ბრიტანული ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
მძლეოსნობის ტურნირის მეორე დღე სენსაციით დაიწყო. ბოლო წლებში სპორტის ამ სახეობაში ყველაზე უსახური დისციპლინა - სპორტული სიარული რუსების საკუთრება გახდა.

ისინი ყველა დიდ ტურნირზე იგებდნენ ოქროს მედლებს და წესით, ასე უნდა ყოფილიყო ლონდონშიც, მაგრამ არცერთ რუსს არ გამოუვიდა ბრძოლა.

ანდრეი კრივოვმა მხოლოდ 37-ე ადგილი დაიკავა, ვლადიმერ კანაიკინი სამი გაფრთხილების შემდეგ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, პეკინის თამაშების ჩემპიონს ალერი ბორჩინს კი ფინიშამდე კილომეტრით ადრე გული წაუვიდა და შეჯიბრი საავადმყოფოში დაასრულა. ჩემპიონი კი ჩინელი დინ ჩენი გახდა, რომელმაც კილომეტრით ადრე დაიწყო მაყურებლების მისალმება და
გამარჯვების აღნიშვნა.

* * *

მედლები გათამაშდა ორ ტექნიკურ სახეობაში - ქალებს შორის ბადროს ტყორცნასა და კაცებს შორის სიგრძეზე ხტომაში.

ბადროს ტყორცნაში ფავორიტად განიხილებოდა რუსი დარია პიშჩალნიკოვა, რომელმაც ფანტასტიკური შედეგი აჩვენა რუსეთის ჩემპიონატზე - ამ საუკუნეში ის პირველი და ერთადერთი ქალია, რომელმაც ბადრო 70 მეტრზე შორს გასტყორცნა. ფინალში მის არცერთ მეტოქეს არ ჰქონდა ასეთი შედეგი, რაც რუსს ფავორიტად აქცევდა.

პიშჩალნიკოვამ კარგად დაიწყო - 65,18 მეტრი აჩვენა, მაგრამ ნელ-ნელა უკან ჩამოწიეს კონკურენტებმა. რუსს გაუსწრეს მიულერმა, ბარიოსმა, ლიმ და პერკოვიჩმა. ამ უკანასკნელმა მესამე ცდაზე ეროვნული რეკორდი დაამყარა და დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა - 69,11.

ეს შედეგი ვერავინ გააუმჯობესა. პიშჩალნიკოვამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ მეორე ადგილზე დაბრუნდა, ოქრო კი 22 წლის ხორვატმა პერკოვიჩმა მოიპოვა, რომელსაც აქვს შანსი დაჩრდილოს ქვეყნის მთავარი ვარსკვლავი - ბლანკა ვლასიჩი.

რაც შეეხება კაცებს შორის სიგრძეზე ხტომას, აქ საკმაოდ მოკრძალებული შედეგით (8,31 მეტრი) მოიგო ბრიტანელმა გრეგ რუზერფორდმა, რომელმაც იმ დღეს ბრიტანეთს პირველი ოქრო მოუტანა.

* * *
კიდევ ერთი ბრიტანელი ტრიუმფატორი აღმოჩნდა შვიდჭიდელი ჯესიკა ენისი. მის გამარჯვებას ყველა ელოდა და მასპინძელმა დამაჯერებლად მოიპოვა ოქროს მედალი. მან უმეტეს სახეობაში პირადი რეკორდები დაამყარა, რაც კონკურენტებს შანსს არ უტოვებდა.

უფრო საინტერესო ბრძოლა იყო მეორე ადგილისთვის. ბოლო სახეობის - 800 მეტრის წინ მეორე ფავორიტი - რუსი ტატიანა ჩერნოვა მხოლოდ მეექვსე ადგილს იკავებდა, მაგრამ იმდენი გააკეთა, რომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა.

800 მეტრის გარბენის დროს მსაჯებმა დისკვალიფიკაცია მისცეს გერმანელ ლილი შვარცკოფს, მაგრამ გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელობამ პროტესტი შეიტანა, რომელიც დააკმაყოფილეს და შვარცკოფს კუთვნილი ვერცხლი მიანიჭეს, ჩერნოვა კი ბრინჯაოს მედლით დარჩა.

* * *
მამაკაცებს შორის 10 ათას მეტრზე სირბილში, პირველად ისტორიაში, ფავორიტი ბრიტანელი მორბენალი იყო - მო ფარა.

29 წლის სპორტსმენი სომალიში დაიბადა, მაგრამ ბრიტანეთში რვა წლის ასაკში გადავიდა. შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე მომ 10 ათას მეტრზე ვერცხლი აიღო, 5 ათასზე კი გამარჯვება მოიპოვა.

რა თქმა უნდა, ფარას ჰყავდა სახიფათო კონკურენტები აფრიკიდან და მათი წყალობით ბრძოლა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.

ბოლო წრეზე დაწინაურებულთა ჯგუფში რამდენიმე სტაიერი რჩებოდა. ფარამ პირველმა დაიწყო შეტევა, მაგრამ მეტოქეები ახლოს იყვნენ. ბოლო მოსახვევის შემდეგ ბრიტანელი კიდევ ერთხელ აჩქარდა და ამჯერად საბოლოოდ ჩამოიტოვა კონკურენტები.

მოულოდნელად მეორე ადგილი დაიკავა ამერიკელმა გალენ რუპმა. სამეულში მოხვდა ტარიკუ ბეკელე, ხოლო მისი სახელოვანი ძმა - კენენისა მეოთხე იყო.

პირთამდე სავსე ოლიმპიური სტადიონი ზეიმობდა, რადგან ბრიტანეთმა ერთი დღის განმავლობაში სამი ოქრო აიღო. ფარას ზეიმის მომენტი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო, რადგან პირდაპირ სარბენ ბილიკზე გავიდა მისი ქალიშვილი და ფეხმძიმე მეუღლე.

* * *
შაბათს ბოლო იყო ქალების სპრინტში ფინალი, რომელშიც შესანიშნავი შემადგენლობა შეიკრიბა - ფელიქსი, ჯეტერი, კემპბელ-ბრაუნი, ფრეზერ-პრაისი...

შედეგებიც მაღალი დაფიქსირდა. ამერიკელებმა - ფელიქსმა და მედისონმა პირადი რეკორდები დაამყარეს, მაგრამ ამით მაინც ვერ მოხვდნენ სამეულში. გამარჯვება ფრეზერ-პრაისმა მოიპოვა, რომელმაც ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიგო სპრინტი. ჯეტერმა 32 წლის ასაკში პირველი მედალი აიღო ოლიმპიადაზე, მესამეზე კი კემპბელ-ბრაუნი გავიდა, რომლისთვისაც ეს მეექვსე მედალია ოლიმპიურ კოლექციაში.

კაცები
20 კმ სიარული
1. დინ ჩენი (ჩინ) 1:18:46 (ო.რ.)
2. ერიკ ბარონდო (გვატ) 1:18:57
3. ჟენ ვანი (ჩინ) 1:19:25
4. ზედინ კაი (ჩინ) 1:19:44
5. მიგელ ანხელ ლოპესი (ესპ) 1:19:49
6. ედერ სანჩესი (მექ) 1:19:52

სიგრძეზე ხტომა
1. გრეგ რუზერფორდი (ბრიტ) 8.31
2. მიტჩელ უოტი (ავსტრა) 8.16
3. უილ კლეი (აშშ) 8.12
4. მიჩელ ტორნეუსი (შვედ) 8.11
5. სებასტიან ბაიერი (გერ) 8.10
6. კრისტოფერ ტომლინსონი (ბრიტ) 8.07

10 000 მ
1. მოჰამედ ფარა (ბრიტ) 27:30.42
2. გალენ რუპი (აშშ) 27:30.90
3. ტარიკუ ბეკელე (ეთი) 27:31.43
4. კენენისა ბეკელე (ეთი) 27:32.44
5. ბედან მუჩირი (კენ) 27:32.94
6. ზერნესეი დადესე (ერით) 27:33.51

ქალები
შვიდჭიდი
1. ჯესიკა ენისი (ბრიტ) 6955
2. ლილი შვარცკოფი (გერ) 6649
3. ტატიანა ჩერნოვა (რუს) 6628
4. ლუდმილა იოსიპენკო (უკრ) 6618
5. აუსტრა სკუიტე (ლიტ) 6599
6. ანტუანეტ ნანა დიმუ იდა (საფ) 6576

ბადროს ტყორცნა
1. სანდრა პერკოვიჩი (ხორ) 69.11
2. დარია პიშჩალნიკოვა (რუს) 67.56
3. იანფენ ლი (ჩინ) 67.22
4. იარელის ბარიოსი (კუბ) 66.38
5. ნადინ მიულერი (გერ) 65.94
6. მელინა რობერ-მიშონი (საფ) 63.98

100 მ
1. შ.ე. ფრეზერ-პრაისი (იამ) 10.75
2. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) 10.78
3. ვ. კემპბელ-ბრაუნი (იამ) 10.81
4. ტიანა მედისონი (აშშ) 10.85
5. ელისონ ფელიქსი (აშშ) 10.89
6. კელი-ენ ბაპტისტი (ტრინ) 10.94

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული