ევროპის ჩემპიონატზე ქართველ მშვილდოსნებს რისხვად უცნობი ფრანგი მოევლინათ

AutoSharing Option
ამსტერდამში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატის ქალთა ტურნირში აქამდე უცნობი ფრანგი სირილე სოტრი ნამდვილ რისხვად გვექცა - 24 მაისს ჯერ ქრისტინე ესებუა დაგვიმარცხა, მერე - ხათუნა ნარიმანიძე.

ესებუა გუშინ თავისუფალი იყო - პლეი ოფის ერთბაშად ორ წრეში ისვენებდა, ფრანგთან კი სამივე სეტი დათმო. უცნაურია, მაგრამ სამივეში მხოლოდ თითო ქულით დამარცხდა - 26:27, 24:25, 25:26. ამ დროს ნარიმანიძე, რომელმაც თურქი დამლა ერგინი გააგდო, ამჯერად მეორე თურქს - ბეგულ ლუკლუოღლუს უგებდა. მათ შეხვედრაში პირველი და მეოთხე სეტები ფრედ დასრულდა, მეორე და მესამე კი
ჩვენებურმა მოიგო, საერთო ანგარიშით 6:2 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

ფრანგთან ნარიმანიძემ 4:6 წააგო. არადა, პირველი სეტი 27:26 მოიგო, მეორე ფრედ დასრულდა - 24:24 და თითქოს მარცხს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მომდევნო ორი სეტი სოტრიმ საკმაოდ სოლიდური სხვაობით მოიგო - 27:21, 29:25 და 5:3 დაწინაურდა.

ნარიმანიძეს ანგარიშის გათანაბრება მეხუთე სეტში მოგებით შეეძლო, თუმცა ისიც ფრედ დამთავრდა და შემდეგ ეტაპზეც ფრანგი გავიდა.

ძალიან ცუდი, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უმედლოდ რომ დავასრულეთ. არადა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენები საკმაოდ კარგად გამოვიდნენ. იქნებ შედეგები არ იყო გამორჩეულად მაღალი, მაგრამ, მაგალითად, ესებუამ შესარჩევი მესამე შედეგით დაასრულა, თუმცა მეორეადგილოსანს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. თან საკვალიფიკაციოშიც და ახლაც გამოჩნდა, რომ ჩვენებმა თავიდან აღებულ კარგ ტემპს ბოლოსკენ მოუკლეს, ანუ გაჩნდა ეჭვი, რომ ფიზიკურად ვერ გაუძლეს.

24 მაისსვე გაიმართა პლეი ოფები გუნდურ ტურნირშიც, სადაც ქართველ ქალთა სამეულმა - ესებუა, ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე - პირველი წრე წარმატებით დაძლია და შვეიცარიელებს 191:178 მოუგო.

მეოთხედფინალში მათი მეტოქე ფრანგთა ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც მანამდე იოლად აჯობა შვედებს. სკანდინავიელთა მსგავსად, ფრანგები ჩვენთანაც ფავორიტები იყვნენ და, სამწუხაროდ, ეს იმიჯი სრულად გაამართლეს - უკლებლივ ყველა სერიაში გვძლიეს და საერთო ანგარიშით 214:198 გვაჯობეს.

ფრანგებმა ნახევარფინალში დანიელებიც დაჩაგრეს და 26 მაისს ფინალში ჩემპიონობის მოპოვებას შეეცდებიან.

მეორე მხრიდან ფინალში ესპანეთი გავიდა, რომელმაც ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზა - ჯერ მათზე ბევრად სოლიდურ რუსთა გუნდს გადაასწრო, მერე მსოფლიოს ჩემპიონი იტალიაც გააგდო, ნახევარფინალში კი მათ გზას გერმანელთა არცთუ ხელწამოსაკრავი ნაკრებიც გაუყენა.

გაწბილებული რუსებისა და იტალიელებისგან განსხვავებით, გერმანელებს ნუგეშად ბრინჯაოს მოპოვების შანსი მაინც დარჩათ. საამისოდ კი 26 მაისს დანიელებს გაეჯიბრებიან.

ახლა ევროპის პირველობაზე ერთადერთი საზრუნავი დღევანდელი დღე დაგვრჩა, როცა სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, ანუ ჩვენგან მხოლოდ ვაჟები ისვრიან. თორნიკე რიჟამაძე დანიელ მადს ჯუულ კროგშედეს შეხვდება, ირაკლი ქვლივიძე - სერბ ლუკა გროზდანოვიჩს, ლაშა ფხაკაძე კი პირველ წრეში ისვენებს და ბელგიელ მიხაელ დეკერსსა და ჩეხ ვოიცეხ დუბსის შეხვედრას დაელოდება - მისი მომავალი მეტოქე იმათ შორის გამარჯვებული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული