დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ერთხელ, მე, ჯეფ გრინი და მერილინი მოსკოვის ცენტრში, რესტორან "ნიუ იორკში" ვსადილობდით.

იქვე ბევრ ცნობილ სპორტსმენს მოვკარი თვალი. და კიდევ, დავინახეთ ერთი ჩეჩენი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენთან ერთად ერთობოდა სენ-ტროპეში. ის ერთ-ერთი სენატორი გახლდათ რუსეთის პარლამენტში ჩეჩნეთიდან.

სენ-ტროპეში და სარდინიაზე საკმაოდ მოკრძალებული იყო, სასიამოვნო და ზრდილობიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ნამდვილი დიპლომატივით იქცეოდა. ამიტომაც, მასთან მისალმება ასე დავიწყე: "ეი, ძმაო...", მაგრამ აქ, მოსკოვში უკვე აღარ ჩანდა იმ სასიამოვნო ადამიანად, რომელიც სენ-ტროპეში გვაწონებდა თავს.

- მაიკ, ის სულაც არ არის ისეთი მეგობრული, როგორც
იახტაზე იყო. რა ჯანდაბა დაგემართა? - წამოიძახა ჯეფმა.

ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. ეს ჩეჩენი ბიჭები იახტაზე საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ ხელს. მათ ასე ვეუბნებოდი: "მე - თქვენი მუსულმანი ძმა ვარ. იქნებ, ცოტაოდენი ფული მომეცით, აქ ცუდად ვგრძნობ თავს".

ფული უამრავი ჰქონდათ, ჩაიზე დიდძალ თანხას ტოვებდნენ. მე კი ფული მჭირდებოდა. უკრაინული არაყის წარმომადგენლებთან გარიგება ამოიწურა და ისინი აღარ აპირებდნენ სასტუმროში ჩემთვის ლუქსის ნომრის ანაზღაურებას.

მაგრამ, არანაირი გართულება არ ყოფილა, როცა სენატორი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა და წინ დაგვიჯდა.

- ჩემთან ერთი მამაკაცია, რომელსაც ძალიან უნდა მაიკთან შეხვედრა, - გვითხრა მან. - ის განსაკუთრებული ადამიანია.

ვუპასუხე: "რა თქმა უნდა!" ავდექით, მაგიდაზე ჩვენი სადილი მივატოვეთ და სენატორს რესტორნის მეორე მხარეს, საბანკეტო დარბაზში გავყევით. მაგიდას მივუსხედით და სადილი გავნაგრძეთ. რამდენიმე წამში კარი გაიღო და ჩეჩნების ლიდერი რამზან კადიროვი შემოვიდა.

ყველაფერი ვიცოდი ჩეჩნეთის ომის შესახებ. რამზანის მამა - აჰმათი ჩეჩნეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საველე მეთაური იყო. და რუსეთიდან გამოყოფის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. ეს იყო სისხლიანი, ძალიან სისხლიანი ომი. რუსებმა აჰმათი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აქციეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ეს ნაბიჯი დაპირისპირებას ჩააცხრობდა. ერთი წლის შემდეგ, ის მოკლეს და ახალ ლიდერად მისი ვაჟი რამზანი აქციეს.

რამზანი კრივის დიდი ფანი იყო და ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა. პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. დაახლოებით 28 წლის იყო, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდა ჩანდა. ცოტა ვისაუბრეთ, რის შემდეგაც ჩეჩნეთში დამპატიჟა. უნდა აღვნიშნო, რომ, როცა ამერიკელები რუსეთში ჩამოდიოდნენ, პირველ რიგში, ასე აფრთხილებდნენ: "ნუ წახვალთ ჩეჩნეთში". 2005 წელს, იქ კვლავაც სახიფათო მგზავრობა.

სანამ ამაზე ვფიქრობდი, დარბაზში ახალგაზრდა, მაღალი და დაკუნთული ბიჭი შემოვიდა. ეტყობოდა, რომ სერიოზულად ვარჯიშობდა. ტყავის შავი ქურთუკი ეცვა და როცა შეიხსნა, აქეთ-იქით დიკიდებული ორი ავტომატური პისტოლეტი გამოუჩნდა. ეს იყო რამზანის ერთ-ერთი პირადი მცველი.

- როგორ ფიქრობთ, ამის შესახებ ვინმეს არიზონაში რომ მოვუყვე, დაიჯერებენ? - ჩავჩურჩულე მერილინს.

რამზანი აგრძელებდა ჩემს დაყოლიებას - უნდოდა მის რესპუბლიკაში ჩავსულიყავი. და მომდევნო დღეს, სადილი მოვაწყვეთ სასტუმრო "ჰაიათში". ეს იყო ჩემი ბოლო დღე ამ სასტუმროში. როცა ჩემი მოსკოვური ცხოვრების პირობებზე მოვუყევი, შემომთავაზეს უზარმაზარ სასტუმრო "რასიაში" გადასვლა, რომელიც თავისუფალი იყო ტურისტებისგან და წითელი მოედნის პირდაპირ მდებარეობდა. მისი მფლობელი რამზანის მეგობარი იყო.

ამ სასტუმროში დაახლოებით ათი ათასი ნომერი იყო. როცა დილით მერილინი ჩემს წასაყვანად მოვიდა, ნახევარი საათი დასჭირდა ფოიედან ჩემს ნომრამდე მისაღწევად.

ამ სასტუმროში გადასვლიდან მესამე დღეს, მერილინმა დილით ისევ მომაკითხა, მაგრამ იქ აღარ დავხვდი. ჰოლში მთელი საათი იცდიდა და ბოლოს, დაიწყო მოუთმენლად რეკვა ჩემს თანაშემწე დერილთან იმის სათქმელად, რომ დავიკარგე. დერილმაც არაფერი იცოდა ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ. მოგვიანებით, მერილინს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა დაურეკა:

- ახლა ვუყურე მაიკს ტელევიზორში. ის ჩეჩნეთშია.

იმ დილით, რამზანთან და მის ესკორტთან ერთად გავემგზავრე. უარს ვერ ვიტყოდი იმ თანხაზე, რომელსაც ისინი მთავაზობდნენ. ჩეჩნეთი საოცარი ადგილი აღმოჩნდა. როგორც კი ჩავედით, ავტომატი გადმომცეს. ძალიან ვნერვიულობდი.

საერთოდ, სროლისა და იარაღის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ იძულებული ვიყავი, იქაური წესები მიმეღო. იმის გამო, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობის უმრავლესობას მუსულმანები შეადგენენ, მე კუფია (მამაკაცის თავისთვის განკუთვნილი ცხვირსახოცი, დამახასიათებელი არაბული ქვეყნებისთვის. მუსულმანის გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი. იცავს თავსა და სახეს მზისგან, ქვიშისგან, ქარისგან და სიცივისგან) მომცეს და ისლამური სახელი დამარქვეს - მალიქ აბდულ აზიზი, რაც არაბულ ენაზე ნიშნავს - "მეფე და ყოვლისშემძლის მსახური".

მე უფრო მომწონდა, როცა, უბრალოდ, აბდულს მიწოდებდნენ. თუ აბდული არა, მაშინ მაიკი. მთელს ჩეჩნეთში წარმადგენდნენ, როგორც ისლამის გმირს. სადაური გმირი მე ვარ. უბრალოდ, გამოუსწორებელი კოკაინისტი ვიყავი!

ჩეჩნეთში, ფაქტობრივად, პირველყოფილი კულტურა სუფევდა. რუსეთთან ომების შედეგად, ნახევარი ქვეყანა გადამწვარი იყო. იქ, სადაც მე ვიყავი, თითქმის არ მინახავს მაღაზია. იყო მხოლოდ მიწა და მეტი არაფერი, არანაირი შენობა. მერილინმა შემდეგ მითხრა, რომ ნერვიულობდა ჩემს გამო, რადგან მეამბოხეების ნაწილი რამზანის რეჟიმის წინააღმდეგი იყო. მაგრამ, ვინმეს ჩემთვის სხვანაირად რომ შეეხედა, პირადი მცველები მას გვერდზე გახედვას აიძულებდნენ.

საფეხბურთო სტადიონზე ხალხის წინაშე გამოვედი. მათ მიერ მოწყობილი გართობის არსი შემდეგში მდგომარეობდა - უნდა მეყურებინა როგორ დადიოდა ვიღაც მოტოციკლის უკანა ბორბლით იველ კნიველის (ამერიკელი კასკადიორი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოტოციკლზე რისკიანი ილეთების წყალობით მოიპოვა) სტილში.

ასეთი იყო მათი კულტურის დონე! მაგრამ, როცა ასეთ რამეებს მიჩვენებდნენ, ყოველთვის ვამბობდი: "შესანიშნავია!" ამ მგზავრობიდან ამგვარი გაკვეთილი მივიღე: საშუალება უნდა მისცე ადამიანებს იგრძნონ, რომ ისინი არიან მთავარნი. არ მქონდა არავისთან კონფლიქტში შესვლის სურვილი.

ჩემი მთავარი მისია შემდეგში მდგომარეობდა - მონაწილეობა უნდა მიმეღო ოთხდღიანი ეროვნული საკრივო ტურნირის გახსნაში, რომელიც რამზანის მამის საპატივცემულოდ იყო ორგანიზებული.

- მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რომლის შესახებაც ამდენი წამიკითხავს და გამოგონია, - ვუთხარი შეკრებილებს. - მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მუსულმანებს შორის. ჩვენ ტელევიზორში ვუყურებდით გადაცემებს არასამართლიანი ომების შესახებ, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იწარმოებოდა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ამერიკაში ვლოცულობდით იმისთვის, რომ ეს ომი დასრულებულიყო.

იმავე დღეს, გვიან საღამოს დავბრუნდი მოსკოვში. არ მომეცა რომელიმე ჩეჩენი ქალის გაცნობის შესაძლებლობა. ეს მგზავრობა მთლიანად ეძღვნებოდა სულიერ საწყისებს - ალაჰსა და ისლამს.

მოსკოვში დაბრუნებულმა, გარკვეული დრო მერილინთან ერთად გავატარე. მასთან შეხვედრა და მკურნალობის კურსი იყო რუსეთში ჩემი მგზავრობის მიზანი. გარდა ამისა, ოდესმე ისევ რომ მქონოდა საქმე სასამართლოსთან, ვიტყოდი, რომ რუსეთში დროს მერილინთან ერთად ვატარებდი. ეს ჩემი ალიბი იქნებოდა.

ერთ საღამოს, მერილინმა ვახშამი მომიწყო ქართულ რესტორანში, სადაც რამდენიმე უმსხვილეს მეწარმეს შევხვდი. მომდევნო დღეს, მერილინს ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა. მის პირად მეგობრებთან ურთიერთობა მერჩივნა. ამიტომაც, მან თავისთან მიმიწვია სადილზე.

შოკირებული დავრჩი სახლით, რომელშიც ის ცხოვრობდა. გამახსენდა ის პირობები, რომელშიც ბავშვობაში ვცხოვრობდი. შარდის სუნიც კი დერეფნებში ზუსტად ისეთივე იყო. "მერილინ, აქ რას აკეთებთ?" - ვკითხე მე. მაგრამ, მას სწორედ აქ უნდოდა - ხალხთან ახლოს. სადილის შემდეგ, მერილინმა შინ მიიწვია თავისი ყველაზე ახლო შვიდი რუსი მეგობარი. ესენი იყვნენ ფსიქოლოგები, მღვდლები... ყველანი - ინტელექტუალური შრომის წარმომადგენლები.

მერილინის ბინის მისაღებში წრეზე დავსხედით და სტუმრებმა ჩემთვის თავიანთი ისტორიების მოყოლა დაიწყეს. ძირითადად, ისეთი ოჯახებიდან იყვნენ, სადაც ალკოჰოლიზმი დიდი პრობლემა იყო.

როცა სტუმრებმა გულახდილი ლაპარაკი დაიწყეს, არ მინდოდა, ჩემს წინაშე უხერხულად ეგრძნოთ თავი. მათ შეეძლოთ ეფიქრათ, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოაწყვეს, რომ მე მსოფლიოში სახელგანთქმული ადამიანი ვარ. შესაძლოა, იმასაც ფიქრობდნენ, რომ მათთან არაფერი მაქვს საერთო, ოღონდ იქამდე, სანამ ჩემი ისტორიის მოყოლა არ დავიწყე. ჩვენს შორის იყო ერთი საერთო - ცხოვრების ისტორია.

მრავალი წლის განმავლობაში, გამოსასწორებელ დაწესებულებებსა და ფსიქოთერაპიულ ჯგუფებში ყოფნის შემდეგ, მივეჩვიე ჩემი ისტორიის სხვებისთვის გაზიარებას. ამიტომაც, მათთვის ამ ყველაფრის მოყოლა არ გამჭირვებია. მოვუყევი ძალადობაზე, რომელსაც ბავშვობაში შევეჩეხე, დედაჩემთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმაზე, რომ ყოველთვის მაშინებდნენ და დამცინოდნენ. ამის შემდეგ, სტუმრებმა უფრო თავისუფლად იგრძნეს თავი.

ჩემს გვერდით იჯდა ქალი, რომლის მამა რუსეთის არმიის ოფიცერი იყო. მათი სახლი ტერორისტებმა ააფეთქეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ბავშვი იყო. მამამისი იმ დროს დაიღუპა, როცა შვილის გადარჩენას ცდილობდა. აფეთქების შედეგად, ქალმა ძლიერი დამწვრობა მიიღო, ხელის მტევნები თითქმის არ ჰქონდა, მთელი სხეული ნაიარევებით იყო დაფარული. ის მოსკოვის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური უნივერსიტეტის საკონსულტაციო ფსიქოლოგიის კათედრის დეკანი გახდა.

- თავად მე - ფსიქოლოგი ვარ, მაგრამ ვერასდროს ვერავინ დამეხმარა გავრკვეულიყავი ჩემს ტკივილში, ჩემს სულიერ პრობლემებში, რაც მამის დაკარგვით იყო გამოწვეული. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება მერილინს ველოდი - ის უნდა მოსულიყო და ჩემთვის დახმარება გაეწია, ესწავლებინა, როგორ გავმკლავებოდი ამ ტკივილს, - თქვა მან.

საკუთარ თავზე ყვებოდა და თან ტიროდა. და სანამ ლაპარაკობდა, მის ფეხებთან დავჯექი და ხელში ავიღე ის, რაც მისი ხელებიდან იყო დარჩენილი. როცა მოთხრობა დაასრულა, იატაკიდან აღარ ავმდგარვარ.

ყველანი, ვინც ამ ოთახში ვისხედით, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. თავიდან მეგონა, რომ ეს შეხვედრა ორი საათი გაგრძელდებოდა, სინამდვილეში კი ექვსი საათი ვიყავით ერთად. ვიშლებოდით, როცა ჩემთან ერთ-ერთი სტუმარი ქალი მოვიდა.

- ყველანი ვფიქრობთ, რომ თქვენ ან პოლიტიკოსი ან სასულიერო პირი უნდა იყოთ, - მითხრა მან. - შეგეძლოთ კენჭი გაყარათ რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე და გაგემარჯვათ.

მაგრამ ვიცოდი, რომ რუსეთში ჩემი ყოფნა არ შეიძლება. რუსეთში არ არსებობს ისეთი სიტყვები, როგორიცაა - "ჰარმონიული შეთავსება". რუსეთში არ არსებობს თანასწორობა, პროპორციულობა, ბალანსი. რუსეთში მხოლოდ უკიდურესობებია. აი, რატომ მოვერგე ასე კარგად მას. ეს ადგილი იდეალურია ჩემთვის და ჩემი სულისთვის. მომწონდა რუსეთში ყოფნა. შემეძლო დაუსჯელად მეკეთებინა ის, რასაც მოვისურვებდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვა მაიკ!! ქართულ რესტორანში ნამყოფია!!!
ბრუკლინ
05:58 08-05-2016
0
ტრილოგიას წერს?
ფოლკნერია?!
არჩილ ხოფერია
15:36 07-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული