უკან ციხეში არ შემაბრუნეს ერთ-ერთი საუკეთესო იურისტის წყალობით, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. მას დეროუ სოლი ერქვა. ის მოდაზე ჩაცმული ებრაელი იყო, ყოფილი "მწვანე ბერეტი" (აშშ-ის დივერსიულ-დაზვერვითი განყოფილების სამხედრო მოსამსახურე). მაგარი ბიჭი სულაც არ გახლდათ, მსხვილი იყო, მაგრამ არა დაკუნთული.
ერთმანეთს დავუახლოვდით. დეროუ მართლაც მოხერხებური ბიჭი აღმოჩნდა მემარცხენე აზრებით. მაშინ, ასეთი ტიპის ადამიანები "სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულ საბჭოში" (აშშ-ის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია,
მან მითხრა, რომ მამამისი თეთრი არიული რასის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოკლა, მაგრამ ის ამ რასის წარმომადგენლებს იცავდა. ჩვეულებრივ, დეროუ დაკავებული იყო შავი ბიჭების საქმეებით, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ სიკვდილმისჯილები. და მათგან ფულსაც არ იღებდა, არადა, ამაზე დროის ნახევარი ეხარჯებოდა. შესანიშნავი ადამიანი იყო.
მას ფინიქსში იურისტებთან კავშირები ჰქონდა და მრავალი წლის განმავლობაში მეხმარებოდა იქ მთელი ამ ნაგვის გაწმენდაში. ერიკა - ჩემი ოფიცერი პირობითი სასჯელის განყოფილებიდან, მაიძულებდა გამეგრძელებინა საზოგადოებრივი სამუშაოები, მაგრამ ორ ადგილას უარი განაცხადეს ჩემს მიღებაზე. ამიტომაც, ორჯერ ტელეფონში დავუყვირე. თუმცა დეროუმ დააწყნარა ის, აუხსნა, რომ ჩემი ცუდი საქციელის მიზეზი იყო "მედიკამენტოზური ხასიათის" პრობლემები.
"კარგი ამბები მაქვს. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, ერიკა დათანხმდა ამოეშალა მაიკის სიტყვიერი შეურაცხყოფა ხელმძღვანელობისთვის შედგენილი ანგარიშიდან. მან ეს იმის გათვალისწინებით გააკეთა, რომ მაიკმა ბოლო შეხვედრისას ბოდიში მოუხადა", - დაწერა დეროუმ ჩემი გუნდისთვის შედგენილ ანგარიშში.
ჩემი ინგლისელი პრომოუტერები შეშფოთებულნი იყვნენ "ლეოპარდის" სტრიპტიზიორის სარჩელის გამო. გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით ცუდი დასკვნა რომ მქონოდა, სავსებით შესაძლებელია, ლუ სავარეზესთან ბრძოლისთვის ბრიტანეთში დაბრუნების უფლება არ მოეცათ.
იქ 16 იანვარს უნდა წავსულიყავი, მაგრამ ნიუ იორკში დავბრუნდი, რადგან 10 ივნისს მოკლეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი დერის ბაუმი. მას "მკვლელს" ეძახდნენ, მაგრამ მე ძველი მეტსახელით მივმართავდი - "გულიანი პატარა ბიჭი". ვერ იტანდა ამ მეტსახელს, რადგან მისთვის საძულველი იყო ყველაფერი, რასაც შეეძლო მასში სირბილე და გულჩვილობა გამოეწვია.
დერისი ჩემი რაიონიდან იყო, მას ჰქონდა ქუჩის ცუდი ბიჭის სახელი და დიდება, რომელიც სხვებს ჩაგრავდა. მუდმივად ვხედავდი ჩვენი რაიონის მაგარ ბიჭებთან. ისინი ნამდვილი ბანდიტები იყვნენ, დერისი კი სულ მთლად ბავშვი, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი იყო მათ შორის.
მას "მკვლელი" დაარქვეს იმიტომ, რომ 12 წლის ასაკში, ნოკაუტის ოსტატი გახდა. ვიღაცას ქუჩაში მიუახლოვდებოდა, ერთი დარტყმით ძირს აგდებდა და შემდეგ სამკაულს ხსნიდა ან ქურთუკს ხდიდა. 1986 წელს, ექვსი წლით მოხვდა ციხეში ძარცვისთვის. საპყრობილეში მოურჯულებელი იყო და ორი ვადა მოიხადა. ბოლოს და ბოლოს, 1999 წლის 31 დეკემბერს გაანთავისუფლეს. გამოსვლის შემდეგ, გარკვეული თანხა გამოვუყავი, ძვირადღირებული "როლექსი", სამკაული და "მერსედეს-ბენცი" ვუყიდე. აგრეთვე, სამსახური შევთავაზე პირად მცველად. მინდოდა ქუჩისთვის მომეშორებინა და სწორ გზაზე დამეყენებინა.
- ჩემთან იყავი, - ვუთხარი მას. - დაანებე თავი ამ სანაგვეს. ერთად შეგვიძლია ფულის კეთება.
- მაიკ, არ ვაპირებ შენგან ამ ფულის მიღებას, - მიპასუხა მან. - ძალიან ბევრ ადამიანს აუღია შენგან ფული.
ის მთელი შეგნებით ბანდიტი იყო. სწორედ ასე უნდოდა ცხოვრება. შემჩნეული იყო ორი კონკურენტი ბანდის ომში. დავა ნარკოტიკებს უკავშირდებოდა და ციხიდან გამოსვლიდან ექვსი თვის თავზე, იარაღით გამოასალმეს სიცოცხლეს. ნამდვილი სიგიჟე არ არის? ჩემი ყველა ძველი მეგობარი ან მოკლეს ან თავად შემოაკვდათ ვინმე. ისინი ნორმალური ადამიანები იყვნენ, მაგრამ ნარკოტიკებსა და სექსზე შეჯდნენ - და სიკვდილი. მთელი ჩემი ცხოვრება სწორედ ასეთი იყო - განუკითხაობა.
დერის ბაუმის დაკრძალვის თანხა მე გადავიხადე. ბრუკლინში იჯარით ავიღე დიდი იტალიური დარბაზი და კიდევ სამი ოთახის დამატება დამჭირდა, რადგან უამრავი ადამიანი მოვიდა მასთან გამოსათხოვებლად.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინგლისში ბრძოლაზე უხასიათოდ გავემგზავრე. დიდი სურვილი არ მქონდა. ლონდონში ჩასვლის შემდეგ, ჩემი რუსი გოგონას ძებნა დავიწყე, მაგრამ ის უკვე განთავისუფლებული იყო მაღაზია "გრაფ დაიმონდზიდან". როგორც აღმოჩნდა, ჩემს პრომოუტერს ფრენკ უორენს არ გადაუხდია იმ სამკაულებისთვის, რომელიც ჩემთვის შეიძინა. ყველაზე ცუდი ის იყო, როს "გრაფ დაიმონდზი" ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებდა. განვრისხდი. განებივრებული, საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭი ვიყავი, ასე რომ, უორენს ეს ძვირად დაუჯდებოდა.
ჩემს მწვრთნელს ტომ ბრუქსს ვუბრძანე, უორენისთვის გადაეცა, რომ ჩემს ნომერში შემოსულიყო.
საერთო შეფასებით, უორენს ისეთივე განგსტერის რეპუტაცია ჰქონდა, როგორც დონ კინგს. მან დააშინა და დაიმორჩილა ყველა ევროპელი მოკრივე, ამიტომაც, როცა ჩემთან მოვიდა, ზედმეტად ქედმაღალი და თავდაჯერებული იყო.
- თქვენ არ გადაიხადეთ იმ სამკაულების ფული, რომელიც ჩემთვის შეიძინეთ, - ვთქვი მე. - შემთხვევით, დონ კინგი თქვენი მეგობარი ხომ არ არის?
- დიახ, - მიპასუხა მან ქედმაღლურად.
- და დონს არ უთქვამს თქვენთვის - რა მოხდა მაშინ, როცა ჩემს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა?
- დიახ, მომიყვა, როგორ დაამუშავეთ ის.
- და არ ანერვიულდით, როცა ამას გიყვებოდათ? არ შეგეშინდათ?
- არა, - მიპასუხა ზიზღით.
დღეს მართლაც კანონმორჩილი ბიჭი ვარ, მაგრამ იმ დროს, თუ ვინმე ჩემი მისამართით უხეშობდა, საქმე ანგარიშის გასწორებით სრულდებოდა. ლაპარაკი არ იყო კრიზისული სიტუაციის დიპლომატიური გზით გამოსწორებაზე. ჩემი კითხვების შემდეგ მისი ასეთი საქციელი მიუღებელი იყო. პირდაპირ სახეში მიყურებდა და მეუბნებოდა: "არა", სინამდვილეში კი ეს ნიშნავდა: "ამერიკაში ხომ არ გგონია თავი, ბინძურო ზანგო".
მისი ცემა მომიწია. პირველი დარტყმით ყბა გავუტეხე. როცა დაეცა, ფეხი მივაყოლე და ნეკნი გადავუტეხე. შემდეგ მაგიდიდან პრეს-პაპიე ავიღე, სახეში ჩავარტყი და თვალის ბუდე გაუტყდა. შემდეგ ფანჯარასთან მივათრიე და ქუჩაში ვაგდებდი. პატიების თხოვნა იკადრა.
- ახლა აღარ ხარ ასეთი მაგარი, არა, ნაბიჭვარო?
ისევ იატაკზე დავაგდე.
- მიხვდი, რომ ჩემთან ასე ლაპარაკი და მოქცევა არ შეიძლება? - დავუყვირე. - გაიხადე, შენი დედაც! ბოლომდე!
- არა! - შემევედრა ის.
თავში ფეხი ჩავარტყი.
- ხომ მცემეთ, ეს საკმარისი არ არის? - აქვითინდა ის.
- როცა ანგარიში არ გადაიხადე, ასე არ ფიქრობდი, არა? გაიხადე, ახლავე!
ოდნავ გონს მოვიდა, ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გავარდა. გავეკიდე, მაგრამ წინდებით ვიყავი და ფეხი მისრიალებდა. შეძლო გაქცევა. გაცოფებული ვიყავი.
შოტლანდიაში ჩასულს, ხასიათი გამომიკეთდა. ბრძოლა გლაზგოში იგეგმებოდა და ჩემს საპატივცემულოდ, უბრალოდ, გრანდიოზული და გამაოგნებელი მიღება მოაწყვეს. ბრძოლის წინ, კოკაინს ვყნოსავდი და მარიხუანას ვეწეოდი. კოკაინის მხრივ, პრობლემა არ ყოფილა, რადგან ის მაშინვე გამოდიოდა ორგანიზმიდან.
რაც შეეხება მარიხუანას, რომელიც გარკვეული ხანი რჩება ორგანიზმში, აქ იძულებული ვიყავი მიმემართა ჩემი ჰიდროექსტრაქტორისთვის, ანუ ხელოვნური პენისისთვის, რომელშიც ასხამდნენ სხვის სუფთა შარდს, რათა ნარკოტიკზე დოპინგ-ტესტი გამევლო.
ბრძოლის წინ ძლიერ კაიფში ვიყავი. ჩამაცვეს კილტი და ბრბოს "მერსედეს-ბენცის" სახურავზე ამძვრალმა მივესალმე. დავხტოდი მანქანაზე და ვყვიროდი: "ჩემპიონი! ჩემპიონი!" - ყველა გაგიჟებული იყო. მომიახლოვდა ვიღაც გერმანელი და მითხრა, რომ ეს გერმანული ავტომობილია. ამით მან ჩემი მოხიბვლა სცადა იმ ინფორმაციით, რომ ეს ძვირადღირებული ავტომობილი იყო.
- შეიძლება გაგიჟდე! - წამოვიყვირე მე. - აი, ასე ექცეოდით იმ ფულს, რომელიც ებრაელებს მოპარეთ! ავტომობილები იყიდეთ!
არ უნდა მეთქვა ეს. იმ მომენტში საზიზღარ პოლიტიკოსს ვგავდი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"