რუსეთში გამგზავრების წინ ზაურ სულაშვილს ვესაუბრეთ:
- მსოფლიოს თასი შვიდი ეტაპისგან შედგება, საიდანაც 4 საუკეთესო შედეგი გამოავლენს საპატიო ჯილდოს მფლობელსა და პრიზიორებს. წლეულს პირველი ეტაპი ვარნაში გაიმართა. იქ ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება გავიარეთ. ლუბა გოლოვინამ ფინალში მეშვიდე ადგილი დაიკავა. საინტერესო ის არის, რომ შარშანდელთან შედარებით ლუბას ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი 13,7-დან 14,1-მდე გავზარდეთ. პირველ ელემენტს, რომელსაც უწინ დაჯგუფებით ასრულებდა, ახლა კეცით აკეთებს, რაც ურთულეს ელემენტად მიიჩნევა. გოლოვინამ იგი ვარნის ტურნირის ფინალში გამოცადა და კარგადაც გამოუვიდა. ეს ელემენტი ვარჯიშებზე უფრო დაიხვეწა.
რაც შეეხება თენგიზ კოშკაძეს, მას ვარნაში ტრავმის გამო არ უასპარეზია. ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ტრავმა მოიშუშა. მონდომებით შეუდგა წვრთნას. შარშან კოშკაძემ პორტუგალიაში მსოფლიოს თასის ეტაპზე 16,2 სირთულით მე-6 ადგილი დაიკავა. ამჟამად სირთულის ეს მაჩვენებელი 16,4-მდე გავზარდეთ, რაც ზღვარი არ არის. ჩვენი სპორტსმენები მსოფლიოს თასის კიდევ სამ ეტაპზე მოსინჯავენ ძალებს. ყველა ეს შეჯიბრება გამიზნულია სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად. ამ ასპარეზობას კი 27-30 ნოემბერს ბირმინგემი უმასპინძლებს. ინგლისში ქალ-ვაჟთათვის ლონდონის ოლიმპიადის 8-8 საგზური გათამაშდება. დანარჩენი ლიცენზიების მფლობელები კი გაისად გამოვლინდებიან.