ბოლო რამდენიმე წელია, ქალებს შორის 3000 მეტრი სტიპლჩეზი სწორედ რუსების სახეობა გახდა. ოთხი წლის წინ, პეკინში, გულნარა გალკინა-სამიტოვამ მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა, რომელიც დღესაც ძალაშია.
გალკინა ლონდონშიც გავიდა ფინალში, მაგრამ ფავორიტად აღარ მიიჩნეოდა. ამ ოთხწლიან ციკლში ის ერთხელ წავიდა სპორტიდან და დაბრუნების შემდეგ ოპტიმალური ფორმა ვერ დაიბრუნა.
სამაგიეროდ, რუსებს ჰყავდათ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იულია ზარიპოვა, ხოლო
ის თანდათან ზრდიდა ტემპს და ბოლოს ისეთი სიჩქარე აკრიფა, რომ ვერც ჩეიმოსი და ვერც ორი ეთიოპიელი ვერ დაეწია მომავალ ჩემპიონს. ზარიპოვამ ფინალი ისტორიაში მესამე დროით დაასრულა - 9.06,72. რაც შეეხება ჩეიმოსს, ის სამეულში საერთოდ ვერ მოხვდა.
* * *
ქალებს შორის ბირთვის კვრაში საინტერესო დუელი იყო მოსალოდნელი ბელარუს ნადეჟდა ოსტაპჩუკსა და ზელანდიელ ვალერი ადამსს შორის.
ორივე სპორტსმენი საკმაოდ გამოცდილია და ბევრი ტურნირის გამარჯვებულის ბედი გადაუწყვეტიათ ერთმანეთთან ბრძოლაში.
2007 წლიდან მოყოლებული, ყველა დიდ სტარტს ადამსი იგებდა, მაგრამ ამჯერად მას ოსტაპჩუკმა გაუსწრო, თანაც ძალიან იოლად. მეორე ცდაზე ბელარუსმა 21,31 მეტრზე გაისროლა ბირთვი, რაც მეტოქის პირად რეკორდზე მაღალი შედეგი იყო.
ზელანდიელმა, რომელიც პირველ ცდაზე ნაჩვენები 20,61 მეტრით ლიდერი იყო, ვერ უპასუხა მეტოქეს და ოთხწლიანი ციკლის მთავარი ტურნირი დათმო.
* * *
მამაკაცებს შორის 400 მეტრზე თარჯრბენში გამოკვეთილი ფავორიტი არ იყო. საბოლოოდ თავის გამოჩენის შანსი მიიღო ფელიქს სანჩესმა. 34 წლის დომინიკელი ყველას უგებდა 2001-04 წლებში და ეს დომინირება ათენის ოლიმპიადაზე გამარჯვებით დასრულდა.
ბოლო რამდენიმე წელია, ფელიქსი ტრავმებს ებრძოდა და იშვიათად აღწევდა წარმატებებს კომერციულ სტარტებზე.
მაგრამ მან უკვე ნახევარფინალში გააკვირვა ყველა, როცა სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა. გადამწყვეტ გარბენში კი ეს შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა - 47,63 წამი. ფინიშის შემდეგ სანჩესმა ფორმიდან თავისი ოჯახის ფოტო ამოიღო და ბილიკზე მწოლიარემ კოცნა დაუწყო. დაჯილდოების ცერემონიაზე კი ცრემლები ვერ შეიკავა.
ვერცხლი აქ მაიკ ტინსლიმ აიღო, ბრინჯაო - ხავიერ კულსონმა.
* * *
დღის ბოლო ფინალი იყო მამაკაცებს შორის 400 მეტრზე სირბილი. აქ მთავარი მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, ფინალში ვერ გავიდა ვერცერთი ამერიკელი მორბენალი.
გამარჯვება კი ფავორიტმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კირანი ჯეიმსმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მან თავის ქვეყანას - გრენადას ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
ჯეიმსს კონკურენტი არ ჰყოლია - მან უდიდესი უპირატესობით მოიგო და ფინალის მონაწილეებს შორის ერთადერთი იყო, ვინც 44 წამიდან გამოვიდა.
* * *
7 აგვისტოს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა საშუალო დისტანციებზე მორბენალი ალჟირელი ტაუფიკ მაჰლუფი, რომელმაც თავის ქვეყანას პირველი ოქრო მოუტანა, თუმცა ეს ტრიუმფი შეიძლებოდა, არც შემდგარიყო.
საქმე ისაა, რომ ეს სპორტსმენი 1500 მეტრზე გამოსვლაში სპეციალიზდება, თუმცა ლონდონში 800 მეტრზეც ჰქონდა შეტანილი განაცხადი. ბუნებრივია, მაჰლუფიმ აქცენტი პირველ დისტანციაზე გააკეთა, 800 მეტრზე კვალიფიკაციაში კი დემონსტრაციულად დაიკავა ბოლო ადგილი.
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ამგვარ მოქმედებას არასპორტული უწოდა და მაჰლუფის დისკვალიფიკაცია მისცა. არადა, 1500 მეტრზე გარბენის ფინალში ალჟირელი საუკეთესო დროით გადავიდა.
მაჰლუფისთვის საბედნიეროდ, მოგვიანებით ჩინოვნიკებს გული მოულბათ და დისკვალიფიკაცია მოხსნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ალჟირულმა მხარემ განაცხადა, რომ 800 მეტრის გარბენის დროს მაჰლუფიმ თავი შეუძლოდ იგრძნო.
გუშინვე ბრწყინვალე ავსტრალიელმა მორბენალმა სალი პირსონმა დაისაკუთრა დამსახურებული ოქრო 100 მეტრზე თარჯრბენში. ის ბოლო ორი წელია, თითქმის დაუმარცხებელი იყო ამ დისციპლინაში და კარიერაში პირველი ოლიმპიადა ოლიმპიური რეკორდით მოიგო.
ამ და სხვა სტარტებზე დაწვრილებით 9 აგვისტოს ნომერში მოგიყვებით.
კაცები
სიმაღლეზე ხტომა
1. ივან უხოვი (რუს) 2.38
2. ერიკ კინარდი (აშშ) 2.33
3. მუტაზ ბარშიმი (კატ) 2.29
3. დერეკ დრუენი (კან) 2.29
3. რობერტ გრაბარცი (ბრიტ) 2.29
6. ჯეიმი ნიეტო (აშშ) 2.29
ბადროს ტყორცნა
1. რობერტ ჰარტინგი (გერ) 68.27
2. ეჰსან ჰადადი (ირან) 68.18
3. გერდ კანტერი (ესტ) 68.03
4. ვირგილიუს ალეკნა (ლიტ) 67.38
5. პიოტრ მალახოვსკი (პოლ) 67.19
6. მარტინ ვირიგი (გერ) 65.85
1500 მ
1. ტაუფიკ მახლუფი (ალჟ) 3:34.08
2. ლეონელ მანზანო (აშშ) 3:34.79
3. აბდალაატი იგუიდერი (მარ) 3:35.13
4. მეტიუ ცენტროვიტცი (აშშ) 3:35.17
5. ჰენრიკ ინგერბრიგსტენი (ნორ) 3:35.43
6. მეკონენ გებრემედინი (ეთი) 3:35.44
ქალები
100 მ/თარჯრბენი
1. სალი პირსონი (ავსტრა) 12.35 (ო.რ.)
2. დოუნ ჰარპერი (აშშ) 12.37
3. კელი უელსი (აშშ) 12.48
4. ლოლო ჯონსი (აშშ) 12.58
5. ნევინ იანიტი (თურ) 12.58
6. ფილისია ჯორჯი (კან) 12.65
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"