ელენა ისინბაევას ეპოქის დასასრული

AutoSharing Option
5 აგვისტოს მამაკაცებს შორის 100 მეტრზე ფინალმა დაჩრდილა მძლეოსნობის სხვა სტარტები. არადა, ოლიმპიურ სტადიონზე ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა, რაზეც ახლა მოგიყვებით.

ყაზახეთის ოლიმპიურმა გუნდმა მეექვსე ოქრო მოიგო ლონდონში. ამით მან საერთო ჩათვლაში გერმანიას გაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. მორიგი ოქრო ყაზახებს სამხტომელმა ოლგა რიპაკოვამ მოუტანა, რომელმაც გაიმარჯვა შედეგით - 14,98 მეტრი.

მან 18 სანტიმეტრით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ კოლუმბიელ კატრინ იბარგუენს. ამ უკანასკნელს კი ერთი სანტიმეტრით ჩამორჩა უკრაინელი ოლგა სალადუხა.

* * *
საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი ქალებს შორის 400
მეტრზე სირბილში. სეზონის ლიდერი გახლდათ რუსი ანტონინა კრივოშაპკა - მან დისტანცია 49,16 წამში გაირბინა, მაგრამ ის მაინც არ მიიჩნეოდა სრულფასოვან ფავორიტად, რადგან დიდ ტურნირებზე მაქსიმალური შედეგი - მესამე ადგილი ჰქონდა მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატზე.

მთავარი ფავორიტი ცნობილი ამერიკელი სანია რიჩარდსი იყო, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორი ოქრო ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ ოლიმპიადა არასოდეს მოეგო. გარბენი ყველაზე კარგად სწორედ ამერიკელმა დაიწყო, თუმცა კრივოშაპკა არ ჩამორჩა და საფინიშო სწორ მონაკვეთზე ლიდერის რანგში გავიდა.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რუსმა ძალები ვერ გათვალა და ბოლო მეტრებზე მას ერთბაშად ხუთმა სპორტსმენმა გაუსწრო. პირველი ადგილისთვის ბრძოლა კი რიჩარდსმა მოიგო, რომელმაც ოლიმპიური ციკლის დროს უმძიმესი ტრავმა გადაიტანა.

* * *
მოკრძალებული შედეგები ვიხილეთ მამაკაცებს შორის უროს ტყორცნაში. ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც 80-მეტრიანი ზღვარი გადალახა, უნგრელი კრისტიან პარსი იყო. შესაბამისად, 80,56 მეტრით მან ოქროს მედალი მოიპოვა. საინტერესოა, რომ ოთხი წლის წინ, პეკინის ოლიმპიადაზე, უნგრელმა უფრო მაღალი შედეგი აჩვენა, მაგრამ საპრიზო სამეულშიც ვერ მოხვდა.

მამაკაცთა სტიპლჩეზში თავისი მეორე ოლიმპიური ოქრო მიიღო ეზეკილ კემბოიმ. მისი გამგზავრება ბრიტანეთში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო მკვლელობის მცდელობის გამო, მაგრამ სპორტსმენს მაინც მისცეს ვიზა.

ფინალში კენიელმა ბოლო წრის დასაწყისში წამოიწყო შეტევა და საფინიშო სწორზე იმხელა უპირატესობა მიიღო, რომ დიაგონალური სვლით დაასრულა გარბენი. ამის გამო მას კინაღამ გაუსწრო ფრანგმა მეკხისი-ბენაბადმა.

* * *
ამ ფინალამდე გაიმართა მარათონი ქალებს შორის, რომელშიც ეთიოპიელმა ტიკი გელანამ იმარჯვა. მისი დრო იყო 2 საათი, 23 წუთი და 7 წამი, რაც ახალი ოლიმპიური რეკორდი გახლავთ.

მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ კენიელი პრისკა ჯემპტოო და რუსი ტატიანა პეტროვა-არხიპოვა, რაც ამ გარბენის ყველაზე დიდი სენსაცია აღმოჩნდა.

ფინალების გარდა, გაიმართა სხვადასხვა დისციპლინაში წინასწარი სტარტები და სენსაცია მოხდა 400 მეტრზე კაცების შეჯიბრში. პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, 400 მეტრის ფინალში ვერ მოხვდა ვერცერთი ამერიკელი მორბენალი.

ეს ის ისინბაევა აღარ არის

ახლა კი გუშინდელი დღის მთავარი ფინალის შესახებ - ქალებს შორის ჭოკით ხტომა. ყველას აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ლეგენდარული ელენა ისინბაევა ზედიზედ მესამე ოლიმპიადის მოგებას.

ლონდონის თამაშების წინ რუსმა სპორტსმენმა მონაკოში "ბრილიანტის ლიგის" ეტაპზე მიიღო მონაწილეობა და უკვე იქ გამოჩნდა, რომ ელენა ფორმაში არ იყო - მან ვერცერთი სიმაღლე ვერ დაძლია. თუმცა ისინბაევა ამშვიდებდა გულშემატკივრებს - ოპტიმალურ ფორმაში ოლიმპიადისთვის შევალო.

გუშინდელი ფინალი მოულოდნელობით დაიწყო - 4.45 მეტრზე დაასრულა გამოსვლა ერთ-ერთმა ფავორიტმა, პოლონელმა ანა როგოვსკამ. შემდეგი სიმაღლიდან - 4.55 მეტრიდან დაიწყო გამოსვლა ისინბაევამ და ვერც მან შეძლო პირველი ცდის გამოყენება. მეორე ცდა მან შემდეგ სიმაღლეზე გადაიტანა.

ეს იყო 4.65 მეტრი, რომელიც კუბელმა სილვამ, გერმანელმა შპიგელბურგმა და ისინბაევამ იოლად აიღეს. მხოლოდ გერმანელმა შტურცმა ვერ დაძლია ეს სიმაღლე და შემდეგ 4.70-ს შეუტია, თუმცა იქაც ორჯერ მოეცარა ხელი. სამაგიეროდ, ამერიკელმა სურმა, სილვამ და ისინაბაევამ იყოჩაღეს. ხტომის სექტორში სიტუაცია სულ უფრო დაძაბული ხდებოდა.

შემდეგ სიმაღლედ სპორტსმენებმა 4.75 შეუკვეთეს. სურსა და სილვას ორი ცდა დასჭირდათ, რუსმა კი ორჯერ ჩამოაგდო თამასა და ვა-ბანკზე წავიდა - ერთი დარჩენილი ცდა 4.80 მეტრზე გადაიტანა.

პირველი სური ხტებოდა - არ გამოუვიდა, შემდეგ ხელი მოეცარა სილვას. ისინბაევა ჯოხს ჯერ კიდევ მაშინ შეეხო, სანამ დაშვებას დაიწყება. ასე დაკარგა ამ შესანიშნავმა სპორტსმენმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

ამის შემდეგ არცერთი წარმატებული ნახტომი არ განხორციელებულა და ჩემპიონი ამერიკელი ჯენიფერ სური გახდა.

კაცები
400 მ/თარჯრბენი
1. ფელიქს სანჩესი (დომ) 47.63
2. მაიკლ ტინსლი (აშშ) 47.91
3. ხავიერ კულსონი (კუბ) 48.10
4. დევიდ გრინი (ბრიტ) 48.24
5. ანჯელო ტეილორი (აშშ) 48.25
6. ჯეჰუ გორდონი (ტრი) 48.86

400 მ
1. კირანი ჯეიმსი (გრენ) 43.94
2. ლუგელინ სანტოსი (დომ) 44.46
3. ლალონდ გორდონი (ტრი) 44.52
4. კრის ბრაუნი (ბაჰ) 44.79
5. კევინ ბორლი (ბელ) 44.81
6. ჯონათან ბორლი (ბელ) 44.83

ქალები
ბირთვის კვრა
1. ნადეჟდა ოსტაპჩუკი (ბლრ) 21.36
2. ვალერი ადამსი (ზელ) 20.70
3. ევგენია კოლოდკო (რუს) 20.48
4. ლიიაო გონგი (ჩინ) 20.22
5. ლინ ლი (ჩინ) 19.63
6. მიშელ კარტერი (აშშ) 19.42

3000 მ/სტიპლჩეზი
1. იულია ზარიპოვა (რუს) 9:06.72
2. ჰაბიბა გრიბი (ტუნ) 9:08.37
3. სოფია ასეფა (ეთი) 9:09.84
4. მილკა ჩეივა (კენ) 9:09.88
5. ჰივოტ აიალევი (ეთი) 9:12.98
6. ეტენეშ დირო (ეთი) 9:19.89

ჭოკით ხტომა
1. ჯენიფერ სური (აშშ) 4.75
2. იარისლეი სილვა (კუბ) 4.75
3. ელენა ისინბაევა (რუს) 4.70
4. სილვე შპიგელბურგი (გერ) 4.65
5. მარტინა შტურცი (გერ) 4.55
6. ჰოლი ბლიდსეილი (ბრიტ) 4.45
6. ირინა პტაჩნიკოვა (ჩეხ) 4.45
6. ლიზა რიჟიჰი (გერ) 4.45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული