საქართველოს ჩემპიონატი: ლაშა ფხაკაძის ახალი რეკორდი

AutoSharing Option
31 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო მშვილდოსნობაში და შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

ამჯერად ყველაზე საინტერესო ამბავი ვაჟებში მოხდა და არა ქალებში, როგორც მიჩვეულები ვართ.

კვლავ გაგვახარა თბილისელმა ლაშა ფხაკაძემ (მწვრთნელი - გია მაკიევი), რომლის ბოლოდროინდელი შედეგები ისედაც საქართველოს რეკორდი იყო, თუმცა ამჯერად შეუდარებლად უკეთ ისროლა და სარეკორდო მაჩვენებელი 665 ქულამდე გაზარდა.

ეს რაოდენ კარგი შედეგია, შემდეგი მაგალითიდანაც ჩანს - მას ამდენივე ქულა ერთი კვირის წინ ამსტერდამში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რომ მოეგროვებინა, საკვალიფიკაციო ეტაპს მესამე ადგილზე დაასრულებდა. თუმცა
ფხაკაძეს ურიგოდ არც ჰოლანდიაში უსვრია - 639 ქულა დააგროვა, მაგრამ ახლანდელთან შედარებაც არაა.

ისიც კარგი ფაქტია, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ამხელა პროგრესი რომ განიცადა. ის უკვე იქცა სტაბილურ მოისრედ. ახლა კი მის წინაშე ახალი ამოცანაა - შედეგების ამაღლება, რასაც ნელ-ნელა აღწევს.

ნაკრების კორეელმა მწვრთნელმა ან ჰეიუნ სანმა წლეულს აქცენტი ვაჟთა გუნდზეც გააკეთა და ლიცენზიების მოპოვებას არც მათგან გამორიცხავს.

სამწუხაროდ, 31 მაისს გუნდის სხვა წევრებმა იმდენად არასაიმედოდ ისროლეს, ვერ გეტყვით, მისი ოპტიმიზმი რამდენად რეალურია, მაგრამ ფხაკაძეს პირადში ნამდვილად შეუძლია საგზურისთვის ბრძოლა.

საამისოდ საჭიროა, 18-24 ივნისს ამერიკულ ოგდენში გასამართ მსოფლიოს თასის მესამე ეტაპზე, რომელიც სალიცენზიო ტურნირიცაა, უსაგზუროთათვის საგანგებოდ გასამართ შეჯიბრებაში ხუთეულში მოხვდეს (გუნდურში სამეულში შესვლაა საჭირო).

ვაჟთა შორის მეორე ადგილზე ირაკლი ქვლივიძეა 592-ით, მესამეზე - თენგიზ ლურსმანაშვილი (ორივე - თბილისი) 585-ით.

ქალთა შორის მოულოდნელი არაფერი მომხდარა და სამეულში ნაკრების წევრები შევიდნენ - პირველზე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუაა 633 ქულით, მეორეზე - ხათუნა ნარიმანიძე 616-ით, მესამეზე - ასმათ დიასამიძე 613-ით.

თუმცა აღსანიშნავი ფაქტი აქაცაა - ნარიმანიძეს ამჯერად გვერდში შვილი, ციალა ფუტკარაძეც ამოუდგა და მასთან ერთად მოზიდა მშვილდი, ცოლ-შვილის ასპარეზობას კი მათივე მწვრთნელი, ნაკრების ყოფილი თავკაცი თამაზ ფუტკარაძე ადევნებდა თვალს.

უმცროსი ფუტკარაძე აქამდე ერთხელ ერევანში გამოვიდა ევროპის თასზე, თუმცა იქ ნარიმანიძეს არ უასპარეზია. ახლა კი დედა-შვილი პირველად გამოდის ერთად, როგორც კონკურენტები.

თეორიულად შესაძლებელია, ისინი დღეს პლეი ოფის მეოთხედფინალში ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ. თუმცა, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ნარიმანიძემ უკვე აიხდინა ერთი ოცნება - შვილთან ერთად გავიდა სასროლეთზე.

მისასალმებელია, რომ საქართველოს ჩემპიონატი ისევ ჩატარდა. ამჯერად ის მხოლოდ უფროსებში იმართება, თუმცა ახალგაზრდული ნაკრების წევრებიც ბლომად გამოდიან. ვაჟთა ტურნირში 27 მონაწილეა, ქალებში - 12, ხოლო რეგიონებიდან აჭარა და ქუთაისია წარმოდგენილი. შეჯიბრება დღეს დასრულდება პლეი ოფებით და გამოვლინდებიან საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნები.

ფხაკაძის ახალი რეკორდი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული