36 ქვეყანა, 320 მონაწილე

AutoSharing Option
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყება ტაეკვანდოში ევროპის კადეტთა პირველობა. შეჯიბრებაში 36 ქვეყნის 1997-1999 წლებში დაბადებული 320-მდე გოგონა და ვაჟი ჩაებმება.

საქართველოს დედაქალაქს, სადაც სპორტის ამ სახეობაში მსგავსი დონის ტურნირი პირველად ტარდება, 200-მდე ოფიციალური პირი, მწვრთნელი და გულშემატკივარიც ეწვია, მათ შორის - კონტინენტის ტაეკვანდოს გაერთიანების თავკაცი ათანასიოს პრაგალოსი. გუშინ საპატიო სტუმარმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილთან და ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი კოროხაშვილთან ერთად სპორტის სასახლე მოინახულა და მისი მზადყოფნით კმაყოფილი დარჩა.

ევროპის პირველობისთვის საქართველოს ნაკრები
გიორგი ივანიშვილის ხელმძღვანელობით დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ემზადებოდა. ასპარეზობის წინა დღეს ნორჩი ტაეკვანდოისტები სპორტის მინისტრის მოადგილემ გია გალდავამ მოინახულა და წარმატება უსურვა.

გულშემატკივრები სპორტის სასახლის სარბიელზე ჩვენი ქვეყნის 19 წარმომადგენელს იხილავენ, რომლებიც უცხოელებს მედლებისთვის პაექრობაში გაუწევენ მეტოქეობას. ჩვენებურთაგან დღეს ტატამზე გავლენ ნინო ცინაძე, ბექა ქავთარაძე (ორივე-33 კგ) და გიორგი მანჯავიძე (37 კგ). ხვალ ძალებს მოსინჯავენ ლიკა ტორონჯაძე (37), ხატია მეჩითიშვილი, არკადი კირაკოსიანი (ორივე-41) და სოსო ქვარცხავა (45). პირველობის ბოლო ორ დღეს მედლებისთვის იბრძოლებენ: 9 ივლისს-ვერიკო კაპანაძე (44), ზიზი გეთიაშვილი (47), მერაბ შუკაკიძე (49), აიდა გამბაროვა (51), გიორგი ჩაჩანიძე (53), თორნიკე თოდუა (57); 10 ივლისს-ანა სეთური (55), ანა ზარქუა (59), თამარ გურიევა (+59), დავით ჩიხლაძე 61), ნიკა ღონღაძე (65) და რატი ჩანგელია (+65 კგ).

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ორი წლის წინათ ხორვატიაში მსგავს შეჯიბრებაზე გურამ კუტუბიძემ (53 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. ვიმედოვნებთ, რომ სპორტის სასახლეში ქართველთა მონაგარი ხელხვავრიელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაომეე ვამაყოოობ :*:*:* ტაეკვონდო ბტფ არის ყველაზე მაგარი სპორტი მტელ მსოპლიოში .... :))))
zizi
20:51 13-04-2012
0

სიახლეები პოპულარული