უსაინ ბოლტი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
მძლეოსნობის მორიგი სათამაშო დღიდან გამოვარჩიეთ ქალებს შორის "გრძელ სპრინტში" ფინალი, რომელიც ამერიკელმა ელისონ ფელიქსმა მოიგო.

ახლა - მოკლედ სხვა ფინალების შესახებ. დავიწყოთ ქალებს შორის სიგრძეზე ხტომით, სადაც გამოდიოდა მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებული, ამერიკელი ბრიტნი რიზი, რომელიც ამ სეზონში სამჯერ გაფრინდა შვიდ მეტრზე შორს. აქ ბრიტანელთა იმედი იყო შარა პროქტორი - ყოფილი ამერიკელი, რომელიც ორი წელია, ბრიტანეთის სახელით გამოდის.

მაგრამ მასპინძელი მალე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას, რადგან პირველი სამი ნახტომის შემდეგ რვა საუკეთესოს მიღმა აღმოჩნდა. რიზმა კი მეორე ცდაზევე სერიოზული დარტყმა
მიაყენა თავის კონკურენტებს - მან 7,12 მეტრი დააფიქსირა. ამერიკელს ბრძოლა მხოლოდ რუსმა ელენა სოკოლოვამ გამოუცხადა. მანაც შეძლო შვიდ მეტრზე შორს გადახტომა, მაგრამ ხუთი სანტიმეტრით ჩამორჩა რიზს.

კარგი მზადყოფნა დააფიქსირა ჯენეი დელოუჩმა. ის ორჯერ რიზზე შორსაც გაფრინდა, მაგრამ ორივეჯერ წითელ ხაზს დააბიჯა ფეხი. თუმცა 6,89 მეტრით ბრინჯაოს მედლის მოპოვება მაინც შეძლო.

* * *
ქალებს შორის 400 მეტრზე თარჯრბენში გამარჯვებაზე რამდენიმე მორბენალი აცხადებდა პრეტენზიას.

საკმარისია აღინიშნოს, რომ წინასწარ გარბენებში სამი სხვადასხვა სპორტსმენის მიერ სამჯერ გაუმჯობესდა სეზონის საუკეთესო დრო, მაგრამ მთავარ ფავორიტად მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ ლაშინდა დემუსს ასახელებდნენ.

თუმცა იმ დღეს ამერიკელთა აბსოლუტური ტრიუმფი არ შედგა (აშშ-მ ოთხი ფინალიდან სამი მოიგო). ამას ხელი შეუშალა რუსმა ნატალია ანტიუხმა. მან მხარი აუბა დემუსის სასტარტო ტემპს (ცნობილია, რომ ამერიკელი საწყის ბარიერებს ძალიან სწრაფად გარბის). ბოლო ვირაჟის შემდეგ ლიდერი სწორედ რუსი იყო.

ბოლო ბარიერის წინ ანტიუხს აშკარად ძალები ეცლებოდა, რიტმიდან ამოვარდა, მაგრამ მოახერხა ფინიშამდე პირველი ადგილის შენარჩუნება. დემუსმა სცადა გაბრძოლება, თუმცა ჩემპიონთან 7 მეასედი წამი წააგო. თავად ანტიუხს 6 მეასედი წამი არ ეყო ახალ ოლიმპიურ რეკორდამდე.

* * *
110 მეტრზე თარჯრბენში ჯერ კიდევ ნახევარფინალში გამოიკვეთა ფავორიტი. ამერიკელმა არიეს მერიტმა ფანტასტიკური დრო აჩვენა - 12,94 წამი და არა მარტო ოქროზე, არამედ მსოფლიოს ახალ რეკორდზეც გააკეთა განაცხადი.

კარგად გამოიყურებოდა მისი თანამემამულე ჯეისონ რიჩარდსონი, რომელმაც 13,13 წამი აჩვენა.

რაც შეეხება პეკინის ოლიმპიურ ჩემპიონს დაირონ რობლესს, ეს ტრავმის შემდეგ მისი პირველი სერიოზული სტარტი იყო და ისე მსუბუქად ვერ გამოიყურებოდა, როგორც ამერიკელები, თუმცა ფინალში მაინც გააღწია.

გადამწყვეტ გარბენში მერიტი უკონკურენციოდ იყო. რობლესმა საერთოდ ვერ მიაღწია ფინიშამდე, რადგან დისტანციის მსვლელობისას კუნთი დაეჭიმა.

მსოფლიოს რეკორდი კი არ შედგა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, ის არის, რომ მას კონკურენცია ვერავინ გაუწია და ბოლო მეტრებზე ოდნავ მოდუნდა. თუმცა 12,92 წამიც კარგი დროა - ერთი მეასედით ჩამორჩება ოლიმპიურ რეკორდს.

* * *
გუშინდელი დღის მთავარი სტარტი, რა თქმა უნდა, კაცებს შორის 200 მეტრი იყო, მაგრამ უსაინ ბოლტისა და იოჰან ბლეიკის დუელი ბრწყინვალე კენიელი მორბენლის, დავიდ რუდიშას რეკორდმა დაჩრდილა.

ამ ათლეტის აქტივში იყო გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე და მსოფლიოს ორი რეკორდი, თუმცა ოლიმპიადაზე ოქრო არ ჰქონია. ეს დროის საკითხი იყო. რუდიშა თავიდანვე ჩაუდგა სათავეში 800 მეტრზე გარბენს და დისტანციის პირველი ნახევარი 50 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა.

შემდეგ კი თანდათან ზრდიდა ტემპს და ოპონენტებს შანსს არ უტოვებდა. არადა, კონკურენტებმა საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს - დამყარდა რამდენიმე პირადი და ეროვნული რეკორდი.

მაგრამ ეს ყველაფერი დაიჩრდილა რუდიშას მსოფლიო რეკორდის ფონზე. კენიელი პირველია, ვინც 800 მეტრზე წუთიდან 41 წამიდან გამოვიდა.

* * *
უსაინ ბოლტი დღის გმირი იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუ 200 მეტრზე მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა.

ის კვლავ ფავორიტი იყო, მთავარი კონკურენტი კი მეორე იამაიკელი, იოჰან ბლეიკი გახლდათ.

უსაინმა ძალიან ძლიერი სტარტი აიღო. მოსახვევის შემდეგ ის აშკარა ლიდერი იყო, მაგრამ ფინიშის სწორზე თანდათან უახლოვდებოდა ბლეიკი. და მაინც, იოჰანს არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა იმისთვის, რომ უფრო სახელოვან და გამოცდილ თანამემამულეს დაწეოდა.

ბოლტმა ბოლო მეტრებზე ტემპის დაგდების უფლებაც მისცა საკუთარ თავს - 19,30. თუმცა ეს რომც არ გაეკეთებინა, მსოფლიო რეკორდი მაინც არ შედგებოდა.

ბოლტი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ბლეიკი ისევ მეორეზე გავიდა, სამეულში კი კიდევ ერთი იამაიკელი, უორენ უეირი აღმოჩნდა.

ათჭიდი
1. ეშტონ იტონი (აშშ) 8869
2. ტრეი ჰარდი (აშშ) 8671
3. ლეონელ სუარესი (კუბ) 8523
4. ჰანს ვან ალფენი (ბელ) 8447
5. დამიან უორნერი (კან) 8442
6. რიკო ფრაიმუტი (გერ) 8320

სამხტომი
1. კრისტიან ტეილორი (აშშ) 17.81
2. უილ კლეი (აშშ) 17.62
3. ფაბრიციო დონატო (იტა) 17.48
4. დანიელე გრეკო (იტა) 17.34
5. ლივან სანდსი (ბაჰ) 17.19
6. ბენჯამინ კომპაორი (საფ) 17.08

800 მ
1. დავიდ რუდიშა (კენ) 1:40.91 (მს.რ.)
2. ნაიჯელ ამოსი (ბოტს) 1:41.73
3. ტისოტი კიტუმი (კენ) 1:42.53
4. დუან სოლომონი (აშშ) 1:42.82
5. ნიკ სიმონდსი (აშშ) 1:42.95
6. მოჰამედ ამანი (ეთი) 1:43.20

200 მ
1. უსაინ ბოლტი (იამ) 19.32
2. იოჰან ბლეიკი (იამ) 19.44
3. უორენ უეირი (იამ) 19.84
4. უოლას სპირმონი (აშშ) 19.90
5. ჩურანდი მარტინა (ჰოლ) 20.00
6. კრისტოფ ლემეტრი (საფ) 20.19

ქალები
შუბის ტყორცნა
1. ბარბორა შპოტაკოვა (ჩეხ) 69.55
2. კრისტინა ობერგფოლი (გერ) 65.16
3. ლინდა შტალი (გერ) 64.91
4. სუნეტ ვილიოენი (ს. აფრ) 64.53
5. ჰუიჰუი ლუ (ჩინ) 63.70
6. კატრინა მოლიტორი (გერ) 62.89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული