კუბა და გოლფი დაძმობილდნენ

AutoSharing Option
50 წლის წინ რევოლუციის ბელადმა ფიდელ კასტრომ გოლფს "ბურჟუაზიული გასართობი" უწოდა და კუბაზე ეს თამაში ყველა დონეზე აკრძალა. ახლა კი უცხოელმა ინვესტორებმა კუნძულზე გოლფის განვითარების უფლება მიიღეს.

როგორც გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, ქვეყნის მთავრობამ თანხმობა განაცხადა გოლფისტებისთვის ოთხი ფეშენებელური კომპლექსის მშენებლობაზე, რომელთა მთავარი ღირსება იქნება სტანდარტული მოედნები უნიკალური ლანდშაფტითა და დიზაინით. ამერიკული გამოცემა ამტკიცებს, რომ მოედნების მშენებლობის გარდა რაულ კასტრო უცხოელებს სტადიონების გარშემო რეზიდენციების შეძენის უფლებას მისცემს. ამით ის გადააბიჯებს სახელმწიფო კანონს, რომელიც კრძალავს უძრავი ქონების შეძენას, რადგან ეს
პროცესი "არღვევს სოციალისტური საზოგადოების პრინციპებს".

"ეს ნამდვილი გარღვევაა უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა გრემ კუკმა, რომელიც კომპანია Standing Feather International-ის დიზაინერი და არქიტექტორი გახლავთ. სწორედ ამ კომპანიამ გააფორმა კუნძულის მთავრობასთან თანამშრომლობაზე მემორანდუმი. მისი სიტყვებით, მსოფლიო მილიარდერებისთვის გოლფ-კურორტების მშენებლობა სექტემბერში დაიწყება.

"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ პირველ ეტაპზე საინვესტიციო პროექტი 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. იმ მეწარმეთა აზრით, რომლებმაც კომპლექსების აშენების უფლება მიიღეს, თავისუფლების კუნძულის ხელისუფლებამ ლოიალური გახადა თავისი შეხედულება ბიზნესზე, რაც კუბის სავალალო ეკონომიკური მდგომარებით არის გამოწვეული. ქვეყანა მხოლოდ ტურიზმისგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს. როგორც კუბის ტურიზმის მინისტრი მანუელ მარერო ამბობს, უახლოეს წლებში ქვეყანაში 16 გოლფ-კურორტი გაჩნდება. დღეს ამ თამაშის მოყვარულებს ერთადერთ ადგილზე შეუძლიათ გართობა - სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მოედანზე, რომელიც ვარადეროში მდებარეობს და სტანდარტური 18 ორმო გააჩნია.

მიაჩნიათ, რომ პროექტი ძირითადად მიმართული იქნება კანადელი, ევროპელი და აზიელი ტურისტებისთვის. ამერიკელები, რომლებსაც სამთავრობო ემბარგოს გამო 49 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ კუნძულზე გადასვლის უფლება, უახლოეს ხანში შეავსებენ ტურისტთა რიგებს. ცოტა ხნის წინ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გააუქმა ამერიკის მოქალაქეთა კუბაზე ჩასვლის აკრძალვა.

"კუბა ტურისტებს ტრადიციულად ზღვის პირას დასვენებას სთავაზობს, თუმცა მთავრობას ესმის, რომ ეს უკვე არ არის საკმარისი, - ამბობს Standing Feather-ის დირექტორი კრის ნიკოლასი. - ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი საზღვრები იყო დასაპყრობი და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გოლფი იქნებოდა შექმნილი სიტუაციიდან იდეალური გამოსავალი".

ოფიციალური მონაცემებით, შარშან კუნძული 2.4 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, რაც 12 პროცენტით ნაკლებია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული