როგორც BBC იტყობინება, ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციამ დისციპლინარული სანქციები გამოიტანა იმ ქალი ბადმინტონისტების მიმართ, რომლებიც შეგნებულად ცდილობდნენ ოლიმპიადის მატჩების წაგებას.
ლაპარაკია ორ კორეულ და თითო ჩინურ და ინდონეზიურ წყვილზე. სპორტსმენებს ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ბოლომდე არ იხარჯებოდნენ გამარჯვებისთვის.
კერძოდ, ფედერაციას ეჭვი გაუჩნდა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩზე, რომელშიც ჩინელები - ვანი და იუ (რეიტინგის პირველი წყვილი) და კორეელები - იუნი და კიმი (მე-8 ნომერი) ხვდებოდნენ ერთმანეთს. ორივე გუნდი წაგებას ცდილობდა,
ბადმინტონისტების ქცევა შეუმჩნეველი ნამდვილად ვერ დარჩებოდა. ისინი თითქმის სულ ცდებოდნენ, აუტში აგდებდნენ ან ბადეს არტყამდნენ ვოლანს. საინტერესოა, რომ მატჩში ყველაზე გრძელმა გათამაშებამ მხოლოდ ოთხი დარტყმა დაიტია.
სპორტსმენებზე არ იმოქმედა არც მსაჯების გაფრთხილებამ და არც ტრიბუნებიდან სტვენამ. ბოლო ქულამდე მათ არ უღალატეს არჩეულ ტაქტიკას. როგორც გითხარით, აზიელებს პლეი ოფში პოტენციურად უფრო სუსტი მეტოქის მიღება უნდოდათ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათ სავარაუდო მეტოქეებს უფრო გვიან უწევდათ ურთიერთობის გარკვევა.
მატჩის შემდეგ კორეელებმა უარი განაცხადეს კომენტარზე. იუმ კი თავი შორს დაიჭირა მატჩის შეგნებულად წაგების ტაქტიკისგან. "ჩვენი მეტოქე მართლაც ძალიან ძლიერი იყო, - თქვა ჩინელმა. - თან გონებაში პლეი ოფის მატჩები გვიტრიალებდა და გვინდოდა, უფრო მეტი ძალები შეგვენახა".
აღშფოთება ვერ დამალა სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰან-კოკ სუნმა. "ამ თამაშში არ იგრძნობოდა ოლიმპიური სული, - განაცხადა მან. - მითხარით, როგორ შეიძლება ასე თამაშობდეს მსოფლიოს ნომერ პირველი წყვილი?" გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ სუნმა მხოლოდ ჩინური დუეტი გააკრიტიკა. არადა, მისი შეგირდები მსახიობობაში არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ჩინელებს.
მაგრამ ამით ცირკი "უემბლიზე" არ დასრულებულა. შემდეგ პროგრამაში იყო ინდონეზიური (პოლი/ჟაუჰარი, მე-12 ნომერი) და კორეული (ჰა/კიმი, მე-3 ნომერი) წყვილების შეხვედრა. სწორედ ამ მატჩში ირკვეოდა ზემოთ ნახსენები წყვილის მეტოქეები.
ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ თამაშის სურათი იგივე იყო. და აქაც არ გაუმართლათ კორეელებს - მათ მოიგეს შეხვედრა და მეოთხედფინალში ჩინურ დუეტზე გავიდნენ.
საბოლოოდ სპეციალურმა საბჭომ გუშინ ოთხივე წყვილის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო და ქალთა წყვილების ტურნირი ამით ძალიან დასუსტდა, თუმცა სპორტსმენებმა ეს სასჯელი ნამდვილად დაიმსახურეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"