არადა, რვა საუკეთესოში მოხვედრით 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე გამგზავრება გარანტირებული ექნებოდა. წარუმატებლობის მიუხედავად, 21 წლის სპორტსმენს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მართალია, წელის ტკივილი აწუხებდა, მაგრამ პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ჯიქურ განაგრძობდა წვრთნას ლონდონის სალიცენზიო ტურნირისთვის, რომელიც წლეულს ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების ბოლო შანსს იძლეოდა.
- ხარვეზებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ბირმინგემის მსოფლიოს ჩემპიონატზე ისეთი შეცდომა დავუშვი, ვარჯიშებზეც
- ლონდონის სალიცენზიო ტურნირზე, წესით, 14 სპორტსმენს უნდა ეასპარეზა, იქ 14 ქვეყნის 17 წარმომადგენელი აღმოჩნდა.
- დიახ, 17 სპორტსმენი გამოდიოდა, მათგან ოთხი - უკონკურსოდ. პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ჩინელმა ჰი ვიენამ შარშან მსოფლიოს ჩემპონობასთან ერთად ლონდონის თამაშების საგზურიც მოიპოვა. ლიცენზიები განაღდებული ჰქონდათ ინგლისელ კატერინა დრისკოლს, ასევე, 2010 წლის ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ლი დანსა და სინქრონულ ხტომებში მსგავსი შეჯიბრების კანადელ ოქროსმედალოსან როსანა მაკლენანს, რომლებმაც ბირმინგემში, შესაბამისად, მესამე და მეორე ადგილები დაიკავეს.
ამ ოთხეულის სატესტო შეჯიბრებაზე მოწვევით ორგანიზატორებმა ტურნირი უფრო მიმზიდველი გახადეს. ჩემთვისაც საინტერესო იყო მათთან პაექრობა, რადგან კიდევ ერთხელ გამოვცადე საკუთარი შესაძლებლობები. როგორც საკვალიფიკაციო ეტაპმა აჩვენა, თურმე სახელოვან მხტომელებთან ტოლ-სწორად პაექრობა შემძლებია: სავალდებულო პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფ ტიტულოვან ჰი ვიენას მხოლოდ 0,034 ქულით ჩამოვრჩებოდი. ნებისმიერ პროგრამაში რისკს მოვერიდე.
წელის ტკივილის გამო სათანადო სიმაღლეს ვერ ავიღებდი და სირთულის კოეფიციენტს ვერ გავზრდიდი, ამიტომ ვარჯიშის სტაბილური შესრულება ვარჩიე. ალღომ არ გვიმტყუნა - 53,125 ქულით ნებისმიერში მეექვსე ვიყავი, ორი პროგრამის ჯამში კი 100,780 ქულით მეოთხე ადგილი დავიკავე, რამაც ფინალში გამოსვლის უფლება მომცა და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მომიტანა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან უპირველესად ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ მეტი შემიძლია და ეს შანსი მომავალში უნდა გამოვიყენო.
- იმის თქმა გინდა, რომ 2012 წლის ოლიმპიადაზე მედლებისთვის იბრძოლებ?
- გამორიცხული არაფერია. პეკინის თამაშებზე უზბეკმა კატერინა ხილკომ საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ადგილიდან ფინალში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აგერ, ლონდონის სატესტო ტურნირზე, ჰი ვიენამ შესანიშნავად განვლო წინასწარი პაექრობები და 102,454 ქულით პირველი შევიდა ფინალში, იქ კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
ასე რომ, ყველაფერია შესაძლებელი. ჩინეთის დედაქალაქში გამოუცდელობა რომ არა, შესაძლოა, მედალს მეც შევწვდომოდი. ფინალში ასპარეზობისას ერთ-ერთ მომენტში ხაზზე გადმოვედი და ზამბარასთან ახლოს აღმოვჩნდი. ვარჯიშის ჩაშლას მომენტალურად სირთულის კოეფიციენტისა და პროგრამის ელემენტების შეცვლა ვამჯობინე. ეტყობა, არბიტრების კეთილგანწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირინა კარავაევამ პეკინში ვარჯიში ცუდად შეასრულა, სადაზღვევო ლეიბზეც დაადგა ფეხი, მაგრამ მსაჯებმა რუს სპორტსმენს იმდენი ქულა დაუწერეს, რომ ერთი ადგილით გამისწრო.
- სირთულის კოეფიციენტი ახსენე.
- ოთხი წლის წინათ 13,5 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიშებს ვასრულებდი. ახლა ის 14,4-მდე გავზარდეთ. არც ეს არის ზღვარი. მწვრთნელებთან ერთად გადაწყვეტილი გვაქვს, ლონდონში 15,1 სირთულის ვარჯიშები შევასრულო. გამოცდილებაც საკმაოდ დამიგროვდა. დანარჩენი კი უფლის ნებაა.
- ცრურწმენების თუ გჯერა?
- რაზე მეკითხებით?
- ლონდონში ხომ 13 იანვარს იასპარეზე.
- მამაჩემი, რომელიც ჩემი პირადი მწვრთნელიცაა, ამგვარი რამეებისთვის წინასწარ მამზადებს. ხომ ამბობენ, 13 თარსი რიცხვიაო, მამას კი პირიქით სჯერა, ამიტომაც ხშირად აქცენტს 13-ზე აკეთებს: ვარჯიშებზე თითოეულ ელემენტს 13-13-ჯერ მამეორებინებს, გასახურებლად დარბაზში 13 წრეს ვარტყამ. შარშანწინ მსუბუქი ავტომანქანა 13 დეკემბერს მიყიდა, ნომერიც უნდოდა 013 აეღო, მაგრამ ნუსხაში არ აღმოჩნდა. საკვალიფიკაციო ტურნირისთვის დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე რომ ვემზადებოდით, მე-13 ოთახში ვცხოვრობდი, აი, ლონდონის სასტუმროში კი 2012 ნომერი მერგო. ასე რომ, სალიცენზიო ტესტის ჩატარების თარიღისთვის ყურადღება არც მიმიქცევია.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
- ახლა ინტენსიური მკურნალობის კურსს გავდივარ, რომ დროულად გამოვჯანმრთელდე. მერე დუშეთში საწვრნელი შეკრება გვექნება, მარტის ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატზე, 13 აპრილს კი სანკტ-პეტერბურში ევროპის პირველობაზე გამოვალ. ზაფხულამდე მსოფლიოს თასის ორ ეტაპზეც მოვსიჯავ ძალებს. ამ შეჯიბრებებზე ახალი სირთულის ვარჯიშებს გამოვცდი, რომ ლონდონის ოლიმპიადას ყოველმხრივ მომზადებული შევხვდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"