ტრადიციულად, ჩემპიონატი შეფილდში, თეატრ “კრუსიბლში” იმართება, სადაც უკვე შეიკრიბა პლანეტის 32 საუკეთესო სნუკერისტი. ისინი 7 მაისამდე გააგრძელებენ ურთიერთობის გარკვევას.
შეფილდი მსოფლიოს ჩემპიონატის სახლად 1977 წლის შემდეგ მიიჩნევა. სნუკერის გულშემატკივარს ვერ წარმოუდგენია მსოფლიოს ფორუმი სხვა ადგილას, მაგრამ, რა თქმა უნდა,
2009 წელს “კრუსიბლთან” კიდევ ხუთი წლით გაგრძელდა კონტრაქტი. ამავე ქალაქში, ოღონდ სხვა არენაზე (სპორტის ინგლისური ინსტიტუტი), აპრილის დასაწყისში გაიმართა კვალიფიკაცია. ფინალური რაუნდის შედეგებიდან უნდა აღვნიშნოთ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, სტივენ ჰენდრის გამარჯვება იუ დელზე - 10:8. სხვათა შორის, კვალიფიკაციაში შედგა ქულათა მაქსიმუმი - 147 ქულის დაგროვება მოახერხა რობერტ მილკინსმა სიაო გოდუნთან მატჩში.
* * *
16 აპრილს, კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ, ჩამოყალიბდა სატურნირო ბადე. ჰენდრის მეტოქედ სტიუარტ ბინემი (16) ერგო, რომელიც ძალიან სერიოზულ მოწინააღმდეგედ არ ჩაითვლება. სავსებით შესაძლებელია, რომ მეორე წრეში შედგეს ორი შოტლანდიელის მატჩი - ჰენდრისა და ბინემს შორის გამარჯვებული პირველი რაუნდის უძლიერეს წყვილზე გავა: ჯონ ჰიგინსი (1)-ლიან ვენბო. მსოფლიოს ჩემპიონი, ტრადიციულად განთესვის უმაღლეს ნომერს იღებს და ტურნირის საწყის დღეს ორ სესიად ატარებს თავის შეხვედრას.
ასევე მეორე წრეში შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს ბოლო 20 წლის უდიადესი სნუკერისტები - მარკ უილიამსი (3) და რონი ო’სალივანი (14). პირველ წრეში მარკს იოლი მეტოქე ერგო ლიუ ჩუანის სახით, რონის კი არ გაუმართლა - ის ითამაშებს უსიამოვნო მოწინააღმდეგესთან, პიტერ ებდონთან. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ პიტერი კარგ ფორმაშია (მან ჩემპიონატის წინ ჩატარებული ბოლო ტურნირი - ჩინეთის ღია პირველობა მოიგო), ის ნელ ტემპში თამაშობს და თითოეულ დარტყმას მონდომებით ამზადებს.
რონის ასეთი ტემპი ძალიან არ უყვარს. გარდა ამისა, პიტერმა, შესაძლოა, დაცვითი სნუკერი ითამაშოს, რაც ასევე არ მოსწონს ო’სალივანს. შეიძლება ამ მატჩს პირველი რაუნდის ცენტრალური დაპირისპირება ვუწოდოთ.
საინტერესო უნდა იყოს შეხვედრა სტივენ მაგუაიერსა (8) და ლუკ ბრესელს შორის. ბელგიელი მხოლოდ 17 წლისაა და ის უკვე გახდა მსოფლიოს რეკორდსმენი - ასეთ ასაკში პლანეტის პირველობაზე არავის უთამაშია. ლუკმა დაამხო რეკორდი, რომელიც ჰენდრის ეკუთვნოდა.
ბრესელი სნუკერის წრეებში უკვე დიდი ხანია ცნობილია. ბევრს მის მიმართ ყურადღება გადაჭარბებულად ეჩვენება, რადგან ლუკს განსაკუთრებული თამაში არ უჩვენებია. ბრესელის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ექნებათ ჯეიმი ჯონსსა და ცაო იუიპენს.
* * *
ვინ მიიჩნევა ტურნირის ფავორიტად? შეცდომა რომ არ მოუვიდეთ, ექსპერტები ასახელებენ პირველ ხუთ განთესილს, თავის დაზღვევისთვის კი მეორე ხუთეულს ამატებენ. საბუკმეიკერო კანტორებს პირველ ადგილზე ჯად ტრამპი ჰყავთ.
ჯადმა შარშან ფინალამდე მიაღწია, გაიმარჯვა ძალიან პრესტიჟულ ბრიტანეთის ჩემპიონატში, მაგრამ ბოლო თვეებში ტრამპს შედეგები არ აქვს - იანვარში მასტერსზე ნახევარფინალის შემდეგ მან ამავე სტადიაზე ვერცერთ ტურნირში ვერ მიაღწია. ბუკმეიკერებთან მეორე ადგილს იყოფენ მსოფლიოს ჩემპიონი ჰიგინსი, ნილ რობერტსონი და აგრეთვე, ო’სალივანი.
რა თქმა უნდა, ბუკმეიკერები ითვალისწინებენ მოთამაშეების გამოცდილებას და მათ შედეგებს წინა ჩემპიონატებში. ამიტომაც არც ისე მაღალია იმათი ფსონები, ვისგანაც მოგებას ელიან - მარკ სელბი და დინ ჯუნჰუ. ორივეს გადამწყვეტ მომენტში არ ჰყოფნის სტაბილურობა და გამარჯვებულის ინსტინქტი, ასეთ გრძელ ტურნირში კი ეს თვისებები აუცილებელია.
პირველ წრეში მატჩები ათ მოგებულ ფრეიმამდე გაიმართება, მეორე რაუნდსა და მეოთხედფინალებში - 13 ფრეიმამდე, ნახევარფინალებში - 17-მდე და ფინალში - 18-მდე. ჩემპიონის ვინაობას 7 მაისს შევიტყობთ.
პირველი წრე
ჰიგინსი (1)-ვენბო 10:9
ბინემი (16)-ჰენდრი 4:10
დოტი (9)-პერი
მაგუიაერი (8)-ბრესელი 10:5
მერფი (5)-ჯონსი
ლი (12)-ჰიგინსონი
კარტერი (13)-დევისი
ტრამპი (4)-დეილი
უილიამსი (3)-ჩუანი
ო’სალივანი (14)-ებდონი
გულდი (11)-გილბერტი 8:10
რობერტსონი (6)-დოჰერტი 10:4
ჯუნჰუ (7)-დეი
ალენი (10)-იუიპენი 6:10
სტივენსი (15)-ფუ
სელბი (2)-ჰოუკინსი
მსოფლიოს ჩემპიონები (2000 წლიდან)
2000, 2003 - მარკ უილიამსი
2001, 2004, 2008 - რონი ო’სალივანი
2002 - პიტერ ებდონი
2005 - შონ მერფი
2006 - გრემ დოტი
2007, 2009, 2011 - ჯონ ჰიგინსი
2010 - ნილ რობერტსონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"