200 მეტრ დისტანციაზე მან ერთადგილიანი კანოეთი მესამე ადგილი დაიკავა. შესარჩევ გაცურვაში იგი 42.300 წამით მესამე იყო. პირველ-მეორე ადგილებზე რუსი ალექსეი კოროვაშკოვი (41.452) და ჩეხი მარტინ ფუკსა (41.740) გავიდნენ.
ქართველმა ნიჩბოსანმა ფინალში საგრძნობლად გააუმჯობესა კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგი, მაგრამ 38.342-მა წამმა მას ისევ მესამე ადგილი მოუტანა. ოქრო
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზაზა ნადირაძემ ისევ ბელარუსს მიაშურა და იქაური მწვრთნელების ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განაგრძობს მზადებას. ქართველ ნიჩბოსანს ბრესტში შევეხმიანეთ.
- ევროპის ჩემპიონატისთვისაც აქ ვემზადებოდი. მასპინძლებმა შესანიშნავი პირობები შემიქმნეს. ჯერ მსოფლიოს თასზე ვიასპარეზე - ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე 38.320 წამით მეორე ადგილი დავიკავე. ფინიშთან პირველი იყო ლიტველი ჰენრიკას ჟუსტაუსტასი (38.136), ხოლო მესამე ადგილზე რუსი ივან შტილი (38.458) გავიდა.
ამ წარმატების მერე ევროპამდე ბოლო ორი კვირა ისევ ბრესტში გავატარე. პირველი კვირა ავადმყოფობის გამო, ფაქტობრივად, ჩამივარდა, მაგრამ ბოლო რვა დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ვივარჯიშე და შედეგიც მოულოდნელი აღმოჩნდა.
- რატომ? სამეულში მოხვედრას არ გეგმავდით?
- შეჯიბრებებში ყოველთვის გასამარჯვებლად ვებმები, მაგრამ, როგორც ვთქვი, ავადმყოფობის გამო, თანაც ტურნირამდე ნახევარი თვით ადრე, მთელი კვირა რომ გამიცდა, დანაკარგის ანაზღაურება მეეჭვებოდა. თუმცა მედლის მოპოვების იმედი არასდროს დამიკარგავს.
- კონკურენტებად ვის მიიჩნევდით?
- ჩემპიონატებზე სუსტი მეტოქეები არ არიან. ბოლო წლებში ძალიან დაწინაურდნენ ჰენრიკას ჟუსტაუტასი და მარტინ ფუკსა. ახალგაზრდულ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში ისინი მიწევდნენ კონკურენციას მედლებისთვის ბრძოლაში. შარშან ჰენრიკასს ორჯერ დავუპირისპირდი – მსოფლიოს თასზე და რიოში, ორჯერვე ვაჯობე: მსოფლიო თასზე მე მესამე ვიყავი, ლიტველი კი – მეოთხე, რიოს თამაშებზე კი ჟუსტაუტასი და ფუკსა ფინალში ვერ მოხვდნენ.
რაც შეეხება რუს ალექსეი კოროვაშკოვს, იგი ტიტულოვანი სპორტსმენია: 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ორადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე მესამე ადგილი დაიკავა, 2011 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატებზე ხუთი ოქრო აქვს მოპოვებული ორადგილიანი კანოეთი, ხოლო 2014 წელს 200 მეტრზე ერთადგილიანით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ევროპის რვაგზის ჩემპიონია და სამგზის ვერცხლის პრიზიორი.
მართალია, უფრო ხშირად სტაიერულ დისტანციებზე აღწევდა წარმატებას, მაგრამ გამოცდილება ხომ ძალიან ბევრს ნიშნავს. კონკურენტები სხვებიც იყვნენ, რომლებიც რიოს ფინალში გამოდიოდნენ.
ყოველივეს მიუხედავად, ასპარეზობისას შემართებით ვიყავი და ბედნიერი ვარ, რომ უმედლოდ არ დავრჩი.
- უშუალოდ პაექრობაზე რას იტყვით?
- საკვალიფიკაციო გაცურვისას ცუდი შედეგი ვაჩვენე - დაახლოებით მეხუთე-მეექვსე ადგილების შესაფერისი. საბედნიეროდ, ჩემს ჯგუფში მესამე ვიყავი და პირდაპირ მოვხვდი ფინალში. იქ კი უფრო მოვინდომე. ალბათ, უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეიძლებოდა, მაგრამ იმ მომენტისთვის ეს აღმოჩნდა ჩემი მომზადების მაქსიმალური დონე, რამაც ბრინჯაოს მედალი მარგუნა.
- ზაზა, 2016 წლის შემდეგ ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრი აღარ არის ოლიმპიური სახეობა. 1000 მეტრზე როდის გადაინაცვლებთ?
- სამწუხაროა, რომ 200 მეტრი ოლიმპიადების პროგრამიდან ამოიღეს, თამაშებში მის ხარჯზე ქალთა რაოდენობა გაზარდეს. არადა, ამ დისტანციაზე პაექრობები ძალიან მიმზიდველი და დაძაბული იყო.
პრიზიორთა ვინაობის გარკვევა ზოგჯერ ფოტოფინიშით თუ იყო შესაძლებელი. 200 მეტრზე წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოვალ, რადგან ამ დისტანციიდან მსოფლიოს მედლის გარეშე წასვლა არ მინდა. წლეულს შემოდგომიდან 2018 წლის პაექრობებისთვის 1000 მეტრზე დავიწყებ მზადებას.
- თქვენ სპრინტერი ხართ და სტაიერულ დისტანციაზე რა პერსპექტივებს ხედავთ?
- ალბათ, ახალ დისციპლინასაც შევეგუები. საამისოდ ალექსეი კოროვაშკოვის მაგალითიც კმარა – იგი ხომ 200 და 1000 მეტრზეც თანაბარი წარმატებით ასპარეზობს. თანაც ჩემს უახლოეს კონკურენტებსაც მოუწევთ ახალ დისტანციაზე გადაწყობა.
ასე რომ, ყველანი თანაბარ სიტუაციაში ვართ. მთავარია, ვინ უფრო ადრე მოასწრებს ადაპტაციას. ცხადია, მოსამზადებლად სათანადო პირობებიც იქნება აუცილებელი.
- 23 აგვისტოს ჩეხეთში ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. ამ შეჯიბრებისთვის სად მოემზადებით და რომელ დისტანციებზე მოსინჯავთ ძალებს?
- როგორც გითხარით, ევროპის ჩემპიონატისთვის ბრესტში შესანიშნავი პირობები შემიქმნეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, მსოფლიოსთვისაც აქ განვაგრძო წვრთნა ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით, თვის ბოლოს კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ლომიშვილიც შემოგვიერთდება.
ჩეხეთში მხოლოდ 200 მეტრზე ვცდი ძალებს, რადგან 1000 მეტრზე შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად დრო არ გვეყოფა. აქვე გადავწყვეტთ, სტარტებისთვის რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე თუ გამოვალ. ისე, იმდენი გამოცდილება მაქვს, რომ ასეთ შეჯიბრებებში ძალებისა და ემოციების ხარჯვა აუცილებელი არ არის.
- წლების წინათ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუნჯობესებლად თბილისში მშენებლობებზე მუშაობდით და ისე მიემგზავრებოდით ტურნირებზე. ბელარუსებსაც ხომ არ ეხმარებით სახლების აშენებაში?
- ეგ დრო, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა. საქართველოს კანოეს ფედერაცია, სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი ყველაფერს აკეთებენ, შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად ნორნმალური პირობები შემიქმნან.
განსაკუთრებით გულშემატკივრების მადლიერი ვარ-მათი ქომაგობა ჩემთვის დამატებითი სტიმულია, ამიტომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"