სნუკერი. მასტერსი 2012

AutoSharing Option
ლონდონში მორიგი დიდი ტურნირი დასრულდა, რომელიც, მართალია, არარეიტინგულია, მაგრამ ყოლველთვის ძლიერ შემადგენლობას კრებს. წლევანდელი მასტერსის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები - ავსტრალიელი ნილ რობერტსონი და ინგლისელი შონ მერფი.

ორივემ ნახევარფინალურ ეტაპზე ბრძოლას გამოთიშა მთავარი ფავორიტები. მერფი ჯონ ჰიგინსზე ძლიერი აღმოჩნდა, რობერტსონმა კი ვუნდერკინდი ჯად ტრამპი დაამარცხა.

ავსტრალიელი მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალე ტაქტიკური თამაშით გამოირჩეოდა. სწორედ კარგად გათვლილი სტრატეგიით შეძლო მან ტიტულის მოგება. არადა, აქამდე ნილი მასტერსებზე არასოდეს გასულა მეოთხედფინალზე შორს.

პირველი სესია რობინსონის სასარგებლოდ დასრულდა - 5:3. თითქოს მთავარი
ბრძოლა საღამოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ მაგიდასთან მხოლოდ ერთი მოთამაშე ბრწყინავდა. მე-13 ფრეიმის შემდეგ მატჩის ბედი პრაქტიკულად გარკვეული იყო - 9:4. თუმცა მერფიმ მაინც არ დათმო იოლად ფინალი. შემდეგი ორი ფრეიმი 85 და 86 სერიებით მას დარჩა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მე-16 პარტიაში ავსტრალიელმა მეტოქეს არც ერთი ბურთი არ ჩააგდებინა - 10:6. ასე რომ, წელს მასტერსის ტიტული და 150 ათასი ფუნტი სტერლინგის ჩეკი ნილ რობერტსონს ერგო.

მთელი ტურნირის განმავლობაში 23 სენჩური-ბრეიკი დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ასიანი სერია შონ მერფის ჰქონდა. რობერტსონი ამ რეიტინგში მეორე იყო. ყველაზე მაღალი ბრეიკის (141) ავტორი კი რონი ო'სალივანი გახდა.

139, 122, 107, 102, 101, 100 - შონ მერფი
119, 103, 101, 100, 100 - ნილ რობერტსონი
140, 121, 107 - ჯად ტრამპი
141, 125 - რონი ო'სალივანი
112, 110 - მარკ სელბი
124 - მარკ ალენი
109 - ჯონ ჰიგინსი
100 - სტივენ ლი

"უბრალოდ ვიცოდი როგორ უნდა მეთამაშა შონის წინააღმდეგ. ის დომინირებდა მატჩის დასაწყისში, მაგრამ შემდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

უბრალოდ გამიმართლა, რომ ანგარიშის გათანაბრება შევძელი. ამის შემდეგ დამაჯერებლობა დამიბრუნდა. რთულ ბურთებს ვაგდებდი და ვთამაშობდი ისე, როგორც უნდა იმოქმედო მის წინააღმდეგ. უკვე დიდი ხანია მინდოდა აქ გამარჯვება. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შემდეგ ჩემი მომდევნო მიზანი", - განაცხადა ფინალის შემდეგ რობერტსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული