისწრაფება - კრივის რეკლამით უზრუნველყოფა. და, რა თქმა უნდა, კომისიის წევრებისგან აღიქმებოდა როგორც მშვიდი და უწყინარი შავი. მაგრამ გამაღიზიანებელი იყო ის, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ:

- მაიკმა იცის, რა არის ფული, მაგრამ არ ესმის - როგორ უნდა გამოიმუშავოს ის. და იმედი მაქვს, ვასწავლი ამას. ის ბიზნესმენი უნდა გახდეს. მაიკი - ჩემთვის ნაცნობი ერთადერთი ბიჭია, ვინც 100 ან 200 მილიონი დოლარი იშოვნა, მაგრამ ურჩევნია არ ჰქონდეს ეს თანხა. ურჩევნია მილიონების გაფლანგვა. მან უნდა აიყვანოს ფინანსების მართვის მენეჯერი. ვისურვებ, რომ სწორედ ეს აზრი მივიტანო მაიკ ტაისონის გუნდის წევრებამდე.

სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მიუხედავად ყველაფრისა. იმავე დღეს, კომისიამ ხმა მისცა ჩემთვის საკრივო ლიცენზიის აღდგენას. ოთხი მომხრე იყო, ერთი წინააღმდეგი.

ახლა, შემეძლო რინგზე დაბრუნება და გარკვეული თანხის გამომუშავება. იმ მომენტისთვის ფედერალური საგადასახადო სამმართველოსთვის 13 მილიონი დოლარი მმართებდა. ბევრს ეს თანხა შოკში ჩააგდებდა, მაგრამ მე მიჩვეული ვიყავი მილიონიან ჰონორარებს, ამიტომაც ვიცოდი, რომ ყველაფრის დაბრუნებას შევძლებდი. სახალისოა, რომ იმ პერიოდში, ჩემმა ახალმა ბუღალტერებმა აღმოაჩინეს ჩემს სახელზე არსებული პერსონალური საპენსიო ანგარიში, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში მეოთხედ მილიონ დოლარზე მეტი ირიცხებოდა.

ბუღალტერებმა ქექვა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ანგარიში ჩემთვის კატსკილში კას დ'ამატომ გაუხსნია. როცა ამის შესახებ შემატყობინეს, ბავშვივით ავტირდი. პირველად ჩემს ცხოვრებაში მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა:

"მნიშვნელოვანია არა საჩუქარი, არამედ ყურადღება". როგორც ჩანს, კასი ხვდებოდა, რომ მთელს ჩემს ფულს გავფლანგავდი. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ თურმე ვიღაცას ყვარებია ჩემი შავი უკანალი. იმ მომენტში, თითქოს ადამიანობა დამიბრუნდა.

პირველ დეკემბერს გამოვაცხადეთ, რომ არ გავაპროტესტებდით მერილენდის ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარებული ორი ბიჭის ბრალდებას, რადგან მათთან ეს საკითხი მოგვარებული იყო. ჩემი ადვოკატები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მსუბუქი სასჯელი მელოდა, რომელიც სადღაც 1999 წლის თებერვალში უნდა გამოეტანათ.

ჩემი დაბრუნება რინგზე 16 იანვარს იყო დაგეგმილი. უნდა შევხვედროდი სამხრეთაფრიკელ მოკრივეს ფრანსუა ბოტას, რომელსაც ჰქონდა მეტსახელი "თეთრი კამეჩი". მისი დამარცხება არც ისე იოლი იყო. 1995 წელს, მან მოიგო საერთაშორისო საკრივო ფედერაციის საჩემპიონო ტიტული, მაგრამ, მოგვიანებით გაირკვა, რომ დოპინგზე ჩავარდა და ჩემპიონის ქამარი ჩამოართვეს. შემდეგ მან იჩხუბა ჰოლიფილდთან ჩემი პირველი ბრძოლის ანდერკარდზე, ამას მოჰყვა შესანიშნავი ბრძოლა მაიკ მიურერთან კრივის საერთაშორისო ფედერაციის ტიტულისთვის, თუმცა ბოლო რაუნდში ნოკაუტში აღმოჩნდა. ასე რომ, მის მიმართ ზერელე დამოკიდებულება არ უნდა მქონოდა.

ბრძოლამდე ოთხი დღით ადრე, ლას ვეგასში ჩავედი ტელევიზიებისთვის და რადიოებისთვის ინტერვიუების მისაცემად. ჩემი პირველი ინტერვიუ რას ზალცბერგთან იყო ნიუ იორკის მეცხრე არხისთვის.

- მაიკ, "ექვსი ერთზე" კოეფიციენტით თუ ვიმსჯელებთ, ბოტას იოლად დასამარცხებელ მოკრივედ აღიქვამენ. მცირე შეშფოთება ხომ არ გაქვთ მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით? - მკითხა მან.
- ციფრებზე და ფსონებზე არაფერი ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ვაპირებ ამ ნაბიჭვრის მოკვლას.

- კარგი, - თქვა მან ოდნავ შეშინებულმა. - თქვენ რინგზე ყოველთვის შემოგაქვთ ბევრი მრისხანება. ეს გეხმარებათ თუ ხანდახან ხელს გიშლით?
- რა მნიშვნელობა აქვს? ნებისმიერ შემთხვევაში ვიჩხუბებ.

- მაგალითად, გავიხსენოთ, რომ მრისხანებამ ევანდერ ჰოლიფილდთან ბრძოლაში ცუდი სამსახური გაგიწიათ.
- ყველაფრის დედაც...! ეს ხომ ბრძოლაა! ეს ჩხუბია! ასე რომ, რაც ხდება, ის უნდა მოხდეს.

- მაიკ, სულ ასეთ სტილში ლაპარაკს აპირებთ?
- ვლაპარაკობ ისეთი მანერით, როგორითაც მინდა. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, უბრალოდ, მოიშორეთ თავიდან.

- იცით რა, ვფიქრობ, ამ დისკუსიას პირდაპირ ახლა დავასრულებთ, - თქვა რასმა.
- ძალიან კარგი! შენი დედაც!

- ყველაფერი გასაგებია. წარმატებული ბრძოლა, მაიკ.
- ნაბიჭვარო!

- კარგი ბიჭი ხარ, მაიკ!
- წადი, შენი!

ნაწილობრივ, ასე აგრესიულად იმის გამო ვიყავი განწყობილი, რომ ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე აღარ ვიღებდი ზოლოფტის ყოველდღიურ დოზას.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული