დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
მაშ ასე, წავედი ევროპაში და იქ შესანიშნავი დროც გავატარე. არანაირი დისკომფორტი არ მიგრძვნია. ბევრ ნაცნობს შევხვდი და ისინი ყოველთვის ჩემთან იყვნენ.

ვსაუზმობდი ჯეფის იახტაზე, შემდეგ მის ერთ-ერთ ჰიდროციკლზე ვჯდებოდი და წყალზე ვსეირნობდი. დამინახეს უოლსტრიტელმა (უოლ-სტრიტი - გადატანითი მნიშვნელობით ნიუ იორკის საფონდო ბირჟა, აშშ-ის საფონდო ბაზარი და მთლიანად ამერიკული ფინანსური ოლიგარქია) ბიჭებმა და საკუთარ იახტაზე დამპატიჟეს.

- ეი, ჩვენი იახტა ჯეფისაზე უფრო დიდია, - დაიტრაბახეს მათ. - მოდი ჩვენთან და მაგარ საღამოს მოვაწყობთ.

უარი ვუთხარი. მე ხომ არ ვარ ზანგი იჯარით.
ჯეფი ჩემი მეგობარი იყო. გარდა ამისა, მისი იახტა ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სიგრძეში 150 ფუტს (45.72 მეტრი) აღემატებოდა და გართობისთვის გაცილებით მეტი სივრცე ჰქონდა.

თავდაპირველად, ცოტათი ვნერვიულობდი. მეჩვენებოდა, რომ მაინცდამაინც არ ვგავდი ჯეფის სხვა მეგობრებს.

- ჯეფ, ეს არის სამოთხე თეთრებისთვის. არ ვიცი, რამდენად მოერგება ამ ყველაფერს "სალამ ალეიქუმი", - ვთქვი მე.

ამასობაში, დენიზ რიჩმა (ამერიკელ-ავსტრალიელი მომღერალი და კომპოზიტორი, პოლიტიკური მოღვაწე) შემამჩნია, ჩემთან მოვიდა და თავისი მეგობარი გამაცნო.

ცდილობდა, რაც შეიძლება მალე მოვრგებოდი სიტუაციას. ძალიან ლამაზი, ელეგანტური და დახვეწილი ლედი იყო. და იქ არავის გასჩენია კომპლექსი ჩემ გამო. და მაშინ მივხვდი, რომ იახტაზე მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც კომპლექსები აწუხებდა.

ვიჯექი, ურთიერთობას ვალაგებდი ახალ ებრაელ მეგობრებთან და უცებ ჩვენთან მოვიდა უხეში, თავხედი, უზრდელი და მდიდარი არაბი.

- როცა იმ გოგონამ გაუპატიურებაში დაგადანაშაულათ, ჩემს შვილს 15 მილიონი დოლარის გადახდა და თქვენი ციხიდან გამოყვანა უნდოდა, - თქვა მან. არც კი მომსალმებია: "მისტერ ტაისონ, მოხარული ვარ თქვენი ხილვით..."

- დიდი მადლობა, სერ, - ვუპასუხე მე.
დენიზ რიჩმა ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა:

- ძალიან ვწუხვარ.

როგორ შეიძლება ასეთი ქედმაღლობა?! იქნებ ჩემმა ახალმა მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ ციხეში გაუპატიურებისთვის ვიჯექი? მადლობა, მისტერ "უდაბნოს ჟოკეი" იმისთვის, რომ ასე წვრილმან დეტალებში აუხსენით ყველაფერი დამსწრეებს. მთელი დარჩენილი საღამო ამ არაბთან კონტაქტი აღარ გვქონია.

უფრო სასიამოვნო შეხვედრა მქონდა სენ-ტროპეში. იახტაზე ვიყავი სხვა მდიდარ ებრაელ ბიჭთან და ვუცქერდი ასეთ სცენას - როგორ უყურებდა ჩემი მასპინძელი ახალგაზრდა ებრაელს, რომლის იახტა იქვე ახლოს იდგა. ისინი ერთმანეთს ზანგებივით უყურებდნენ. ხომ იცით, როგორ უცქერენ შავები ერთმანეთს. და შემდეგ ერთ-ერთმა იკითხა:

- ჰარვარდი, 1979 წელი?
- დიახ! მარკოეკონომიკის კურსი?
- დიახ, დიახ! შემთხვევით ხომ არ გინახავთ სინდი ჰაიანის-პორტიდან? (303). მე მას მეორე კურსზე ვხვდებოდი.

და ამ დროს დავინახე დაკუნთული შავი ბიჭი, რომელიც იარაღით ცნობილი საერთაშორისო მოვაჭრის პირადი მცველი იყო. დიდი ხანი ვაკვირდებოდი მას და ვერაფრით გავიხსენე, სად მყავდა ნანახი. ბოლოს და ბოლოს, ჩემთან მოვიდა და მკითხა:

- სპოფორდი, 1978 წელი?
- ჯანდაბა, მართალია! ზანგო, ჩვენ ერთმანეთს იზოლატორში შევხვედრივართ! - გავიხსენე მე.

- დიახ, მე იქ ერთი ბიჭის ცემისთვის მოვხვდი.
- მართალია, ეს შენ ხარ!

სენ-ტროპეს შემდეგ იახტით ბევრგან ვიყავით. მთელი სანაპირო შემოვიარეთ და ყოველ ჯერზე დიდი აჟიოტაჟი იწყებოდა, როცა რომელიღაც ქვეყანაში იგებდნენ, რომ ჯეფის იახტას მაიკ ტაისონი სტუმრობდა.

შესანიშნავი იყო. ვხვდებოდი მეფეებს, დედოფლებს, პრინცებს... მოქმედების სრული თავისუფლება მქონდა, ჩემთვის ყველა კარი ღია იყო. რიგში დგომა არ მიწევდა რომელიმე კლუბში მოსახვედრად. მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში ყოველთვის მელოდა თავისუფალი მაგიდა. უბრალოდ, შთამბეჭდავი სამყარო იყო, რომელშიც ცხოვრება სასიამოვნოა.

გაბრუებული ვიყავი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს არ შეეძლო ჩემს სულში არსებული სიცარიელის ამოვსება. არასოდეს ვაფასებდი რეალურად ჩემპიონის ტიტულს, რომელიც ასე იოლად მივიღე. ბევრი ძალისხმევა დავხარჯე იმის მისაღწევად, საითკენაც ვისწრაფოდი, მაგრამ ეს ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვი და მივიღე.

სიცილიამდეც მივაღწიეთ და იქ წვეულებას ვესტუმრეთ. როცა უკან, იახტაზე ვბრუნდებოდით, ასობით ადამიანი გვაცილებდა. ყველას ჩემი ნახვა და ჩემთან ფოტოების გადაღება უნდოდა.

გავჩერდით სარდინიაზე და ეს სრულიად გამაოგნებელი ადგილი აღმოჩნდა. მიყვარს ისტორია, ამიტომაც სარდინია ყოველთვის მახსენებს ომებსა და ჰანიბალს. აქ იგრძნობოდა წარსულის დიადი ომების ატმოსფერო. მე და ჯეფი ერთ ადგილას მივედით, რომელსაც "მილიარდერების კლუბი" ერქვა. ის ამართლებდა თავის სახელწოდებას: აქ ერთი ბოთლი შამპანური დაახლოებით 100 ათასი დოლარი ღირდა.

- ნუ ინერვიულებთ, დღეს დათრობას არ ვაპირებ, - ვეხუმრე ჯეფს. მაგრამ მაინც გამოგვიგზავნეს რამდენიმე ბოთლი.

სარდინიაზე კავალისთან და ვიქტორია ბექჰემთან (რობერტო კავალი - იტალიელი დიზაინერი; ვიქტორია ბექჰემი - ინგლისელი მომღერალი, მოდელი და დიზაინერი) ერთად ვატარებდი დროს. მან თავის იახტაზე დამპატიჟა, რომელიც ფანტასტიკური იყო:

ფერის შეცვლა შეეძლო. ჯეფის ერთ-ერთ ჰიდროციკლზე ვჯდებოდი და ერთი იახტიდან მეორეზე გადავდიოდი, თან თითოეულზე ვსადილობდი და ალკოჰოლს მივირთმევდი.

სარდინიაზე ერთი უსიამოვნო ინციდენტი შეგვემთხვა. ჯეფის იახტაზე იყო ბიჭი - ჩემი მასპინძლის ინგლისელი მეგობარი. მან იახტაზე ორი ფრანგი გოგონა მოიყვანა და ყველამ კოკაინი დავყნოსეთ. ერთ-ერთი გოგონა ჩემს კაიუტაში სექსისთვის წავიყვანე. შემდეგ გემბანზე ავედი და როცა უკან დავბრუნდი, დავინახე, რომ ის სხვა კაიუტებში დაძვრებოდა. ძლიერ კაიფში ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან გავბრაზდი მასზე. გავიფიქრე:

"ჯანდაბა, რამე რომ დაიკარგოს, მე დამადანაშაულებენ. აქ ხომ ერთადერთი ზანგი ვარ". ამიტომაც თმებში ვწვდი და ვკითხე: "შენი დედაც, რას აკეთებ?" შემდეგ გემბანზე ავათრიე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ხოლო კოკაინის გამო ჩემი ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა. უკვე მზად ვიყავი, გარეთ გამეგდო, როცა ეს შეამჩნია ბიჭმა მეზობელი იახტიდან.

- არა, მაიკ! გაჩერდი! - დაიყვირა მან.

ახლა უკვე ყველა ჩვენ გვიყურებდა. ორივე გოგოს ხელი მოვკიდე და პერსონალს ვუბრძანე, ისინი იახტიდან მიებრძანებინა. ეს არ იყო ჩემი იახტა და ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც შეიძლებოდა ამ გოგონებს ჩაედინათ.

სარდინია დავტოვეთ და უკვე კაპრიდან 100 მილის მოშორებით ვიყავით, როცა პოლიციის კატერი მოგვიახლოვდა. მათ ტყვიამფრქვევი ჰქონდათ და ეს ყველაფერი საკმაოდ საშიში სანახავი იყო.

სანაპირო დაცვის პოლიცია იახტაზე ამოვიდა გოგონაზე ჩემი სავარაუდო თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად. მათ უამრავი ადამიანის დაკითხვა მოუწიათ და როცა ჩემი ჯერი დადგა, სრული სიმართლე მოვყევი:

- ეს გოგონა ჩვენს კაიუტებში ქურდობდა, ამიტომაც ხელი ვტაცე...
- მოიცადეთ! - მითხრა პოლიციელმა დამტვრეული ინგლისურით. - არა, ეს არ არის ის, რაც მოხდა. თავიდან მოყევით.

"ჩავწვდი" მის აზრს და უკვე სწორად გავიმეორე:

- ის კაიუტაში იყო. ქურდობდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და უბრალოდ, იახტიდან გაიქცა. ვერ შევძელი მისი დაჭერა.

- დიახ, მართლაც ასე იყო, - თქვა მან და ჩემი სიტყვები ოქმში შეიტანა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული