მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა პირველი სესია 5:3 მოიგო. თითქოს ჩრდილოირლანდიელი ახერხებდა ფავორიტთან გამკლავებას, მაგრამ მომდევნო ორ სესიაში უილიამსის უპირატესობა ძალიან დიდი იყო - ამ დროის განმავლობაში ალენმა მხოლოდ ორი ფრეიმის აღება შეძლო.
ეს პარტიები მარკმა მეორე სესიაში მოიგო, იმ დროს, როცა მისმა სეხნიამ ექვსი ფრეიმის აღება მოახერხა. უელსელმა ორჯერ 80-იანი ბრეიკი გააკეთა და აგრეთვე ორი სენჩური-ბრეიკი (104, 113) დააფიქსირა - 11:5.
აგრძელებს სენსაციურ გამოსვლას ჯად ტრამპი. პირველ ეტაპზე ნიჭიერმა ინგლისელმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, ამჯერად კი სულ ცოტა უკლია 2006 წლის ჩემპიონისა და მოქმედი ვიცე-ჩემპიონის გრემ დოტის დასამარცხებლად - ორი სესიის შემდეგ ამ მეოთხედფინალში ანგარიშია 11:5 ტრამპის სასარგებლოდ.
ჯადმა პირველ სესიაში ბრწყინვალე სნუკერი აჩვენა და 7:1 დაწინურდა. მეტოქე შოტლანდიელი კი ძალიან ბევრს ცდებოდა. ტრამპმა ექვსპარტიანი სხვაობა მეორე სესიის შემდეგ შეინარჩუნა, თუმცა წააგო ბოლო ორი ფრეიმი, რომელშიც გრემმა ორი სენჩური-ბრეიკი გააკეთა - 120 და 122 ქულა.
პირველი სესიის შემდეგ დინ ჯუნჰუ 5:3-ს უგებს მარკ სელბის. არადა, ამ უკანასკნელმა წინა ეტაპზე ბრძოლას გამოთიშა სტივ ჰენდრი. სელბიმ მეოთხედფინალი 124-ქულიანი "სენჩური-ბრეიკით" დაიწყო, მაგრამ ჩინელი არ შეუშინდა მეტოქის კარგ ფორმას და არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა - 2:1.
აზიელმა ამაზე შეჩერება არ ისურვა და 65-ქულიანი ბრეიკი გააკეთა, შემდეგ კიდევ ერთ ფრეიმი აიღო - 4:1. ამას მოჰყვა პარტიების გაცვლა, ბოლო ფრეიმი კი ტაქტიკურ ბრძოლაში წარიმართა, რომელშიც უფრო წარმატებული სელბი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან 74-ქულიანი ბრეიკი გააკეთა - 5:3 ჯუნჰუ იგებს.
მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩია ბოლო წლების კლასიკური დუელი ჯონ ჰიგინსსა და რონი ო'სალივანს შორის. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების დაპირისპირებაში ჯერჯერობით ანგარიშია - 4:4.
შეხვედრა უკეთ შოტლანდიელმა დაიწყო, იმ დროს, როცა ინგლისელმა უბრალოდ ჩააგდო პირველი ორი ფრეიმი - ო'სალივანმა ერთი ბურთიც ვერ მოათავსა ლუზაში.
რონი გამოვიდა შოკიდან და შემდეგი ორი პარტია მას დარჩა. ერთ-ერთში ო'სალივანმა 69-ქულიანი ბრეიკი გააკეთა. უკვე მეხუთე ფრეიმში ინგლისელს წინ გასვლის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ წითელ ბურთზე შეცდომით შეწყდა მისი 61-ქულიანი ბრეიკი და ჰიგინსმა რონის ცხვირწინ აართვა პარტიაში გამარჯვება.
შემდეგ ჯონმა 121-ქულიანი კლირენსი გააკეთა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 4:2. და მაინც, მატჩი თანაბარ ანგარიშზე შეწყდა, რადგან ო'სალივანმა 89 და 105-ქულიანი ბრეიკებით ორი ფრეიმი აიღო და ისევ გაუთანაბრდა მეტოქეს.