მშვილდოსნობა. ევროპის დიდი პრიზი: ქრისტინე ესებუა ფინალშია!

AutoSharing Option
ქრისტინე ესებუა ევროპის "დიდი პრიზის" ფინალშია! მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ამ წარმატებას ბულგარეთში მიმდინარე ტურნირზე მიაღწია, სადაც ოთხი მეტოქიდან მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. ის ოქროს მედლისთვის 16 აპრილს იასპარეზებს, როცა უკრაინელ პოლინა როდიონოვას გაეჯიბრება.

თავიდან ესებუას თანაგუნდელებიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ, თუმცა მედლებამდე სხვამ ვერავინ მიაღწია. დამარცხდნენ ჩვენი ვაჟებიც და ახლა ყველანი გუნდურზე გადაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კვარტეტიდან საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე ცუდად ესებუამ ისროლა და თანაგუნდელებს შორის მეოთხე შედეგი ჰქონდა (610 ქულა და 41-ე ადგილი ტურნირზე), ანუ გუნდურშიც ვერ მოხვდა.

პლეი ოფის პირველ შეხვედრაში
ესებუამ ესტონელი სირეტ ლუიკი 6:0 დაამარცხა. მან განსაკუთრებით ძლიერად პირველ ორ სერიაში ისროლა, როცა მხოლოდ თითო ქულა დაკარგა: 29:23; 29:21 მოიგო, მესამეში კი 25:21 იმარჯვა. 1/16-ფინალში ჩვენმა ჩუბინმა მოლდოველი ალექსანდრა მირკა 6:2 დაამარცხა. აქ მთლად ისე ზუსტი ვერ იყო და მეორე სეტი 27:28 დათმო კიდეც, თუმცა მოლდოველიც არაა ძლიერი მსროლელი (იმის მიუხედავად, რომ საკვალიფიკაციოში მერვეზე გავიდა) და დანარჩენებში ქართველს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია: 26:23; 26:25; 28:26 ესებუას სასარგებლოდ.

ესებუას ყველაზე მეტად მერვედფინალში გაუჭირდა, სადაც მინი-თრილერი მოუგო პოლონელ კარინა ლიპიარსკა-პალკას - ორი სეტის შემდეგ 0:4 აგებდა, მაგრამ მომდევნო სამში იმარჯვა და საბოლოოდ 6:4 მოიგო.

პირველ სერიებში ციდან ვარსკვლავები არც პოლონელს ჩამოუკრეფია, თუმცა ესებუამ ცუდად ისროლა და 23:26; 21:25 წააგო. აი, სწორედ ამის შემდეგ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი, 24:22 მოიგო, მეოთხე სეტში კი უშეცდომოდ გაისარჯა და 30:23 იმარჯვა. საბედნიეროდ, მტკიცე ხასიათმა არც დამატებით, მეხუთე სეტში უმტყუნა და 27:24 საბოლოოდ დაამარცხა მეტოქე.

ესებუას მეოთხედფინალში ძლიერი მეტოქე ჰყავდა - შესარჩევი ტურნირის მომგები სლოვენიელი ანა უმერი, თუმცა ყველაზე იოლად მას მოუგო - 7:1. პირველი სეტი ფრედ დასრულდა - 27:27, რაც უმერის ბოლო წარმატება გამოდგა, დანარჩენებში კი ქართველმა 24:23; 27:26; 23:19 იმარჯვა.

ნახევარფინალში ესებუას მისთვის უხერხული მეტოქე ჰყავდა - თურქი ეცემ იასემინ ანაგოზი და ამჯერადაც დიდი ბრძოლა გადახდა, თუმცა 6:4 მაინც მოუგო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - თავიდან თურქმა 27:26 მოიგო და 2:0 დაწინაურდა. სამაგიეროდ, ესებუამ მომდევნო ორში 22:21; 25:23 იმარჯვა და საერთო ანგარიშში უკვე თვითონ დაწინაურდა: 4:2. ანაგოზმა ერთხელაც და საბოლოოდ გაიბრძოლა, როცა მეოთხე სეტში 29:27 მოიგო და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა, 4:4. მეხუთე, დამატებით სეტში უკვე ესებუას ვაჟკაცობის ჯერი დადგა და 27:26 წარმატებით ფინალში გავიდა.

ესებუას გარდა, 1/24-ფინალური ეტაპი მხოლოდ ციკო ფუტკარაძემ გადალახა, იულია ლობჟანიძემ კი დასანანი მარცხი იწვნია.

ფუტკარაძემ ჰოლანდიელ სარა კვაკსს დამაჯერებლად მოუგო, 6:0. თან საკმაოდ კარგი ქულები დააგროვა: 28:25; 29:24; 27:23. ლობჟანიძე ბერძენ ევანგელისტა პსარას ხვდებოდა და გადასროლაში წააგო. თუმცა ის დამატებითი ისარიც ორივემ 8-იანში მოარტყა, მაგრამ ბერძნისა უფრო ცენტრისკენ იყო და შემდეგ ეტაპზეც ის გავიდა - 5:6.

თავიდან ლობჟანიძე დაწინაურდა - 27:24, მაგრამ შემდეგ ერთი ფრედ დაასრულა, ორი წააგო და საერთო ანგარიშში 3:5 ჩამორჩა. სამაგიეროდ, ბოლო სერიაში 26:24 მოიგო და ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა დამატებითში შანსი ვერ გამოიყენა. მით უფრო, ვერც მეტოქემ გაიბრწყინა.

1/16-ფინალში ესებუასა და ფუტკარაძის დუეტს ხათუნა ნარიმანიძეც შეუერთდა, რომელმაც მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე, სომეხი ნუნე ვასილიანი 7:1 დაჯაბნა, რაც მოსალოდნელიც იყო.

სამაგიეროდ, წააგო მისმა შვილმა ფუტკარაძემ - სლოვაკ ალექსანდრა ლონგოვასთან 0:6 დათმო. სამწუხაროდ, მას შეხვედრის გადარჩენის შანსი არც მისცემია. თავად ნარიმანიძე მერვედფინალში სწორედ იმ უკრაინელ პოლინა როდიონოვასთან დამარცხდა, რომელიც ხვალ ესებუას შეხვდება ფინალში.

სამწუხაროდ, ჩვენი ვაჟები პლეი ოფის მეორე წრეშივე დამარცხდნენ, სადაც სამი ქართველი გავიდა. ვლადიმერ დოლიძემ რუმინელ ანდრეი დანილასთან 0:6 წააგო, ჯაბა მოსეშვილმა უკრაინელ ჰევორჰი ივანიცკისთან 2:6 დათმო, ყველაზე დასანანი მარცხი კი ლაშა ფხაკაძემ იწვნია, რომელმაც, ლობჟანიძის მსგავსად, გადასროლაში 5:6 წააგო მალაიზიელ მუჰამად ზარიფ სიაჰირ ზოლკეპელისთან.

ფინალური პაექრობები უკლებლივ ყველა დისტანციაში ხვალ გაიმართება. მათ შორის - ქალთა შორის პირად პირველობაშიც, სადაც ესებუა როდიონოვას შეხვდება. თუმცა ჩვენებს დღეს გუნდური შეჯიბრება ელოდებათ, სადაც ქალთა ნაკრები (ნარიმანიძე, ფუტკარაძე, ესებუა) ბულგარელებს (მარინა ნაიდენოვა, დობრომირა დანაილოვა, იორდანკა ათანასოვა) შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ირაკლი, ერთი ვაჟი გამოგრჩათ ზურაბ მესტვირიშვილი, რომელმაც 320-319 ქულა მოიპოვა და ქართველ ვაჟებს შორის მეორე შედეგი დააფიქსირა, იგი პირველივე წრეში დამარცხდა 4-6















მანანა
23:14 16-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული