ამ დღეებში ბიძინა გუჯაბიძე შეგირდებთან _ ანა დულარიძესთან და მიხეილ ნადირაძესთან ერთად მეგზურობას უწევდა ავსტრიის სამაშველო სამსახურისა და მთის პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებსაც უშბაზე ასვლა ჰქონდათ განზრახული.
_ ოთხ ათას მეტრ სიმაღლემდე ავაღწიეთ და უამინდობის გამო იქ კარვებში სამი დღე-ღამე გავატარეთ. _ გვითხრა ბიძინა გუჯაბიძემ. _ წვრილი სეტყვა და ქარბუქი არ შეწყვეტილა, ლამის, კარვები წაგვართვა. შარშან, ამგვარი უამინდობის მიუხედავად, ილია ბერულავასთან და ტატო ნადირაძესთან ერთად დავლაშქრე უშბა სამხრეთ-დასავლეთი კედლიდან, ანუ მიშლიაევის მარშრუტით, რომელიც ძალიან სახიფათოა. ამჯერად მწვერვალამდე 700 მეტრი რჩებოდა, მაგრამ ავსტრიელებმა ვერ გარისკეს, არადა, ტიანშანი და პამირი აქვთ მოვლილი. როგორც მეგზურები, ჩვენც იძულებული გავხდით, მათთან ერთად დავბრუნებულიყავით. ანას და მიხეილს კი გულით უნდოდათ მწვერვალზე ასვლა. ევროპელებს ცოტაც რომ მოეთმინათ, მიზანს მივაღწევდით. თუმცა სტუმრებს იმ იმედით დავშორდით, რომ კვლავ გვეწვევიან და ისევ ერთად შევუტევთ უშბას.
_ სამ ათეულ წელიწადზე მეტია, მთა-კლდეს ხართ შეჭიდებული. ამ ხნის განმავლობაში გამორჩეულად რა დაგამახსოვრდათ?
_ 1984 წლის პამირული ექსპედიცია. მაშინ მე, დავით ჩანტლაძემ და გია თორთლაძემ ვლადიმერ ქურასბედიანის ხელმძღვანელობით მარსის პიკი დავლაშქრეთ, რომლის სიმაღლეა 6723 მეტრი. 24 წლის ვიყავი და პირველად ავედი ამ სიმაღლეზე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მრავალი უსიამოვნება შეგვხვდა, რადგან აღჭურვილობა არ გვივარგოდა, პროდუქტებიც ვერ შევარჩიეთ საჭიროებისამებრ - ბევრი პური წავიღეთ და მძიმე ტვირთის ზიდვამ ძალიან დაგვღალა. ყოველივეს მიუხედავად, სიძნელეებს გავუძელით და მიზანსაც მივაღწიეთ. ფაქტობრივად, ეს იყო ყოფილი საბჭოეთის შეიარაღებული ძალების პირველობა და მე-2 ადგილი დავიკავეთ. 3000 მეტრზე საბაზო ბანაკში რომ დავბრუნდით, იქ შევიტყვეთ, რომ რუსების ერთ-ერთი ექსპედიციის წევრი შურა აგაფონოვი მოწყვეტილა კლდიდან, მძიმე ტრავმა მიუღია და 5700 მეტრიდან უნდა ჩამოგვეყვანა. რუსებმა მაშველებში მე, ქურასბედიანი, ჩანტლაძე და თამაზ შარაშენიძეც ჩაგვრთეს. ნიშნულს რომ მივაღწიეთ, თანაგუნდელებმა აგაფონოვს ახარეს, `გრუზინი პრიშლიო~. ეს იმას ნიშნავდა, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფ მთამსვლელს ყინულის ტყვეობაში არ დავტოვებდით. თვალდახუჭულ აგაფონოვს ტუჩებზე სიხარულის ღიმილმა გადაურბინა და თვალები ცრემლით აევსო.
რუსი ალპინისტი, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, მშვიდობიანად ჩამოვიყვანეთ საბაზო ბანაკში, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. განკურნების შემდეგ აგაფონოვი კვლავ მთებს დაუბრუნდა. დღეს იგი ბიშკეკში ცხოვრობს. ვმეგობრობთ, ხშირადაც ვხვდებით ერთმანეთს.
ამ ამბიდან შვიდი წლის მერე ქართველებმა კიდევ ერთი რუსი ალპინისტი გადავარჩინეთ და მაშინაც შეიარაღებული ძალების პირველობაზე. ოღონდ იგი კორჟენევსკაიას პიკზე ასვლისას ჩავარდა ყინულის ნაპრალებში 6300 მეტრზე. სამაშველო ექსპედიციაში ჩემთან ერთად იყვნენ დავით რაქვიაშვილი, ავთანდილ მოკვერაშვილი, ლევან კარიჭაშვილი, გოჩა ღვინიაშვილი, მერაბ ხაბაზი და მორის ქუმსიაშვილი. რუსი მთამსვლელი მაშინ კი ვიხსენით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ციმბირში პაროპლანით ფრენისას მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო.
_ როგორც მსმენია, თურმე ყოველთვის ვერ ხერხდება დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ყინულების ტყვეობიდან დახსნა...
_ დიახ, ასეა. ალბათ, იცით, რომ 1961 წელს გამარჯვების პიკზე ასვლისას დაიღუპა სამი ქართველი ვაჟკაცი _ ილიკო გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი. კუხიანიძისა და მეძმარიაშვილის ცხედრები შედარებით იოლად მისადგომ ადგილებში იყო და მათი ჩამოსვენება შეძლეს. ილიკო გაბლიანი კი 6900 მეტრ სიმაღლეზე განისვენებს თოვლში. იქვეა სხვა მიცვალებულთა ?აფლავები და იმ ადგილს `ობელისკი~ ჰქვია. 1997 წელს მერაბ ხაბაზი, თბილისის მერის _ გიგი უგულავას ძმა ირაკლი, ლიოვა სარქისოვი, ბენო ქაშაკაშვილი, სერგეი როსლიაკოვი და მე გამარჯვების პიკზე ავედით. ცხადია, გაბლიანის საფლავიც მოვინახულეთ. ფილმიც გადავიღეთ ამ ლაშქრობაზე. სამწუხაროდ, სახელოვანი ქართველი ალპინისტის ცხედრის ჩამოსვენება დღემდე ვერ ხერხდება. ეს მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული...
_ ალბათ, ევერესტზე ასვლას გვერდს ვერ ავუვლით...
_ დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ორჯერ მაქვს დალაშქრული: 1999 წელს სამხრეთიდან ქართველებთან ერთად, 2003 წელს ჩრდილოეთიდან რუსულ-ქართული ექსპედიციისას. თერთმეტი წლის წინათ ჯომოლუნგმაზე ბენო ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით ხუთნი ავედით _ ქაშაკაშვილი, სარქისოვი, სარიდან მუსაგულოვი, აფი გიგანი და მე. Eევერესტის თავზე მოქცევა ნებისმიერი ალპინისტის ოცნებაა. 8848 მეტრ სიმაღლეზე ასვლა განუმეორებელი განცდაა. 50 წლის განმავლობაში მწვერვალზე 1050 მთამსვლელია ნამყოფი, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. ევერესტის დაპყრობა დიდ სპორტულ მიღწევად და მნიშვნელოვან გამარჯვებათა ტოლფასად მიმაჩნია. ქვეყნისთვისაც საამაყოა. ჩემი მეგობრისთვის ერთ ბრაზილიელ მეცნიერს უთქვამს _ რა ბედნიერი ხართ, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი ევერესტელი ჰყავს, ბრაზილიიდან კი იმ მწვერვალზე დღემდე არავინ ასულაო.
_ `თოვლის ჯიქი~ სამომავლოდ რას აპირებს?
_ ახლა ჩემი შეგირდები ყაზბეგში იმყოფებიან და უკვე რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს მაღალი სირთულის მწვერვალებზე. თანაც წყვილებში. მალე მათ მეც შევუერთდები. სასწავლო-საკვალიფიკაციო ექსპედიციაში დამწყები ალპინისტებიც მონაწილეობენ და მათგან საუკეთესოები უნდა შევარჩიოთ. შემოდგომით კი ჰიმალაი-ტიანშანს მივაშურებ და ამოსამიზნ მწვერვალსაც მაშინ დავასახელებ.