უფრო სწორად, ვაჟთა გუნდი, თორემ ქალები ბოლო პერიოდის უცვლელი სამეულით გამოვლენ: ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე.
ვაჟებში ექვსი მონაწილე გვეყოლება: ლაშა ფხაკაძე, ჯაბა მოსეშვილი, ვლადიმერ დოლიძე, ლევან ჩიტიშვილი, ზურაბ მესტვირიშვილი და არჩილ ფარსენაძე.
ამ შემადგენლობაში მთავარი მოულოდნელობა ბათუმელი მამუკა შუშაძის არყოფნაა, რომელმაც ბოლო შესარჩევი ტურნირი მოიგო.
თუმცა იქ წარმატებას მხოლოდ პლეი ოფში მიაღწია, საკვალიფიკაციოში კი ცუდად ისროლა. მისი სახლში დატოვების მიზეზიც ეს გახდა
საბერძნეთში 24 მარტს ოფიციალური ვარჯიში გაიმართა და შეჯიბრება საზეიმოდ გაიხსნა, 25 მარტს კი საკვალიფიკაციო ეტაპის პაექრობები დაიწყება პირად პირველობაში, რაც გუნდურსაც განსაზღვრავს.
26 მარტს სწორედ გუნდურსა და შერეულ წყვილებში (აქ სასროლად შესარჩევში ქალთა და ვაჟთა გუნდების საუკეთესოები შეამხანაგდებიან) გაიმართება პლეი ოფები.
ჩვენთვის მთავარი შეჯიბრება 27 მარტსაა, როცა ივნისში ბაქოში ჩასატარებელი ევროპული თამაშების სალიცენზიო შეჯიბრება იმართება. მასში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ქალებს უკვე მოპოვებული აქვთ მისი საგზური (ეს შარშან, სომხეთში გააკეთეს ევროპის ჩემპიონატზე).
ვაჟებიდან ეს ლიცენზია ჯერ მხოლოდ ფხაკაძეს აქვს, თუმცა მარათონში სალიცენზიოში ისიც გამოვა.
საგზურის გათამაშების პრინციპი ზუსტად იგივეა, როგორიც დიდ ოლიმპიადაზე - პლეი ოფში 16 საუკეთესო გუნდი გადის, ლიცენზიის მოსაპოვებლად კი ერთი წრის გავლაც საკმარისია. შესაძლოა, ჩვენი მწვრთნელები ამიტომაც ვერ ენდნენ შუშაძეს, რადგან გუნდური შედეგები სწორედ სასტარტოს შეჯამებით დაითვლება - რაც უფრო უკეთ ისვრიან და შესარჩევში მაღალ ადგილზე გავლენ, მით მეტი შანსია, პლეი ოფში მაღალი ადგილით შევიდნენ და პირველ წრეში შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდეთ და მერვედფინალში გავიდნენ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუნდურ ჩათვლაში შევა არა ექვსივეს, არამედ სამი საუკეთესოს შედეგი.
ეს სალიცენზიო ტურნირი ცალკე ჩატარდება, ძირითადი შეჯიბრებისგან დამოუკიდებლად და მასში იმ ქვეყნების წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა გუნდებმაც უკვე გაინაღდეს საგზურები (ზუსტად ეს წესი მოქმედებს ჩვენი ქალების შემთხვევაში).
27-შივე, სალიცენზიო ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება პლეი ოფები პირად პირველობაში, მედლებისთვის ფინალური შეხვედრები კი უკლებლივ ყველა დისციპლინაში ასპარეზობის ბოლო დღეს, 28 მარტს ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"