სწორედ ამ ქვეყანაში ჩატარდა პირველი სარეიტინგო ტურნირი, რომელსაც Brazil Masters უწოდეს. 16 მონაწილე სამ ქვეყანას წარმოადგენდა - 2 შოტლანდიელი, 3 ბრაზილიელი და 11 ინგლისელი. შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი იყო - ფლორიანაპოლისში ჩავიდნენ: მარკ სელბი, პიტერ ებდონი, გრემ დოტი, შონ მერფი, სტივენ ჰენდრი და სხვები.
რა თქმა უნდა, პუბლიკა, პირველ რიგში, ბრაზილიის პირველ პროფესიონალ სნუკერისტს იგორ ფუგუერედოს უჭერდა მხარს. მის გარდა, ტურნირში მონაწილეობა მიიღო ორმა ადგილობრივმა მოყვარულმა
ამ დუეტმა დაამტკიცა, რომ სნუკერის თამაში იცის, მაგრამ მერფისა და ჰენდრის წინააღმდეგ ჯამში ერთი ფრეიმი აიღო. ფიგუერედო კი იოლად დანებებას არ აპირებდა. პირველ მატჩში მან ჯეიმი კოუპი დაამარცხა - 4:2, მაგრამ დოტს ვერაფერი მოუხერხა, არადა, შანსი არსებობდა - 2:4. სხვათა შორის საკმაოდ დიდი ხანი ფიგუერედო ტურნირზე ყველაზე გრძელი სერიის ავტორი იყო - 114 ქულა.
მაყურებელი, რომელიც პირველ დღეებში არც ისე მრავლად იყო, მხურვალედ გულშემატკივრობდა თავისიანებს, მაგრამ ხშირად ზღვარს გადადიოდა - ყურადღებას არ აქცევდა მეტოქეთა შესანიშნავ დარტყმებს და რაც ყველაზე მეტად დაუშვებელია, სტუმართა შეცდომებს უკრავდა ტაშს.
გარდა ამისა, ხშირად მაყურებელი ვერ აფასებდა რთულ და გათვლილ დაცვით დარტყმებს. რა თქმა უნდა, ბრაზილიური პუბლიკის მკაცრად განსჯა არ შეიძლება, რადგან ასეთი დონის სნუკერი მათ ქვეყანაში პირველად მივიდა და მაყურებელმა არ იცოდა მოქცევის წესები.
ბრაზილიური მასტერსის მთავარი ფავორიტი იყო სელბი, რომელმაც ერთი კვირის წინ შანხაიაში იმარჯვა, როცა ფინალში გამოსტაცა მოგება მარკ უილიამსს - 10:9. სნუკერისტები, ჩოგბურთელებისგან განსხვავებით, მიჩვეულნი არ არიან ყოველ კვირას თამაშს, მით უმეტეს სხვადასხვა ქვეყანასა და სხვადასხვა კონტინენტზე.
ბრაზილიაში სელბი შორს იყო ჩინური ფორმისგან, მაგრამ 0:2-დან 4:3 მოუგო სტიუარტ ბინემს. შემდეგ დღეს მისი მატჩი ისევ მივიდა საკონტროლო პარტიამდე, მაგრამ ამჯერად გამარჯვებული ებდონი გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის გრაფიკი საკმაოდ მკაცრი იყო - ოთხი წრის გავლა ოთხ დღეში, ამასთან, ნახევარფინალები და ფინალი ერთ დღეს.
სატურნირო ბადის ქვედა ნაწილში, ადრეულ სტადიებზე პრობლემა არ ჰქონიათ მერფისა და ჰენდრის. ორივენი ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალამდე ისე მივიდნენ, რომ მეტოქეებს თითო ფრეიმი დაუთმეს.
მათ შეხვედრას მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდა, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ დასაწყისში იყო. მერფი პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდა, სტივენს კი სიზუსტე ღალატობდა. მერფიმ 5:1 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მას დოტი ელოდა.
მისი მატჩი ებდონთან ასევე დასაწყისში იყო თანაბარი, მაგრამ მეორე ნახევარში შოტლანდიელი აშკარად დომინირებდა, რთულ ბურთებს აგდებდა და დამსახურებულად მოიგო - 5:2.
ფინალმა არ გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი. მერფიმ ფანტასტიკური სნუკერი აჩვენა, მინიმალური რაოდენობის ტაქტიკური და სათამაშო შეცდომა დაუშვა, ბრწყინვალედ წაიყვანა სერიები და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 60 ქულა დააგროვებინა მოწინააღმდეგეს. შონმა ლამაზად დაასრულა ფინალი - ტურნირზე საუკეთესო ბრეიკი დააფიქსირა - 139 ქულა.
მომდევნო ტურნირი ამ კვირას მიმდინარეობას შეფილდში, ერთი კვირის შემდეგ კი სნუკერისტები პოლონეთში გადავლენ.
ინგლისში პირველივე წრეში დიდ ინტერესს იწვევს რონი ო'სალივანისა და მარკ უილიამსის შეხვედრა, მესამე წრეში კი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს შონ მერფი და სტივენ ჰენდრი. ვარსკვლავები პოლონეთშიც ჩავლენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, კვალიფიკაციაში ითამაშებს 13 (!) წლის უკრაინელი ვლადისლავ ვიშნევსკი.
ბრაზილიის მასტერსი
ფლორიანაპოლისი. ბრაზილია
15-18 სექტემბერი. სარეიტინგო ტურნირი
საპრიზო ფონდი: 200 ათასი ფუნტი; გამარჯვებული: 40 ათასი
ფინალი
გრემ დოტი (შოტლანდია)-შონ მერფი (ინგლისი) 0:5
მატჩის მსვლელობა: 4:93(81), 35:84, 21:72(54), 0:79(79), 0:139(139)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"