მატყუარა ქალბატონმა ვონდა გრეივსმა განაცხადა, რომ 1990 წელს ის გავაუპატიურე და სწორედ მე ვარ მისი ვაჟის მამა. საქმის წარმართვა საკუთარ თავზე აიღო ადვოკატმა რაულ ფელდერმა - იმ ნაბიჭვარმა, რომელიც, თავის დროზე, რობინ გივენსს ეხმარებოდა. ფელდერი, რომ შეძლებდა "მაიკ ტაისონის კიდევ ერთხელ დამარცხებას". ორივემ ხმა ჩაიგდო, როცა დნმ-ის ტესტის შედეგები მოვიდა. გამოირიცხა, რომ მე ვონდას შვილის მამა ვიყავი.
თუმცა იმ დროს ანგელოზი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ასე მაგალითად, ივნისში ვსტუმრობდი
ნება მომეცით, აგიხსნათ ერთი რამ ჩემს შესახებ. როცა ღამით ან ადრე დილით კაიფში ვარ, უმჯობესია ჩემთან საქმე არ დაიჭიროთ. ბოროტი ვხდები და შარზე ვარ. ხასიათების მკვეთრი ცვალებადობა მახასიათებს, როგორც ეს დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის ისტორიაშია.
მაშ ასე, ორი პუერტორიკოელი მომიახლოვდა და ავტოგრაფი მთხოვა. გინებით ვცადე მათი მოშორება.
- ზედმეტი არ მოგივიდეს, - მითხრა ერთ-ერთმა. - პისტოლეტები გვაქვს, შენ კი მხოლოდ მუშტები.
კოკაინის ზემოქმედების ქვეშ რომ არ ვყოფილიყავი, არაფერი მოხდებოდა. მაგრამ კაიფში ვიყავი, ასე რომ, ისინი ჯერ ჰოლში შევაგდე, შემდეგ ესკალატორით ზემოთ ავიყვანე. როგორც კი ბოლო კიბე ავიარეთ, პირველივე დარტყმით ერთ-ერთი ნოკაუტში ჩავაგდე. მეორე ბიჭი რეგისტრაციის დახლის უკან დამალვას ცდილობდა, მაგრამ იქიდან გამოვათრიე და დავარტყი. ის სასტუმროს დაცვამ გადაარჩინა.
ჩხუბი ჩემი შეცდომა იყო. ჩემს წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის ბრალდება უნდა წამოეყენებინათ, იმ ბიჭების წინააღმდეგ - მუქარის ბრალდება. იძულებული გავხდი, მომდევნო დღეს სასამართლოში წავსულიყავი. იქიდან დაბრუნებულმა, დეივსა და ზიპს პოლიციის სქელი დოსიე ვუჩვენე, რომელიც თან ერთვოდა სასამართლოს ოქმებს.
- ისინი ნაბიჭვრებად დაიბადნენ, - თქვა დეივმა. - უბრალოდ, მათ დოსიეს შეხედე!
- საქმე იმაშია, რომ ეს ჩემი დოსიეა, - შუვესწორე მე.
- მეგობარო, შენთან ერთად ვატარებთ დროს, რადგან ცნობილ ადამიანად მიგვაჩნიხართ, მაგრამ, ახლა, თვალები აგვიხილე, - თქვა ზიპმა. - შენი საპოლიციო დოსიე ჩვენზე უარესია, ზანგო.
იმ დროს ერთი დღით ვცხოვრობდი. დავიღალე იმ ნაგვისგან, რაც ჩემს გარშემო იყო. არ მქონდა შეგრძნება, რომ ჩემს გუნდში არსებობდა ვინმე, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი. დავიღალე მათი ცბიერი მცდელობებით - მოეპოვებინათ ძალაუფლება ჩემს ბანაკში. ამიტომაც, მთელი ჩემი მმართველი გუნდი დავითხოვე.
ასე რომ, დამრჩა მხოლოდ შელი იმისთვის, რომ რაღაცნაირად დაეგეგმა ჩემი კარიერის დარჩენილი ნაწილი. ჩემს კონტრაქტში ცალკე პუნქტად ეწერა მატჩ-რევანში ლენოქს ლუისთან, რომელსაც ჰქონდა გეგმაში ჩემთან მეორედ შეხვედრა კარგი ჰონორარის მისაღებად. მაგრამ, მე სულაც არ მინდოდა მეორედაც მისგან ნაცემი დავრჩენილიყავი. კარგ ფორმაში რომ ვყოფილიყავი, მოტივაცია რომ მქონოდა, ეჭვგარეშეა, შევძლებდი მის დამარცხებას. მაგრამ კრივი აღარ მაინტერესებდა. მხოლოდ ნარკოტიკები მინდოდა.
ამიტომაც, შელი და ლენოქს ლუისის ხალხი მოვიდნენ წინადადებით - მონაწილეობა მიმეღო ლუისის მომავალი ბრძოლის "გახურებაზე". ასე გამომაცხადეს "ექს-სახელგანთქმულად". მაგრამ უარი ვთქვი გასახურებელ ბრძოლაზე, რადგან ეს ჩემთვის შეურაცხყოფა იქნებოდა.
ამ უარის შემდეგ, ფულის მიღების ბოლო იმედად რჩებოდა სარჩელი დონ კინგის წინააღმდეგ. იმ დროისთვის ჯეფ ვალდმა უკვე იცოდა, რომ დონთან შეხვედრები მქონდა და განრისხებული იყო ამის გამო. მან მითხრა, რომ დონი ბოლო მომენტამდე გაწელავდა ყველა სასამართლო სარჩელს, რაც მის წინააღმდეგ იყო აღძრული და შემდეგ, ყველაფერს მოაგვარებდა.
ჯეფი და დეილ კინსელა მეუბნებოდნენ, რომ შეგვეძლო დაახლოებით 60 მილიონის სანაცვლოდ, უარი გვეთქვა ჩვენს პრეტენზიებზე. თან უკან დავიბრუნებდი ჩემი ბრძოლების ჩანაწერების კოლექციას, რომელიც მრავალი წელი ჩემთვის ერთგვარი საბანკო დეპოზიტი იქნებოდა. როგორმე სასამართლომდე უნდა გამეტანა თავი, რომელიც სექტემბრისთვის იყო დანიშნული.
მაგრამ, ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმდენად კატასტროფული იყო, რომ ახლო მეგობრები მირჩევდნენ - თავი გაკოტრებულად გამომეცხადებინა. იმ დროს, მე და ჯეკი დავუახლოვდით ჯიმი ჰენჩმენს - რეპ-მეწარმეს, რომელიც ოლიმპიური თამაშების სარეკლამო აქციებში მონაწილეობდა და კომპანია "ცარ ენტერტეინმენტის" გენერალური დირექტორი იყო. ჯიმიმ მოიყვანა ბარი ჰენკერსონი, ხმის ჩამწერი სტუდიის რეჟისორი, აგრეთვე ტონი ბრექსტონისა (ამერიკელი მომღერალი, "გრემის" ექვსგზის მფლობელი) და არ კელის (ამერიკელი მომღერალი, "გრემის" სამგზის მფლობელი) მენეჯერი. ყველანი მირჩევდნენ - გაკოტრების შესახებ გამომეცხადებინა.
ჰენკერსონმა უთხრა ჯეკის, რომ უნდა გამომეყენებინა გაკოტრების შესახებ აშშ-ის კანონის მე-11 თავი. აი, რით ვიყავი დაკავებული ამ პერიოდში. ჯეკი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ეს საკითხები მაინც და მაინც კარგად არ ესმოდა. არც ერთ ჩვენთაგანს არ ჰქონდა არანაირი წარმოდგენა მსხვილ ფინანსურ ოპერაციებზე ან გაკოტრების პროცედურაზე. ჩვენ უბრალოდ, დროს ვატარებდით და ფულს ვხარჯავდით.
მაშ ასე, დავურეკე ჯეფ ვალდს და ვუთხარი მას, რომ გაკოტრების შესახებ განცხადების გაკეთებას მთავაზობენ.
- არ არის საჭირო ამის გაკეთება, იმ წუთს, როგორც კი გაკოტრების შესახებ გამოაცხადებ, ჩვენ ვერ შევძლებთ სარჩელის გაკონტროლებას. ამას მხოლოდ მოსამართლე გააკეთებს. და სარჩელი ხელიდან გაგვისხლტება, - შეეცადა ის ახსნას.
- და ეს ნიშნავს, რომ საქმეს წავაგებ? - ვიკითხე მე.
- არ უნდა წააგოთ. ამაში ეჭვი არ მეპარება, - მითხრა მან.
მაგრამ მე ასე დარწმუნებული არ ვიყავი. დონის წინააღმდეგ ჩემი პირველი ჩვენების დროს, მუხლებზე ჭიქიდან წყალი დამეღვარა. ახლა კი დონის კოზირი იყო ცემის ინციდენტი ფლორიდაში, რომელიც შეეძლო ჩემს წინააღმდეგ გამოეყენებინა.
ვალდი დარწმუნებული იყო, რომ დონი ყველა ჩემს მეგობართან მუშაობდა, მათ შორის, ჯეკისთან, რათა ჩემზე გავლენა მოეხდინათ და მე გაკოტრების შესახებ გამომეცხადებინა. ის დღეში რამდენჯერმე მირეკავდა და მეხვეწებოდა - არ გამეკეთებინა ეს. მაგრამ, არც მისი გულწრფელობის მჯეროდა.
და როცა გადავხედე ანგარიშების დასტას, რომელთა გადახდაც არ შემეძლო, გადავწყვიტე გაკოტრების შესახებ გამომეცხადებინა. ჰენკერსონმა იურისტი მომიჩინა და პირველ აგვისტოს, ჩვენ შესაბამისი განცხადება გავაკეთეთ.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"