გერმანიიდან ამერიკამდე

AutoSharing Option
ამ დღეებში გერმანულ ვინენდენში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ მშვილდოსანთა შორის. ჩვენები იქ მხოლოდ ვაჟთა ტურნირებში მონაწილეობდნენ, გოგოები კი არც ერთ ასაკში არ გვყოლია. ესეც ქართული მშვილდოსნობის ერთი თავისებურება - აქამდე ჩვენში ძირითადად ქალები ყოჩაღობდნენ და უფროსებში ახლაც ასეა, აი, პატარებში კი ვაჟების პროგრესია შესამჩნევი, გოგოები კი მოისუსტებენ. თუმცა ვაჟებშიც უფრო ჭაბუკები გამოირჩევიან, ვიდრე - ახალგაზრდები და მათ გერმანიაში სრული გუნდითაც იასპარეზეს - ალექსანდრე აზნაურიძე, გიორგი წიბლიაშვილი და ლაშა ფხაკაძე, ახალგაზრდებში კი მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავდა - დავით ჭელიძე.
ჭაბუკებში ყველაზე უკეთ ჩვენი გუნდის ლიდერი აზნაურიძე გამოვიდა, რომელმაც მისი მწირი უცხოური საშეჯიბრო პრაქტიკის კვალობაზე, დამაიმედებლად ისროლა - 648 ქულა და 25-ე ადგილი. წიბლიაშვილი 594 ქულით 59-ზე გავიდა, 591-ქულიანი ფხაკაძე კი პლეი ოფში 62-ე ადგილით შევიდა.

სამწუხაროდ, პლეი ოფში სამივე ჩვენებური პირველივე წრეში დამარცხდა - აზნაურიძემ საკვალიფიკაციოში მეორმეცეზე გასულ იტალიელ პაოლო დამიანისთან კი იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ სეტებში 2:4 წააგო. ცხადია, ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი მეტოქე ფხაკაძეს შეხვდა - შესარჩევის მესამეადგილოსანი, ბრიტანელი აშე მორგანი და ჩვენებურმა უშანსოდ წააგო - 0:4. საკვალიფიკაციოში მეექვსეზე გასულს ხვდებოდა წიბლიაშვილი - იტალიელ ლუკა მარანის და მესამე ქართველიც სეტისმოუგებლად დამარცხდა მეტოქესთან - 0:4. მარანი ყველა ჩვენებურის მოწინააღმდეგეებზე ძლიერი გამოდგა - წიბლიაშვილის შემდეგაც უდანაკარგოდ გაიარა გზა ნახევარფინალამდე და იქ მომავალ ჩემპიონთან, რუს კონსტანტინ სანზიჩიბიკოვთან წააგო მარათონულ შეხვედრაში - 4:6. ასეთი მომქანცველი და ხანგრძლივი ორთაბრძოლის მიუხედავად, მას მაინც ეყო ძალა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრის მოსაგებად საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან - შესარჩევი ეტაპის მომგებ რუს ბოლოტ ჩიბზიტოვთან. იტალიელმა 7:3 მოიგო და დამსახურებულად ავიდა კვარცხლბეკზე.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენს ნაკრებს 1833 ქულა დაუგროვდა, რამაც პლეი ოფში ზუსტად ბოლო - მეთექვსმეტე ადგილი დააკავებინა. შესაბამისად, პირველივე წრეში საკვალიფიკაციოს მომგებ თურქებს შეხვდნენ და წააგეს - 208:224. თურქები მერე ფინალშიც გავიდნენ და იქ უკრაინელებთან ერთი ქულით დამარცხდნენ - 217:218, ჩვენებს კი მე-14 ადგილი ერგოთ.

ახალგაზრდა ვაჟთა ტურნირში მონაწილე ჭელიძე 616 ქულით 39-ზე გავიდა. პლეი ოფში ისიც პირველივე წრეში დამარცხდა პოლონელ პაველ ზარეცკისთან _ 0:4.

მიაქცევდით ყურადღებას, რომ ჩვენები პლეი ოფში პირველივე რაუნდში დამარცხდნენ, პირადშიც და გუნდურშიც. უმეტესად ასე ხდება ეროვნული ნაკრების შემთხვევაშიც - არაერთი ტურნირი გვახსოვს, როცა საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად გამოსულან, მაგრამ პლეი ოფში ნაადრევად გამოვარდნილან. ვფიქრობთ, პრობლემა ფსიქოლოგიაშია და ამ მხრივ მუშაობა აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, თუ თავიდანაც არაა დასაწყები.

ამასობაში სეზონის მორიგი სტარტისთვის ემზადება ქალთა ეროვნული ნაკრებიც - გუნდი 30 ივლისს აშშ-ში, ქალაქ ოგდენში მიფრინავს მსოფლიოს თასის რიგით მესამე ეტაპზე საასპარეზოდ. იქ უცვლელი და ტრადიციული ქართული სამეული მოზიდავს მშვილდს - ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ქრისტინე ესებუა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სხვების - არც ქალების და არც ვაჟების გაგზავნა ნაწილობრივ დაბალი შედეგების, ნაწილობრივ კი თანხების ეკონომიის მიზნით მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ნაკრები აგვისტო-სექტემბრის შესაყარზე მსოფლიოს თასის დასკვნით - მეოთხე ეტაპშიც გამოვა შანხაიში. ვაჟების გაგზავნა არც იქაა ნავარაუდევი, ქალთა სამეულს კი ნათია ცინცაძეც დაემატება.

ქალთა ნაკრები უკვე ერთი კვირაა, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის '`ლოკომოტივის" სტადიონზე გადის შეკრებას. მისასალმებელია, რომ ფედერაციამ გუნდს მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნა სავარჯიშოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული