ლეგენდასთან გამოთხოვება

AutoSharing Option
თუ ლეგენდარული სტივენ ჰენდრი ამ ჩემპიონატის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას (რაც მან არაერთხელ განაცხადა), მაშინ თამამად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ეს ღირსშესანიშნავი და ნაღვლიანი მომენტი ძალიან ახლოსაა.

მეორე წრეში ლეგენდარული შოტლანდიელი მარკ სელბის ხვდება და ამ უკანასკნელს ერთი ფრეიმის მოგება სჭირდება მეოთხედფინალში გასასვლელად. პირველი სესიის 7:1 მოგების შემდეგ, ინგლისელმა გააგრძელა ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირება. ასეთი მომზადების წყალობით, სელბის შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე წელსვე განაცხადოს პრეტენზია.

მეორე სესიის პირველივე ფრეიმში სელბიმ 100-ქულიანი "სენჩური-კლირენსი" გაიფორმა. "მაესტრომ" მაშინვე უპასუხა 63-ქულიანი ბრეიკით, თუმცა ამას
ინგლისელის განწყობაზე არ უმოქმედია. სელბიმ კიდევ ერთი "სენჩური-ბრეიკი" (ზედიზედ 127 ქულა) გააკეთა და მატჩში ანგარიში 10:2 გახდა.

ჰენდრიმ შემდეგი ორი პარტია მოიგო, მაგრამ სესია იმით დასრულდა, რომ მარკმა 117-ქულიანი "სენჩური" მოაწყო. ეს იყო მატჩში მეექვსე "სენჩური-ბრეიკი", რაც აქამდე არც ერთ სნუკერისტს არ გაუკეთებია. წინა რეკორდსმენი სწორედ სტივენ ჰენდრი გახლდათ, რომელსაც ერთ შეხვედრაში ხუთი "ასიანი ბრეიკი" ჰქონდა. გარდა ამისა, ინგლისელმა სტივენის კიდევ ერთი რეკორდი დაამხო - სეზონში მის ანგარიშზე 53 "სენჩურია", რაც ერთით მეტია ჰენდრისა და სამით მეტი რონი ო'სალივანის შედეგზე.

მაშ ასე, სელბი ორი სესიის შემდეგ 12:4-ს იგებს და ჰენდრის მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს.

რაც შეეხება მეორე ლეგენდას - რონი ო'სალივანს, მას უჭირს შონ მერფის წინააღმდეგობის დაძლევა. პირველი სესია რონიმ 6:2 მოიგო, მეორეში კი მერფიმ მოუმატა. მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონმა 44 და 55-ქულიანი სერიების შემდეგ 4:6 გახადა ანგარიში.

მე-11 ფრეიმში 65-ქულიანი ბრეიკის წყალობით ო'სალივანმა ისევ გაზარდა უპირატესობა, მაგრამ მერფიმ სწრაფად უპასუხა - ბრწყინვალე ტაქტიკური თამაშით აჯობა რონის. ბოლოს მეტოქეებმა ორ-ორი პარტია გაცვალეს და მესამე სესიამდე 9:7 ანგარიშით დაშორდნენ ერთმანეთს. ჯერჯერობით წინ ო'სალივანია.

როგორც ჩანს, კიდევ ერთ მატჩში გარკვეულია გამარჯვებული. ჯონ ჰიგინსს არ უნდა გაუჭირდეს რორი მაკლაუდის დამარცხება - შოტლანდიელი წინ არის 10:5. არადა, ჰიგინსი თავიდან 0:2 ჩამორჩა, მაგრამ პირველ სესიაში ზედიზედ ხუთი ფრეიმის აღება მოახერხა.

სტიუარტ ბინემი ორი სესიის შემდეგ მოულოდნელად უგებს ჩინელ დინ ჯუნჰუს - 9:7. ბინემი თავიდანვე დაწინაურდა - 5:3. ის უფრო სტაბილურ თამაშს აჩვენებდა, თუმცა ყველაზე გრძელი ბრეიკი ამ სესიაში ჩინელს ჰქონდა - 67 ქულა.

საღამოს სესიას მატჩის სურათში შესამჩნევი ცვლილებები არ შეუტანია. აღმოსავლელი ფავორიტი კვლავ შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან. შედეგად, მეცხრე ფრეიმში გამარჯვების შემდეგ დინმა ზედიზედ სამი პარტია წააგო - 4:8.

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ჯუნჰუმ თამაშის შესამჩნევად მომატება და სხვაობა ორ ფრეიმამდე შეამცირა - 6:8. სხვათა შორის, ჩინელმა
ერთხელ 93-ქულიანი ბრეიკი გაახერხა. ინგლისელმაც მოინდომა და სტატუს-ქვო აღადგინა. მაგრამ საბოლოო სიტყვა დინმა თქვა - ბოლო ფრეიმი სწორედ მან მოიგო და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს 7:9-ზე დაშორდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული