არის პირველი ნახევარფინალისტი

AutoSharing Option
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და უკვე გამოვლინდა ერთი ნახევარფინალისტი. ეს გახლავთ უელსელი მარკ უილიამსი, რომელმაც მარკ ალენი დაამარცხა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა პირველი სესია 5:3 მოიგო. თითქოს ჩრდილოირლანდიელი ახერხებდა ფავორიტთან გამკლავებას, მაგრამ მომდევნო ორ სესიაში უილიამსის უპირატესობა ძალიან დიდი იყო - ამ დროის განმავლობაში ალენმა მხოლოდ ორი ფრეიმის აღება შეძლო.

ეს პარტიები მარკმა მეორე სესიაში მოიგო, იმ დროს, როცა მისმა სეხნიამ ექვსი ფრეიმის აღება მოახერხა. უელსელმა ორჯერ 80-იანი ბრეიკი გააკეთა და აგრეთვე ორი სენჩური-ბრეიკი (104, 113) დააფიქსირა - 11:5.

მესამე სესიაში უილიამსმა უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯძებამდე - ზედიზედ ორი ფრეიმი მოიგო და ჩრდილოირლანდიელს ბრძოლის შანსი არ დაუტოვა.

აგრძელებს სენსაციურ გამოსვლას ჯად ტრამპი. პირველ ეტაპზე ნიჭიერმა ინგლისელმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, ამჯერად კი სულ ცოტა უკლია 2006 წლის ჩემპიონისა და მოქმედი ვიცე-ჩემპიონის გრემ დოტის დასამარცხებლად - ორი სესიის შემდეგ ამ მეოთხედფინალში ანგარიშია 11:5 ტრამპის სასარგებლოდ.

ჯადმა პირველ სესიაში ბრწყინვალე სნუკერი აჩვენა და 7:1 დაწინურდა. მეტოქე შოტლანდიელი კი ძალიან ბევრს ცდებოდა. ტრამპმა ექვსპარტიანი სხვაობა მეორე სესიის შემდეგ შეინარჩუნა, თუმცა წააგო ბოლო ორი ფრეიმი, რომელშიც გრემმა ორი სენჩური-ბრეიკი გააკეთა - 120 და 122 ქულა.

პირველი სესიის შემდეგ დინ ჯუნჰუ 5:3-ს უგებს მარკ სელბის. არადა, ამ უკანასკნელმა წინა ეტაპზე ბრძოლას გამოთიშა სტივ ჰენდრი. სელბიმ მეოთხედფინალი 124-ქულიანი "სენჩური-ბრეიკით" დაიწყო, მაგრამ ჩინელი არ შეუშინდა მეტოქის კარგ ფორმას და არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა - 2:1.

აზიელმა ამაზე შეჩერება არ ისურვა და 65-ქულიანი ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კიდევ ერთ ფრეიმი აიღო - 4:1. ამას მოჰყვა პარტიების გაცვლა, ბოლო ფრეიმი კი ტაქტიკურ ბრძოლაში წარიმართა, რომელშიც უფრო წარმატებული სელბი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან 74-ქულიანი ბრეიკი გააკეთა - 5:3 ჯუნჰუ იგებს.

მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩია ბოლო წლების კლასიკური დუელი ჯონ ჰიგინსსა და რონი ო'სალივანს შორის. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების დაპირისპირებაში ჯერჯერობით ანგარიშია - 4:4.

შეხვედრა უკეთ შოტლანდიელმა დაიწყო, იმ დროს, როცა ინგლისელმა უბრალოდ ჩააგდო პირველი ორი ფრეიმი - ო'სალივანმა ერთი ბურთიც ვერ მოათავსა ლუზაში.

რონი გამოვიდა შოკიდან და შემდეგი ორი პარტია მას დარჩა. ერთ-ერთში ო'სალივანმა 69-ქულიანი ბრეიკი გააკეთა. უკვე მეხუთე ფრეიმში ინგლისელს წინ გასვლის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ წითელ ბურთზე შეცდომით შეწყდა მისი 61-ქულიანი ბრეიკი და ჰიგინსმა რონის ცხვირწინ აართვა პარტიაში გამარჯვება.

შემდეგ ჯონმა 121-ქულიანი კლირენსი გააკეთა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 4:2. და მაინც, მატჩი თანაბარ ანგარიშზე შეწყდა, რადგან ო'სალივანმა 89 და 105-ქულიანი ბრეიკებით ორი ფრეიმი აიღო და ისევ გაუთანაბრდა მეტოქეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული