ფინალში ამ ორ სპორტსმენთან ერთად ჩვენებური კიდევ ხუთ ნიჩბოსანს მეტოქეობდა. სამწუხაროდ, ზაზამ სტარტი დაგვიანებით აიღო, თუმცა მალევე აღადგინა ჩამორჩენა და ლამის ფინიშამდე მესამე პოზიცია ეკავა. სამწუხაროდ, მისი შენარჩუნება ვერ შეძლო და 39.817 წამით მეხუთე ადგილი დაიკავა - ბრინჯაომდე 0,19 წამი დააკლდა.
ოლიმპიური ჩემპიონობა იური ჩებანმა (39.279) შეინარჩუნა. მეორე ადგილზე ვალენტინ დემიანენკო (39.493) გავიდა. ბრინჯაოს მედალი ბრაზილიელ დოშ სანტოშს (39.628) ერგო, მეოთხე იყო ესპანელი ალფონსო ბენავიდესი (39.649). ბოლო სამ ადგილზე რუსი ანდრეი კრაიტორი (40.105), ჩინელი ლი ძიანი (40.143) და ფრანგი ტომა სიმარი გავიდნენ.
საქართველოს სპორტის ისტორიაში ნადირაძე მესამე ნიჩბოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა (1972 წელს მიუნხენში ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა ორადგილიანი ბაიდარათი ბელარუს ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო მცხეთელი გიორგი ნასყიდაშვილი ნიჩბოსნურ სლალომში 31-ე იყო), ხოლო კანოისტებში პირველია.
ამას წინათ ზაზა ნადირაძეს მცხეთაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდით. საუბარი სწორედ რიოში გადამწყვეტი ასპარეზობის გახსენებით დავიწყეთ.
- ფინალის დღეს დილიდანვე კარგ განწყობაზე ვიყავი, - გვითხრა მან. - უწინდებურად შემართული. მედლებისა რა გითხრათ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,შესაძლებლობის მაქსიმუმი მეჩვენებინა, რასაც წარმატების მოტანა შეეძლო. ამის თქმის საბაბს ის მაძლევს, რომ ბოლო ერთი კვირა ჩებანსა და დემიანენკოსთან ერთად ვვარჯიშობდი და 100 თუ 200 მეტრზე მათ ხშირად ვუგებდი, თანაც - სოლიდურადაც. წინადღეს ნახევარფინალშიც ვაჯობე ორივეს.
- მაშ, რა მოხდა ფინალში?
- ვარჯიშებისას მეტ ყურადღებას სტარტების დამუშავებას ვანიჭებდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი სუსტი წერტილი. წლეულს მაისში ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ევროპის 23-წლამდელთა პირველობაზე გამოვედი, რადგან საშეჯიბრო გამოცდილება მჭირდებოდა. ფაქტობრივად, მოუმზადებელმა მესამე ადგილი დავიკავე - ენერგიას რიოს ოლიმპიადისთვის ვინახავდი. მაშინაც სტარტის წაგებამ დამაზარალა. არ მინანია, რადგან, როგორც გითხარით, მოუმზადებელი ვიყავი.
მერე ერთი თვე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბატონ კახა ლომიშვილთან ერთად პორტუგალიაში ვვარჯიშობდი, მეტ დროს სტარტისა და ფინიშის დამუშავებას ვანდომებდი. იცით, რომ შარშან 26 ნოემბერს ოპერაცია გავიკეთე. წვრთნა წლეულს თებერვლის მიწურულს განვაახლე. 20 მაისს სალიცენზიო ტურნირზე რომ გამოვედი, ჭრილობა მაშინაც მოუშუშებული მქონდა. ყოველივეს მიუხედავად, სპორტული ფორმის აღდგენა მოვახერხე.
ოლიმპიადის ნახევარფინალში, მართალია, სახარბიელო სტარტი ვერ ავიღე, მაგრამ მაინც შევძელი, სხვებს არ ჩამოვრჩენოდი. რაღაც მომენტში დემიანენკომ თითქმის მეტრით გამისწრო, მაგრამ, რადგანაც ვარჯიშებზე დისტანციის ბოლო 30 მეტრი კარგად დავამუშავე, სიჩქარე შევინარჩუნე და ფინიშზე ყველას გავუსწარი. დემიანენკო მეორე იყო, ჩებანი მესამეზე გავიდა და მხოლოდ კარგი დროის წყალობით მოხვდა ფინალში.
- საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე იყავით...
- დიახ, ასეც იყო ჩაფიქრებული. არ გაგვირისკავს, რადგან ვიცოდი ჩემს გვერდით მყოფი სპორტსმენების შესაძლებლობები. ნახევარფინალში მოსახვედრად ორი მეტოქის ჩამოტოვებაც საკმარისი იყო. ასეც მოხდა, სამაგიეროდ, ნახევარფინალისთვის, რომელიც ერთ საათში გაიმართა, ენერგია შემოვინახე.
- ნახევარფინალში თქვენმა მეტოქეებმაც ამ ხერხს ხომ არ მიმართეს?
- არა, 200 მეტრზე, როცა ფინალის ბედი წყდება და გადამწყვეტ გაცურვაში მხოლოდ ორი საუკეთესო გადის, ამის გაფიქრებაც კი შეუძლებელია. ხომ ნახეთ, ნახევარფინალში მესამე ადგილზე გასული ჩებანი მეტოქეებთან შედარებით უკეთესი დროის წყალობით ძლივს მოხვდა ფინალში, სადაც მან ტიტული შეინარჩუნა, მე კი უმედლოდ დავრჩი.
ყველაფერი ჩემი შეცდომის ბრალია: ნიჩბებზე, ფაქტობრივად, ყველა სპორტსმენს, მათ შორის - მეც, ლეიკოპლასტირი გვაქვს დახვეული, ნიჩბის დასველებისას ხელი რომ არ გაგვიცურდეს. ჩემს ნიჩაბზე ის საკმაოდ იყო გაცვეთილი, თუმცა კიდევ კარგა ხანს შეიძლებოდა გამომდგომოდა, მაგრამ გადამწყვეტი ასპარეზობის წინ მისი ნიჩაბზე დატოვება ვეღარ გავრისკე - შეჯიბრებისას არ მოძვრეს და ხელი არ შემიშალოს-მეთქი. ახალი აღარ დავახვიე, რადგან შეჩვევა იყო საჭირო. ყურადღება უნდა გამემახვილებინა, რომ სტარტისას ნიჩაბზე ხელი არ ჩამცურებოდა. სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა და სტარტიც გვარიანად წავაგე.
პორტუგალიაში დისტანციას რომ ვამუშავებდი, სადღაც 120 მეტრის შემდეგ ვგრძნობდი დაღლას, მერე სიჩქარის შენარჩუნებაზე გადავდიოდი. რიოს ფინალში კი ხელი რომ ჩამიცურდა, ნიჩაბს ძალას ვერ ვატანდი. მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე.
მოგეხსენებათ, 200 მეტრი სპრინტერული დისტანციაა და ყოველ სანტიმეტრსა თუ წამს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დაახლოებით 20-25 მოსმის შემდეგ ნიჩაბზე ხელი რომ ამოვაცოცე და მთელი ძალით მოვუსვი, დაღლა ვიგრძენი, არადა, ფინიშამდე ჯერ კიდევ შორი იყო. მაინც წამოვეწიე დაწინაურებულთ. ფინიშამდე 10-ოდე მეტრი იყო დარჩენილი, მესამე პოზიციაზე რომ აღმოვჩნდი. სამწუხაროდ, კუნთებმა დაძაბულობას ვერ გაუძლო - სხეულის ყველა ნაკვთი დამეჭიმა და ვეღარ ვმოძრაობდი, ნავიც გვერდზე გამექცა, მაგრამ მისი გასწორების თავიც არ მქონდა.
- ნავის ფეხით გაცურებაც ცოტა ადრე ხომ არ მოგივიდა?
- დიახ, ასე იყო. ჯერ მთელი ძალით ნიჩბით ნახევარი მოსმა უნდა შემესრულებინა და ნავი ისე გამეცურებინა, მაგრამ ქანცგამოლეულმა ფინიშზე მოსმა ვეღარ შევძელი. შესაძლებელი იყო, საერთოდ, ნავი ამოყირავებულიყო და მეხუთე ადგილიც დამეკარგა. ფოტოფინიშზე გამოჩნდა, რომ მეორე-მეხუთეადგილოსნებს შორის სხვაობა 3-5 სანტიმეტრი თუ იყო. გულდასაწყვეტია, ცუდი სტარტის გამო ოლიმპიური მედალი რომ დავკარგე.
- მტკვარზე დაწყებული სპორტული კარიერისთვის ოლიმპიური მეხუთე ადგილიც არ უნდა იყოს ურიგო...
- არა, მტკვრით არ დამიწყია: ბავშვობისას სამი წელიწადი დედულეთში - სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში გავატარე და იქაურ სკოლაში ვსწავლობდი. თანატოლ ბიჭებთან ერთად ზაფხულობით მდინარე ტეხურაზე დავდიოდი საცურაოდ. ცოტა ხანს ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მერე რაგბის ვთამაშობდი. მცხეთაში რომ დავბრუნდით საცხოვრებლად, ჩემმა მეგობარმა ვასილი პესტოვმა, რომელიც ნიჩბოსნობაში ვარჯიშობდა, ბატონ ვალიკო გირდასთან მიმიყვანა. მდინარეს შეჩვეულს ძალიან მომეწონა ნიჩბოსნობა. მე და ჩემი ძმა ორადგილიანი კანოეთი რამდენჯერმე გავხდით საქართველოს ჩემპიონი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან პროფესიით დაიწყო მუშაობა და ნიჩბოსნობას თავი დაანება, მე კი დღემდე შემოვრჩი და ძალიან ამაყიც ვარ, რომ მცხეთის სანიჩბოსნო ტრადიციებს ვაგრძელებ, რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელებს - ნიკოლოზ გირდას და კახა ლომიშვილს, ბატონ ვიტალი გრძელიშვილსა და კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქაცარავას.
- პრესაში არაერთხელ დაიწერა, ნადირაძე უნიჩბოდ და უნავოდ არისო. ასეა?
- 2014 წელს საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან გერმანიაში გავემგზავრე, სადაც ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ლიცენზიები თამაშდებოდა. აეროპორტის თანამშრომლებმა ნიჩაბი გამიტეხეს. შეჯიბრებამდე ორი კვირა იყო დარჩენილი. სხვადასხვა ზომის ნიჩაბი მომიტანეს, მცხეთიდანაც ნიჩბის ტარი გამომიგზავნეს, მაგრამ ყველა ხისტი აღმოჩნდა - მხარი მატკინა, ამიტომ მხოლოოდ ფიზიკური ძალის შენარჩუნებაზე ვზრუნავდი. ასპარეზობამდე ორიოდე დღით ადრე ლიტვურმა ფირმა "ბრაჩამ" მაჩუქა ახალი ნიჩაბი. კარგად მოვირგე - ჯერ ლიცენზია ავიღე მეათე ადგილით, მერე სეგედში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. შარშან ბაქოს თამაშების შემდეგ სპორტის სამინისტრომ ახალი ნიჩაბი შემიძინა, რომლითაც ვიასპარეზე რიოში.
რაც შეეხება ნავს, 2012 წელს მცხეთის სანიჩბოსნოს სკოლის დირექტორმა ვიტალი გრძელიშვილმა ახალი ნავი შეიძინა, რომელიც ერთად ამოვარჩიეთ საამქროში. დღესაც იმ ნავით ვვარჯიშობ. კარგი იქნება, თუ მეტი ახალი ნავი და ნიჩაბი გვექნება, რადგან დღეს ნიჩბოსნობით ბევრი მოზარდია გატაცებული, მათ შორის მრავლად არიან ნიჭიერები. მათ მეტი თანადგომა და ხელშეწყობა სჭირდება.
- მასმედიის წარმომადგენლებს არც ის გამორჩენიათ, მშენებლობაზე რომ მუშაობდი...
- ეს ორი წლის წინათ იყო. რიოში ფინალური პაექრობის შემდეგ ჩებანი გამეხუმრა, ოლიმპიადამდე მშენებლობაზე ცოტა მეტი რომ გემუშავა, აუცილებლად გაიმარჯვებდი, მაგრამ გული არ დაგწყდეს, მომავალი ოლიმპიადა შენი იქნება, რადგან ჩვენ მანამდე დავბერდებითო. მათი სიბერისა რა გითხრათ, მაგრამ 2020 წელს ტოკიოში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად რომ არაფერს დავიშურებ, ეს ცხადია.
ახლა კი ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში გვერდით მედგა, მიქომაგა და ჩემი წარმატება გაუხარდა. ვეცდები, მომავალში მათ იმედები არ გავუცრუო...
ვიტალი გრძელიშვილი:
- ზაზას თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგი სპორტსმენი დადგებოდა, ამიტომ მცხეთის სანიჩბოსნო სკოლაში ყოველმხრივ ვეხმარებოდით. სპორტის სამინისტრომ ნავები შეგვიძინა თუ არა, ერთი ერთი ნავი მაშინვე ზაზას გამოვუყავით. 17 წლისას ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიამდე ცოტა დააკლდა. ახლა იგი ჩვენს სკოლაში კანოისტთა ჯგუფს ავარჯიშებს, ხელფასს ვუხდით. უწინ მოზარდები კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობას თუ ეტანებოდნენ, ახლა კანოეში ეწერებიან - ზაზასთან ვარჯიში ახალგაზრდებისთვის სტიმულია. მთავარია, საჭირო რაოდენობის ნავები გვყავდეს. წესიერი, მონდომებული ყმაწვილია. მჯერა, რომ ოთხი წლის შემდეგ იაპონიაში უმედლოდ არ დარჩება.
ვალიკო გირდა:
- ბავშვი იყო, ჩემთან ვარჯიში რომ დაიწყო, მაგრამ მისი ტალანტი მალევე გამოჩნდა - თანატოლებში ყველა შეჯიბრებას იგებდა. რიოს ოლიმპიადაზე რომ მიემგზავრებოდა, დარწმუნებული ვიყავი, ფინალში მოხვდებოდა. ნახევარფინალმა მედლის იმედიც ჩამისახა. რომ არა უნებლიე შეცდომა, რომელსაც მწვრთნელი ყურადღებას ვერც მიაქცევდა, აუცილებლად ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავიდოდა. პირველ 50 მეტრზე დახარჯა მთელი ძალა, როცა მოსმა დაუპატარავდა, სისწრაფე დაკარგა და დაწინაურებულთა დაწევას დიდი ენერგია შეალია. ფინიშზე აშკარად დაღლილი იყო და ნავიც გაექცა. ვიმედოვნებ, რომ ზაზა ნადირაძე გაისად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე რიოში დანაკარგს აინაზღაურებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"