მართლა არ მომწონდა ეს ციხე. მერჩივნა უკან, ინდიანაში გავეგზავნე. ამ ციხეში არ მყავდა არავინ, ვისთანაც შეიძლებოდა ურთიერთობა, ვინც სურსათით ან რაიმე ნივთებით მომამარაგებდა ან გოგონებს მომიყვანდა. ჯერ ისევ გამოსაცდელი ვადა მქონდა ინდიანას შტატში, ამიტომაც იოლად მოხერხდებოდა ჩემი იქ გადაყვანა. პრობლემა ის იყო, რომ შეიძლებოდა იქ ოთხი წლით დავრჩენილიყავი წინა განაჩენის ვადის გათვალისწინებით.
ჯიმ ვოილესმა, ჩემმა ადვოკატმა ინდიანას შტატში, დაახლოებით 20-ჯერ იმოგზაურა მერილენდში და უკან
ამის გამო, თავდაპირველად, განვრისხდი. მინდოდა სასამართლოში მეჩივლა მოსამართლის წინააღმდეგ, რომ ინდიანაში დავებრუნებინე, მაგრამ, როცა მერილენდის ციხეში გადამიყვანეს, იქაურობა სულაც არ აღმოჩნდა ცუდი. მონიკამ ჩემთვის კერძების მომზადება დაიწყო და მათი მიღების უფლება მომცეს. რამდენიმე თვეში იმხელა წონა ავკრიფე, რომ სასწრაფოდ დავინტერესდი - შემეძლო თუ არა სარბენ ბილიკზე ან ველოტრენაჟორზე ვარჯიში. და ნება დამრთეს. ციხეში ყოველთვის პრივილეგირებული ნახევრად იდიოტი ვიყავი.
იქ ყოფნისას ფოტოც კი გადამიღეს ჟურნალ "ესკვაირის" გარეკანისთვის. ერთხელ მონიკა მოვიდა ციხეში ჩვენს პატარა ვაჟთან, ამირთან ერთად და ჩვენ ამ ჟურნალში განთავსებული სტატიისთვის გადაგვიღეს.
იზოლატორში სხვა ბიჭებთან ურთიერთობა დავიწყე. იქ რამდენიმე ახალგაზრდა იყო, რომლებიც მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ჩემი იქ ყოფნისას, ორმა მათგანმა თავი ჩამოიხრჩო: ერთი მდიდარი ისრაელელი იყო, მეორე - ზანგი.
ამ უკანასკნელის დასაფლავების ხარჯები მე გავიღე, რადგან მის მშობლებს ფული არ აღმოაჩნდათ. ჩემთვის მძიმე სანახავი იყო, როგორ ჯდებოდნენ ნარკოტიკებზე ახალგაზრდა ლამაზი ბიჭები ღარიბი ოჯახებიდან და შემდეგ რაღაც სისულელეს სჩადიოდნენ, მაგალითად, მკვლელობას სულ რაღაც 100 დოლარის გამო.
როცა ციხიდან გამოვდიოდი, ჩემს შიდა ანგარიშზე 12 ათასი დოლარი რჩებოდა და მოველაპარაკე ციხის ადმინისტრაციას, რომ ეს თანხა იმ ხუთ ბიჭს შორის გაეყო, რომლებიც ჩემთან ერთად ისხდნენ იზოლატორში. ისინი სულაც არ იყვნენ მაგარი ბიჭები. უბრალო ბავშვები, რომლებსაც არ ჰქონდათ ფული და სახლი, სადაც დაბრუნებას შეძლებდნენ.
ამ იზოლატორში დონ კინგივით გავხდი. სხვა ბიჭები ჩემი ზედამხედველების დახმარებით მიგზავნიდნენ წერილებს და მათი პრობლემების განხილვას მთხოვდნენ. ზედამხედველი მოდიოდა ჩემთან და მიყვებოდა ბიჭზე, რომელსაც რაღაც პრობლემა შეექმნა და მე მას ვუგზავნიდი წერილს თხოვნით - დამშვიდებულიყო.
მერილენდის ციხეში არც ისე ბევრი მნახველი მყავდა. მოდიოდა მონიკა, კრეიგ ბუგი, გაჩნდა ახალი რამდენიმე მეგობარი. ერთხელ ჩემი იამაიკელი მეგობარი გოგონა ლიზა მესტუმრა. მან თავისი სახელი მნახველების სიაში დაწერა, რამდენიმე საათის შემდეგ კი მონიკა მოვიდა, ლიზას სახელი დაინახა და სკანდალი მომიწყო. კარგია, რომ ჩვენ შორის შუშის ფანჯარა იყო.
მაგრამ მნახველებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება, რა თქმა უნდა, ჯონ კენედი-უმცროსმა მიიპყრო. ერთ დღეს, საღამოს მესტუმრა. როცა ეს ფაქტი გამჟღავნდა, ციხის გარეთ ათობით საინფორმაციო ბრიგადამ მოიყარა თავი, შიგნითაც ხალხმრავლობა იყო. ვაიძულე ჯონს, იზოლატორის ყველა დანარჩენ პატიმარს მისალმებოდა: "ეი, მოეხვიეთ დედათქვენს ჩემ მაგივრად! აკოცეთ ბავშვებს!" დიდი დონის როლს ვთამაშობდი.
მე და ჯონმა ნიუ იორკში გავიცანით ერთმანეთი. ქუჩაში შევხვდი და მან თავისთან ჟურნალ "ჯორჯის" (ჯონ კენედი-უმცროსმა 1995 წელს შექმნა საკუთარი ჟურნალი "ჯორჯი" ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ) ოფისში მიმიწვია. მომხიბვლელი ადამიანი იყო, ღრუბლებში არ დაფრინავდა, მანჰეტენზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ხშირად იყენებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. როცა ჩემ სანახავად მოვიდა, მაშინვე მითხრა:
- მთელი ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო ამ შეხვედრის. ამიტომაც, როცა მათ ნახავთ და ისინი გეტყვიან: "გამარჯობა!" - ზუსტად გეცოდინებათ მათი განწყობა.
უშუალოდ ჩემთან მოსვლამდე, ჯონს ერთ-ერთ ბიძაშვილთან უსიამოვნება შეემთხვა, რადგან მის ნათესავს სექსი ჰქონდა ბავშვის მომვლელთან.
- ჩემი კუზენი - უბრალოდ, ნაძირლობის განსახიერებაა, - თქვა ჯონმა.
- რაც არ უნდა მოხდეს, არ გამოთქვათ პუბლიკის წინაშე თქვენი უპატივცემულობა. ასე მოქცევა არ შეიძლება, რადგან მათ სწორედ ეს უნდათ. მუდმივად ცდილობენ გაგტეხონ და არარაობად გაქციონ, - ვუთხარი მას. - შეგიძლიათ ოჯახის წევრები ლანძღოთ, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრეში, კერძო საუბარში. არასოდეს არ გააკეთოთ ეს საჯაროდ.
საკმაოდ დიდხანს ვსაუბრობდით კენედების ოჯახზე, განსაკუთრებით, მის ბაბუაზე. როგორც ჩანს, მაინცდამაინც ბევრი არ იცოდა მის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის არ ასწავლიდა თავის ვაჟებს ბიზნესის მართვას:
- ჩემს ოჯახში არავინ იცის ბიზნესის მართვა, ამიტომაც ყველანი პოლიტიკაში წავიდნენ. ის ყველას გვანებივრებდა.
ვეჭვობ, სწორედ ამიტომაც შექმნა საკუთარი ჟურნალი, რათა შეესწავლა საქმის პრაქტიკური მხარე. მოეჩვენა, რომ ცხოვრებაში არაფრისთვის მიუღწევია და ეს იყო ერთადერთი, რაც იმედს აძლევდა, რომ წარმატებული იქნებოდა.
ცოტა ჩემს საქმეზეც ვილაპარაკეთ.
- მომისმინე, ვიცი, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქ აღმოჩნდი, ისაა, რომ შავი ხარ, - მითხრა მან. ამით მიმანიშნა, რომ აცნობიერებს - რა დროში ვცხოვრობთ.
რაღაც მომენტში, პირდაპირ ვუთხარი: "კარგი იქნებოდა, პოლიტიკურ პოსტზე გეყარათ კენჭი".
- რა? - ოდნავ დაიბნა. - ასე ფიქრობთ?
- თქვენ არ გაუმართლეთ მოლოდინი დედაჩემს, მის მშობლებს. ისინი ჯერ კიდევ ბავშვს გიცნობდნენ. არ უნდა დაუშვათ, რომ დაკარგული თაობა, რომელსაც თქვენი ოჯახის სჯეროდა, იმედგაცრუებული დარჩეს თქვენით. ჩემზე არ არის ლაპარაკი. ჯანდაბა, მე გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, მაგრამ თქვენ მოტყუებული არ უნდა დატოვოთ ეს ხალხი. მამათქვენი და ბაბუთქვენი მათი იმედი იყო და ახლა ისინი თქვენზე ამყარებენ იმედებს, რადგან მათი ოჯახიდან ხართ, - ვთქვი მე.
არაფერი მიპასუხა. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ შევიშალე.
"ზანგო, რა გინდა? სულ გააფრინე? რისთვის ცხოვრობ? მხოლოდ ერთი რამისთვის ხარ დაბადებული. ყველა ოცნებობს გამოგიყენოს, მეგობარო. ეს მძიმე ტვირთია, მაგრამ თუ უკმაყოფილო ხარ, სხვა დედა და მამა უნდა გყოლოდა".
მისგან დიადი პოლიტიკოსი გამოვიდოდა. მართლა ზრუნავდა ადამიანებზე. ამაზე მეტყველებდა მისი ურთიერთობა ადამიანებთან, როგორ იჭერდა იმათ მზერას, ვისაც საერთოდ არ იცნობდა. არ ეშინოდა, რომ საზოგადოებრივ ადგილებზე ვინმე იცნობდა: ის იქ ჩნდებოდა ამა თუ იმ პრობლემის განსახილველად. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ბიჭი იყო.
იმ საღამოს დაღლილი ჩანდა. მითხრა, რომ ბევრი ყავის დალევა მოუწევდა, რადგან იმავე ღამეს უკან, ნიუ იორკში ბრუნდებოდა. ის აქ თავის პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად ჩამოფრინდა.
- არა, მეგობარო, უმჯობესი იქნება, ჩემთან სახლში დაისვენოთ. გაემგზავრეთ მონიკასთან და ბავშვებთან, - შევთავაზე მე. - გიჟი უნდა იყოთ, რომ ახლა თვითმფრინავით სადმე გაემგზავროთ.
- თქვენ არ იცით, როგორ ვგრძნობ თავს იქ, ჰაერში. ისეთი თავისუფალი ვარ! - მითხრა მან.
- იქ, ჰაერში იდიოტად უნდა გრძნობდეთ თავს, თუ ვერ აცნობიერებთ, რას სჩადიხართ. თუ უნდა იფრინოთ, ჯანდაბა, ეს მარტომ გააკეთეთ. თან ნუ წაიყვანთ იმას, ვინც გიყვართ.
არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ საღამოს ჩემს სახლში წავიდა და შემდეგ მონიკამ მისი სიტყვები გადმომცა:
"მაიკმა მითხრა, რომ იდიოტი ვიქნებოდი, თუ გავფრინდებოდი. ის ხომ მოტოციკლით ავარიაში მოყვა".
ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთად გავერთობოდით. მან სხვა ქალები ახსენა და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ცოლთან ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა.
- როცა გათავისუფლდებით, ცოტა დრო მომეცით, რამდენიმე საკითხი მოვაგვარო ჩემს ცოლთან. ამის შემდეგ შეგვეძლება გართობა. ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ ასპენში (ქალაქი კოლორადოს შტატში. ცნობილი სათხილამურო კურორტი, სადაც უძრავი ქონება აქვთ პოლიტიკურ მოღვაწეებს, სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავებს).
- ასპენი? - მკითხა მან. - ასპენში ზანგები არ არიან. იქ არავინ შემიყვარებს.
- ჰმ. იქ დადის ლინ სუონი (ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე, სპორტული კომენტატორი, მოგვიანებთ, პოლიტიკური მოღვაწე; აფროამერიკელი) - თქვა ჯონმა.
- მაგრამ ლინ სუონი ზანგი არ არის, - დავაზუსტე მე.
- დიახ, მართალი ხართ, - აღიარა მან.
რა თქმა უნდა, ჩემი გათავისუფლების საქმეში დახმარება ვთხოვე. უკვე ოთხი თვეა ციხეში ვიყავი. მიმაჩნდა, რომ ეს სავსებით საკმარისი იყო. ჯონის ერთ-ერთი ბიძაშვილი, რიჩარდ ფრენსის კენედის უფროსი ქალიშვილი კეტლინ კენედი-თაუნსენდი იმ დროს მერილენდის შტატის ვიცე-გუბერნატორი იყო.
- გამომიყვანეთ აქედან, - ვთხოვე მე. - სთხოვეთ იმ თქვენს ბიძაშვილს.
- მაიკ, საერთოდ არ ვიცნობ მას, - მიპასუხა მან.
შესაძლოა, საკმარისი გამოცდილება ჰქონდა იმისთვის, რომ ზედმეტი არ ელაპარაკა პაემნების ოთახში.
- თქვენ მას არ იცნობთ? ჯანდაბა, რას გულისხმობთ? თქვენ ხომ ერთად თამაშობთ ფეხბურთს ჰიანის-პორტში?!
გაიღიმა და გავიდა. მაშინვე პრესა შემოეხვია.
- მე აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემს მეგობარს მხარში ამოვუდგე, - უთხრა მათ ჯონმა. - მაიკი სულ სხვა ადამიანია, ის მკვეთრად განსხვავდება იმ იმიჯისგან, რომელიც საზოგადოებაში შეიქმნა. ის ადამიანია, რომელმაც მართლაც ძირფესვიანად შეცვალა თავისი ცხოვრება და შესწევს უნარი, ამ გზას არ გადაუხვიოს. იმედი მაქვს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლისა და ამ სიტყვების შემდეგ ყველა დაიჯერებს ჩემს ნათქვამს. მაიკს რთული ცხოვრება ჰქონდა.
შემდეგ ლიმუზინში ჩაჯდა და ჩემთან სახლში წავიდა ყავის დასალევად. ჯონ-ჯონის (ჯონ კენედი-უმცროსის მეტსახელი) ვიზიტიდან ცოტა ხანში, უცებ ციხიდან გამოვედი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"