ოთხგზის ჰიგინსი

AutoSharing Option
შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ჩვენი წინა მიმოხილვა მაშინ შევწყვიტეთ, როცა მეორე ფინალისტი - ინგლისელი ჯად ტრამპი ორი სესიის შემდეგ წინ იყო - 10:7. მატჩის მომდევნო ორ ნაწილში საკითხი ასე იდგა - ინგლისელის ფსიქოლოგიური უპირატესობა გადაწონიდა თუ შოტლანდიელის გამოცდილება?

უკვე მესამე სესიაში ამ კითხვას მკაფიო პასუხი გაეცა. თუმცა დღის დასაწყისში თამაშის ხასიათი შენარჩუნებული იყო და მეტოქეები მოგებულ ფრეიმებს ცვლიდნენ. როგორც კი ჰიგინსმა შეამცირა სხვაობა, ჯადმა მაშინვე აღადგინა სტატუს-ქვო 104-ქულიანი სენჩურის წყალობით. ამის შემდეგ იყო ჯონის 97-ქულიანი ბრეიკი და
უფრო გრძელი სერია (99 ქულა) ტრამპისგან - 12:9.

ამ სესიაში და მთლიანად მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა 22-ე პარტია. 47 ქულაზე იძულებითი გაჩერების შემდეგ ტრამპმა ფრეიმის მოგების ბრწყინვალე შანსი მიიღო. მაგრამ ამისთვის მას რთული ცისფერი ბურთი უნდა ჩაეგდო. სავარაუდოდ, 21 წლის ინგლისელს არ უნდა გაერისკა, ის კი შეტევაზე წავიდა... ვერ ჩააგდო და ისე გამოვიდა, ახალგაზრდულმა ტემპერამენტმა დააღალატა ფინალისტი. რა თქმა უნდა, ჰიგინსმა ეს საჩუქარი კარგად გამოიყენა - 10:12.

მესამე სესიის დარჩენილი ფრეიმებიც ჯონს დარჩა. მან ჯერ 93-ქულიანი ბრეიკი დააფიქსირა, 113-ქულიანი "სენჩურით" კი ფინალში ანგარიში გათანაბრდა - 12:12.
შოტლანდიელის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო, მით უმეტეს, რომ მისი მეტოქე განადგურებული ჩანდა. შესაბამისად, ბოლო სესიის წინ ჰიგინსი იგებდა - 13:12.

მინიმალური სხვაობა იყო შენარჩუნებული მატჩის ბოლო ნაწილის პირველი ექვსი ფრეიმის შემდეგ - 16:15. 31-ე პარტია სწორედ ტრამპმა აიღო და მაშინ მან ჯერ არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო წარმატება იყო ფინალში.

არადა, შემდეგი ფრეიმი სწორედ მისი კარნახით მიდიოდა, მაგრამ 33-ქულიანი სერია ვერ გააგრძელა. ჯონმა კი 50 ქულა დააგროვა და მართალია, ყავისფერი ბურთი ააცილა, პარტია მაინც მას დარჩა - 17:15.

ჰიგინსს ერთი ნაბიჯის გადადგმა აკლდა მსოფლიოს ჩემპიონობამდე. თავიდან უპირატესობა ისევ ტრამპს ჰქონდა - მის აქტივში 60 ქულა იყო და მიუხედავად იმისა, რომ წითელი ბურთი ააცილა, ჰიგინსს მოსაგებად ორი სნუკერი სჭირდებოდა. ამ მომენტში შოტლანდიელმა მეტოქე შეცდომაში გამოიჭირა, როცა ჯადმა ვარდისფერი ბურთი ვერ მოათავსა მიზანში. ამის შემდეგ ჰიგინსმა ეფექტური კროს-დაბლით მოათავსა ეს ბურთი ლუზაში, ამას შავიც დაუმატა და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიპოვა.

ახლა ჰიგინსი აღარ იყოფს მესამე ადგილს რონი ო'სალივანთან ტიტულების რაოდენობით - ეს პოზიცია მას ერთპიროვნულად ეკუთვნის. არადა, ერთი წლის წინ ეს სნუკერისტი ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ ჰიგინსი ბევრს აღარ უყვარს და მისი მომავალი კარგა ხანი ბუნდოვანი იყო.
ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია, მამის სიკვდილი, უელსის ღია პირველობის მოგება და ბოლოს, ტრიუმფი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ასეთი დრამატული გამოუვიდა წელი ახლა უკვე მსოფლიოს ოთხზის ჩემპიონს.

რაც შეეხება ტრამპს, მან 21 წლის ასაკში უდიდეს შედეგს მიაღწია, მაგრამ მომავალში გაუჭირდება, რადგან მეტოქეები მას უფრო სერიოზულად მოეკიდებიან.

ფინალი
ჯონ ჰიგინსი-ჯად ტრამპი 18:15
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული