მანამდე კი ზაფხულის თამაშებამდე ბოლო ოფიციალური სტარტი მონაკოში შედგა - აქ გაიმართა "ბრილიანტის ლიგის" მეცხრე ეტაპი. თუ წინა ტურნირი ლონდონში, შემადგენლობის მხრივ, მაინცდამაინც ვარსკვლავური არ ყოფილა, ამჯერად ორგანიზატორებმა მოინდომეს და მონტე კარლოში რამდენიმე დისციპლინაში ოლიმპიადის მთავარი ფავორიტი ვიხილეთ.
დიდ ინტერესს იწვევდა ლეგენდარული რუსი ჭოკით მხტომელის, ელენა ისინბაევას გამოსვლა. მისთვის ეს მხოლოდ მეორე სტარტი იყო სეზონში - პირველი 10 ივლისს საფრანგეთში შედგა და იქ მან 4.75
მონაკოს სტარტი ელენასთვის განსაკუთრებულია, რადგან ის ოფიციალურად სწორედ აქ ცხოვრობს. და სწორედ აქ, პეკინის ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე, რუსმა მსოფლიოს რეკორდი (5.04 მეტრი) დაამყარა.
თუმცა იმ სეზონის წლევანდელთან შედარება არ შეიძლება - მაშინ ისინბაევა აშკარა ფავორიტი იყო, ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა, რაც რუსის არასტაბილურობით არის გამოწვეული.
მას ისევ შეუძლია მაღალი შედეგების ჩვენება, რასაც ადასტურებს წელს, სტოკჰოლმში დარბაზებისთვის დამყარებული მსოფლიოს ახალი რეკორდი, მაგრამ ამგვარ ტრიუმფებს უფრო იმედგაცრუებები სჭარბობს.
მონტე კარლოში ისინბაევას თითქმის ყველა ძირითადი კონკურენტი ჩავიდა - ანა როგოვსკა, ფაბიანა მიურერი, სვეტლანა ფეოფანოვა, სილვე შპიგელბურგი... ელენამ გამოტოვა რამდენიმე სიმაღლე და სტარტი 4.70 მეტრზე დაგეგმა.
იმ დროისთვის ყველა კონკურენტი შემორჩენილი იყო ხტომის სექტორში. გამონაკლისი მხოლოდ როგოვსკა გახლდათ, რომელმაც 4.45 მეტრი ვერ აიღო.
ისინბაევას აშკარად ეტყობოდა სატურნირო პრაქტიკის დეფიციტი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსი ვერ გაუმკლავდა სასტარტო სიმაღლეს.
იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ის ახლოს იყო სიმაღლის აღებასთან - მეორე და მესამე ცდაზე მან თამასა აფრენისას ჩამოაგდო. საბოლოოდ ელენა შედეგის გარეშე დარჩა. იმ დღეს 4.70 მეტრი მხოლოდ შპიგელბურგმა აიღო. მანვე 4.82 მეტრზეც წარმატებით იფრინა და თავისი პირადი რეკორდი ექვსი სანტიმეტრით გააუმჯობესა.
* * *
ისინბაევა ოლიმპიადის ერთადერთი ფავორიტი არ იყო, ვინც მონაკოს სტარტი ჩააგდო. ქალებს შორის 800 მეტრზე მორბენალმა, სამხრეთაფრიკელმა კასტერ სემენიამ მეცხრე ადგილზე დაასრულა დისტანცია. შორს არ წასულა მისი ერთ-ერთი კონკურენტი მირიამ იუსუფ ჯამალი - მერვე ადგილი.
საინტერესო დუელი იყო მოსალოდნელი 400 მეტრზე მამაკაცებს შორის - აქ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლონდონის მთავარი ფავორიტები - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გრანადელი კირანი ჯეიმსი და ამერიკელი ლაშოუნ მერიტი.
ვერცერთმა მოახერხა გამარჯვება. უფრო მეტიც, მერიტმა ფინალური გარბენი ბოლო ვირაჟის დროს მიატოვა. პირველი ფინიშთან ბელგიელი ჯონათან ბორლი მივიდა, რომელმაც ორი მეასედი მოუგო ჯეიმსს. კიდევ ერთმა ბორლიმ - კევინმა მესამე ადგილი დაიკავა.
კიდევ ერთი ევროპული ტრიუმფი შედგა ქალებს შორის 400 მეტრზე თარჯრბენში, სადაც ჟუჟანა ჰეინოვამ ლაშინდა დემუსსა და მელანი უოკერს გაასწრო. აღვნიშნავთ 1500 მეტრზე ასბელ კიპრანის მორიგ გამარჯვებას - კენიელმა მონაკოში სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა - 3.28,88.
ტექნიკური სახეობებიდან გამოვყოფთ დიდხნიანი შესვენების შემდეგ ირვინგ სალადინოს გამარჯვებას. პანამელი პირველ ცდაზე 8.16 მეტრზე გადახტა.
მიჩელ უოტი მთელი ტურნირის განმავლობაში ცდილობდა სალადინოს დაწევას, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხა, მასთან ოთხი სანტიმეტრით მიახლოება იყო.
მძლეოსნობაში შემდეგი სტარტი თავად ოლიმპიადა იქნება. მძლეოსნები ლონდონში გამოსვლას სამ აგვისტოს დაიწყებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"