ორი კვირის წინ კალიფორნიის პატარა ქალაქ ტორი პაინსის ტურნირზე ტაიგერ ვუდსი ფავორიტის რანგში ჩავიდა, თუმცა ბუკმეკერთა ფსონები საპირისპიროზე მეტყველებდა: ლას ვეგასის ერთ-ერთ კანტორაში ვუდსის მოგებაზე კოეფიციენტი იყო 50:1! ტორი პაინსს ერთ დროს დიადი და საშინელი ტაიგერი გოლფისტთა რეიტინგში 56-ე ნომრად ეწვია, არადა, ამ ტურნირის
ბუკმეკერები მართლები აღმოჩნდნენ. ამერიკელის თაყვანისმცემელთა სამწუხაროდ, მეცხრე ტრიუმფი არ შედგა. 11 ორმოს გავლის შემდეგ ტაიგერმა მიატოვა ტურნირი. ოფიციალური მიზეზი - ზურგის ძველი ტრავმა იყო, არადა, სტარტამდე ექვსი დღით ადრე ვუდსი, რომელმაც ოპერაცია 2014 წლის მარტში გაიკეთა, ამტკიცებდა, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს.
* * *
ამერიკელი პირველად არ მოხსნილა შეჯიბრებიდან. 2014 წლის მარტიდან დღემდე მან რვა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და სამი ვერ დაასრულა ამა თუ იმ მიზეზით. მანამდე კი 296 ტურნირში ვუდსი მხოლოდ ორჯერ მოიქცა ასე: 1996 წელს ზურგის დაზიანების გამო და 2006 წელს - გრიპის მიზეზით.კარიერის ზენიტში ის შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს. ახლა ამერიკელი სულ უფრო მეტად ემსგავსება ჩვეულებრივ გოლფისტს, როგორებიც პროფესიულ ტურში ასეულობით თუ არა, ათეულობით არიან. კოლეგები უკვე მას მზრუნველი ტონით უსურვებენ წარმატებას, ყველაზე თამამები (და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება) რჩევებსაც კი აძლევენ.
ამ მხრივ სახასიათოა სცენა, რომელიც ერთი კვირის წინ ვარჯიშზე მოხდა. ტაიგერს ეხმარებოდა 28 წლის გოლფისტი ბილი ჰორშელი - ასევე ტორი პაინსის ტურნირის მონაწილე. 2008 წელს, როცა ვუდსმა ამ ქალაქში ბოლო გამარჯვება მოიპოვა, ჰორშელი ჯერ ისევ კოლეჯში სწავლობდა და, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლება ასე უბრალოდ მდგარიყო ლეგენდარული ტაიგერის გვერდით და მასთან საკუთარი აზრი გაეზიარებინა.
რეიტინგში სწრაფი ვარდნის მიუხედავად, ტაიგერი მაინც იღებს მიწვევებს უმსხვილესი ტურნირებიდან. დიახ, ის კლასიფიკაციის ასეულის შუაშია, მაგრამ მისი სახელი ინერციით მაინც ინარჩუნებს მაყურებლებში მომხიბვლელობას. ერთნი ვუდსის სანახავად იმ იმედით მიდიან, რომ ამერიკელი ისევ დაიწყებს მოგებას, მეორენი კი - მორიგი ჩავარდნის სანახავად.
ადრე გოლფის მოყვარულებს აინტერესებდათ - კიდევ რამდენი ტურნირის მოგებას შეძლებდა. ახლა აქტუალურია საპირისპირო კითხვა: რამდენად დაეშვება ფსკერზე?
* * *
ანტირეკორდამდე (58-ე ადგილი რეიტინგში), რომელზეც ვუდსი 2011 წლის ნოემბერში ჩამოვიდა, სულ ცოტა რჩება. ამის შემდეგ მან, მართალია, დაიბრუნა რეიტინგში ლიდერობა, მაგრამ მცირე ხნით. მაშინ ტაიგერი ჟურნალისტებს ეუბნებოდა: "არ მინდა ისე ვითამაშო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. მინდა კიდევ უფრო უკეთესი ვიყო!" ცნობისთვის, კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე ხანმოკლე დაბრუნების წინ ტაიგერ ვუდსი 623 კვირა იყო პლანეტის საუკეთესო გოლფისტი!რა თქმა უნდა, ვუდსის წაგებების მთავარი, მაგრამ არაერთადერთი მიზეზი - ტრავმებია. ტორი პაინსში მას თამაშის საშუალება არ მისცა ზურგმა. ადრე, ჯერ კიდევ კოლეჯიდან მოყოლებული, თამაშში ხელს უშლიდა მარცხენა მუხლი, რომელზეც არაერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული.
ასაკი კიდევ ერთი მიზეზია. სპორტის სახეობების უმრავლესობაში (და გოლფი არ არის გამონაკლისი) 39 წლიდან დაღმასვლის პერიოდი იწყება. ამიტომაც ვუდსის თაყვანისმცემლებს, ზურგის ტრავმის გარდა, არანაკლებ აწუხებთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ვუდსის ყოფილმა მწვრთნელმა ჰენკ ჰანიმ სხვებზე უკეთ იცის გოლფისტის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფინიქსში ამასწინანდელი ჩავარდნის შემდეგ ჰანი შეუერთდა მრავალრიცხოვან ექსპერტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტაიგერის პრობლემების წყარო არა ზურგში, არამედ თავშია. კერძოდ, ჰენკმა აღნიშნა, რომ ვუდსისთვის აუცილებელია კუნთის შემცირების უნებლიე პროცესის შეჩერება, რაც მოქმედებს დარტყმების სიზუსტეზე.
თავად ვუდსს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი წარუმატებლობები მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება. ის ბევრს მუშაობს ახალ მწვრთნელთან, კრის კომოსთან. წინა მწვრთნელს - შონ ფოულის ტაიგერი აგვისტოში გამოეთხოვა.
* * *
მორიგმა მარცხმა, როგორც ჩანს, დიდად არ გაანაწყენა ტაიგერი. ყოველ შემთხვევაში, ის კარგად ქმნის იმის ილუზიას, რომ საშიში არაფერი მომხდარა. მისთვის ამ მომენტში მთავარია - კარგად მოემზადოს "მასტერსის" აპრილის ტურნირისთვის.ერთი მხრივ, დრო სავსებით საკმარისია ზურგის ტრავმის სამკურნალოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, ტაიგერს გაცილებით ნაკლები ვარჯიში უწევს, ვიდრე წინა წლებში. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მას სურს უფრო მეტი დრო გაატაროს შვილებთან, რომლებზეც მზრუნველობას იყოფს თავის ყოფილ მეუღლესთან. ასევე აუცილებელია, ხშირად იყოს მეგობარ ქალთან - სამთო თხილამურების ვარსკვლავ ლინდსი ვონთან. მაგალითად, ტორი პაინსში ის ჩვეულებრივზე გვიან ჩავიდა - მხოლოდ ოთხშაბათს დილით, რადგან სამშაბათს კოლორადოში სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვონის გამოსვლას ესწრებოდა.
* * *
გოლფის მოედანზე წარუმატებლობები უარყოფითად აისახება ტაიგერ ვუდსზე. რეიტინგში ლიდერობასთან ერთად, მან დაკარგა პირველი ადგილი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის, თუმცა აქ პირველი ასეულის შუამდე არ დაქვეითებულა.პირად ცხოვრებაში სკანდალები ძვირად დაუჯდა. ტაიგერმა დღემდე ვერ მოახერხა ისეთი მსხვილი სპონსორების მოძიება, როგორებიც არიან Tag Heuer და Gillette, რომლებმაც განქორწინების შემდეგ უარი თქვეს მასთან ურთიერთობაზე.
ვუდსის მომდევნო ტურნირია - Honda Classic-ი, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყება. ის ფლორიდაში, გოლფისტის სახლთან ახლოს ტარდება, საიდანაც ამერიკელი შეიძლება სულ მალე გამოასახლონ. 60 მილიონ დოლარად შეფასებული მამული გირაოა - გარანტია იმისა, რომ გოლფისტი 2016 წლის 15 იანვრამდე დაფარავს ყოფილი მეუღლის ვალს. მისი ოდენობა 54.5 მილიონია. სულ განქორწინების შემდეგ ვუდსს 100 მილიონი აქვს გადასახდელი.
P. S. 12 თებერვალს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვუდსმა შეაჩერა კარიერა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"