დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე ასეთ კრებებზე დასწრებით. მართლაც შევიცვალე შეხედულება ქალებთან მოპყრობაზე. არასოდეს მიფიქრია, რომ სექსუალური ნარკომანი ვიყავი.

ჩემპიონობის დროს, ქალებთან სექსს განვიხილავდი, როგორც ერთგვარ ბონუსს. მეგონა, რომ შეიძლებოდა ყველასთან სექსი, ვისაც ამის დიდი სურვილი ამოძრავებდა. ყველა ჩემი კერპი სექსუალური დამპყრობელი იყო. ვკითხულობდი ეროლ ფლინის, ჯეკ ჯექსონის, ჯეკ დემპსის შესახებ - ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა - გამარჯვებები ქალებზე.

ამიტომაც ყოველთვის მიმაჩნდა - მნიშვნელოვანი ფიგურა რომ ყოფილიყავი, აუცილებელი იყო ქალების დაპყრობა. და რაც მეტი იყო ასეთი გამარჯვება, მით უფრო მნიშვნელოვანი
კაცი ხდებოდი. არ მესმოდა, რომ ბევრ ქალთან სექსი უფრო მეტად გაზარალებს, ვიდრე რაღაცას გძენს.

რეალურად, არასოდეს მიზრუნია იმისთვის, რომ ჩემთვის იდეალური ხასიათი შემექმნა, რომლისკენაც მექნებოდა მისწრაფება. ამიტომაც ჩემი დიადი კერპებისგან ვიღებდი ერთ კონკრეტულ თვისებას და ცხოვრებაში ამით ვხელმძღვანელობდი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ მცოდნოდა - დიად ადამიანებსაც აქვთ უარყოფითი თვისებები. და საბოლოოდ, მოზღვავებულმა სექსმა მომიტანა გონორეა, ქლამიდიოზი და სხვა ავადმყოფობები უცნაური მეცნიერული დასახელებებით.

ჩემთვის ქალები ყოველთვის ხელმისაწვდომები იყვნენ, მაგრამ საკუთარი ხუშტურების გამო ზედმეტი მომდიოდა. ხანდახან ნომერში ერთად ათი ქალი მყავდა, კაიფს ვიღებდით ნარკოტიკებისგან, შემდეგ პრესკონფერენციაზე მივდიოდი, ქალებს კი იქვე ვტოვებდი. ისინი ჩემ დაბრუნებას ელოდნენ. ყოველ ჯერზე, როცა გოგონა ჩემთან სექსის სურვილს გამოთქვამდა, უარს არასოდეს ვეუბნებოდი.

ან მე დავტრიალებდი მათ თავს, ან ისინი. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ თითოეულის დაკმაყოფილებას ვცდილობდი და ამასთან, თავადაც უნდა ვყოფილიყავი კმაყოფილი. ეს კი არ არის სწორი. შეუძლებელია თითოეულის დაკმაყოფილება, შეიძლება გონება დაკარგო ამის მიღწევისას. მყავდა საკუთარი ქალი პლანეტის თითოეულ ქალაქში. თქვენ რომ ჩემი კართოტეკა განახათ! მადლობა ღმერთს, კომპიუტერი გამოიგონეს. ერთხელ, ფინიქსში პაემანი დავუნიშნე გოგონას. მას მოეწონა, როგორ ვუვლიდი ჩემს მტრედებს და მითხრა:

- თქვენი მტრედები თქვენს ქალებს ჰგვანან. ბევრი ჩიტი გჭირდებათ, რადგან თუ ერთს დაკარგავთ, სხვები დაგრჩებათ. ამიტომაც არ გყავთ ათი ან ოცი ჩიტი, არამედ ხუთასი. იმდენად ემოციურად ხართ მათზე მიჯაჭვული, რომ შეეგუებით ერთის დაკარგვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიდევ 499 დაგრჩებათ. ზუსტად ასე ექცევით ქალებსაც.

ის თავად ჰგავდა ახალგაზრდა ჩიტს, თუმცა მართალი იყო. დარწმუნებული არ ვიყავი საკუთარ თავში, მეშინოდა ვინმეს დაკარგვის და მარტო დარჩენის. კარიერის ბოლოს, ერთიდან მეორე ქალზე გადავდიოდი. მტკივნეული შეგრძნებები მქონდა, როცა ყველა იმ სისაძაგლეზე ვყვებოდი, რაც სასტუმროს ნომრებში ხდებოდა.

ასე იქცეოდა ყოველთვის დედაჩემი - ერთი მამაკაციდან მეორესთან და ა. შ. და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი ფული მქონდა - მემკვიდრეობით მივიღე დედასგან მისი თვისებები. მე გადავდიოდი ერთი ქალიდან მეორეზე, შემდეგ მესამეზე და ა. შ.

ჩემთვის მაცდური ქალი ყოველთვის ნარკოტიკივით იყო. როცა მის დაუფლებას ვცდილობდი, მთელ პლანეტაზე ჩემზე მეტად მონდომებული არავინ იყო. ამ მხრივ, ჩემთან კონკურენციის გაწევა შეეძლოთ მხოლოდ პედოფილებს ან პანსექსუალებს. პანსექსუალი - ის არის, ვისაც შეუძლია მოკლას ირემი, სახლში მიათრიოს და მასთან სექსი ჰქონდეს. და შენ ამ ორიენტაციის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებ, როცა მკურნალობის შესაბამის კურსს გადიხარ.

იმდენად ვიყავი სექსზე შეშლილი, რომ ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს, მაშინაც კი, როცა 1989 წელს, ოჰაიოს შტატის ცენტრალური სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მივიღე.

- არ ვიცი, როგორი დოქტორი ვარ, მაგრამ აქ დამწრე ქალებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ - გინეკოლოგი ხომ არ გავხდე, - ვთქვი ჩემი გამოსვლის დროს.

ვცდილობდი, ქალებისთვის კომპლიმენტი მეთქვა, მაგრამ მათ ეს სათანადოდ ვერ აღიქვეს. მიუხედავად ამისა, ჩემი გამოსვლის შემდეგ ქალების დიდი რიგი დამიდგა. რამდენიმე წელი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად - რამდენად საზიზღრობა იყო ჩემი ხუმრობა. ამას წინათ გავიგე, რომ დედაჩემი სწორედ ამ ცენტრალური სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლაში დადიოდა.

დედაჩემსა და მის ნათესავებს მიაჩნდათ, რომ განათლება დაეხმარებოდა მათ - რაღაც გამოსულიყვნენ ცხოვრებაში. მე შემეძლო მხოლოდ გაკვირვება გამომეხატა ამასთან დაკავშირებით. ყოველთვის, პირველ რიგში, მხოლოდ ჩემს სასქესო ასოზე ვფიქრობდი. ამგვარი ქცევით კი, მთელი ჩემი ოჯახის კომპრომეტაციას ვახდენდი, თან უდიდესი ფინანსური პრობლემების საბაბი გავხდი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული