შანხაიც ნაადრევად დავასრულეთ

AutoSharing Option
შანხაიში მიმდინარე მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე ქართველი მშვილდოსნებისთვის გადაულახავი ისევ პლეი ოფის საწყისი რაუნდები გახდა - პირველი წრე მხოლოდ ქრისტინე ესებუამ გაიარა, მაგრამ მეორეში ისიც დამარცხდა. ესებუამ ერთ დროს თანაგუნდელი, უკრაინელი მსოფლიოს პრიზიორი (მოგეხსენებათ, აფხაზეთიდან დევნილი ესებუა ერთხანს უკრაინაში ცხოვრობდა და იქაურ ახალგაზრდულ ნაკრებში გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა) კატერინა პალეკნა 4:2 დაამარცხა, მისი მომდევნო მეტოქე კი, როგორც გუშინ ვივარაუდეთ, ბრიტანელი ნაომი ფოლკარდი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ესებუამ მასთან ვერაფერი გააწყო და 0:4 წააგო. ხათუნა ნარიმანიძემ მეორე სეტში კი აჯობა ჩინელ იუნლუ ჭანგს,
მაგრამ საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. ალბათ, ჩვენებურთაგან გუშინდელი წაგება ყველაზე მეტად ასმათ დიასამიძეს არ გაემტყუნება - ფრანგ ევროპის ჩემპიონ ბერენჟერე შუსთან 0:4 დათმო.

მეოთხედფინალში გავიდა აშშ-ის სახელით მოასპარეზე ჩვენი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), მაგრამ მეტი ვერაფერი გააწყო - მომავალ ფინალისტთან, ინდოელ დეეპიკა კუმართან ძალზე დაძაბულ, ლამის მარათონულ ბრძოლაში დამატებით სერიაში დამარცხდა - 5:6. მეორე ფინალისტი კორეელი ბო ბაე კია, ჩინელებმა კი, გადახალისებული გუნდის მიუხედავად, სრული ფიასკო განიცადეს - მათი ვერც ერთი წარმომადგენელი მეოთხედფინალშიც კი ვერ გავიდა. მათგან ყველაზე შორს ისევ ნარიმანიძის მომგებმა ჭანგმა გააღწია - მერვედფინალამდე. ჩინელთა გულის გასახეთქად, კორეელებს მეოთხედფინალში სამი მსროლელი ჰყავდათ, მაგრამ ამ ეტაპიდან ერთმანეთში მოუწიათ ბრძოლამ და კიმ ორივე გამოაგდო. ფინალური შეხვედრა 4 სექტემბერს გაიმართება. იმავე დღეს ბრინჯაოსთვის კორეელი ოლიმპიური პრიზიორი ოკ-ჰე იუნი და ტაივანელი ჰუი ჯუ ვუ იბრძოლებენ, ჩვენები კი დღეს საასპარეზოდ გუნდურ პირველობაში გავლენ. პლეი ოფში მათი პირველი მეტოქე აშშ-ის ნაკრებია, ამათში მოგებული კი რუსეთსა და ბრიტანეთს შორის უძლიერესს შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული