ფავორიტები უკონკურენტოდ

AutoSharing Option
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ზაზა აბრამაშვილი ხაშურელია. ექვსი წლის განმავლობაში ოჰაიოს შტატში (აშშ) მუშაობდა მწვრთნელად და სხვადასხვა ასაკში ამერიკის 76 ჩემპიონი აღზარდა. წელიწადიც არ არის, მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა. ადგილობრივი გამგეობის მესვეურთა დახმარებით ბატუტზე მხტომელთა ჯგუფების ჩამოყალიბება სურს.

ამერიკიდან თავად ჩამოიტანა 8 ბატუტი, მათ შორის - 2 პროფესიული, ანუ საშეჯიბრო, ორი მოყვარულთა და ოთხიც დამწყებთათვის. ასე რომ, უახლოეს მომავალში სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს ჩვენთან ხაშურელი მხტომელებიც შეუერთდებიან, ჯერჯერობით კი სამი რეგიონის იმედად ვართ. სწორედ აქაურებს
უნდა ეასპარეზათ ეროვნულ ჩემპიონატში (მთავარი მსაჯი - საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი რუსუდან ხოფერია), რომელსაც თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის დარბაზმა უმასპინძლა.

სამწუხაროდ, სასპორტო სკოლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საპაექროდ ქუთაისელები ვერ ჩამოვიდნენ, ამიტომ მედლებისთვის მხოლოდ თბილისელები და აჭარის წარგზავნილები იბრძოდნენ. სულ 45 გოგონა და ვაჟი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებს. სპორტის ოსტატის პროგრამით, ტრადიციულად, შეუდარებელი იყო პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი ლუბა გოლოვინა (მწვრთნელი ვლადიმირ გოლოვინი), რომელმაც ახალი სირთულის ვარჯიშით იასპარეზა, ფინალში 51,56 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალიც დაიმსახურა. გამარჯვებულს 4,2 ქულით ჩამორჩა თორმეტწლიანებში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი, თბილისის 49-ე სკოლის მოსწავლე ანა ოდიშვილი (მწვრთნელები - ლია ხრიკული და რევაზ გამხოშვილი). 42,8-42,8 ქულით ბრინჯაოს მედლები მსოფლიოს პირველობის ფინალისტ თეონა ჯანჯღავას (49-ე სკოლა, ლია ხრიკული) და თიკა ჩადუნელს (183-ე სკოლა, ირმა სოლოღაშვილი) ერგოთ.

ვაჟებში ტოლი არ ჰყავდა მსოფლიოს თასების მრავალგზის ფინალისტ თენგიზ კოშკაძეს (ზაურ სულაშვილი), რომელმაც გადამწყვეტ ეტაპზე დიდი უპირატესობით მოუგო კონკურენტებს - ჩემპიონობა მან 56,81 ქულით მოიპოვა. 48,85 ქულით მეორე იყო პერსპექტიული ახალგაზრდა მხტომელი ზურაბ ნოზაძე (სკოლა - "სხივი", ვლადიმირ გოლოვინი), ხოლო გიორგი ფუტკარაძეს (142-ე სკოლა, ზაურ სულაშვილი, ნინო არღანაშვილი) 48.33-მა ქულამ ბრინჯაოს მედალი მოუტანა. გაუწყებთ დანარჩენ კატეგორიებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას:
სპორტის ოსტატობის კანდიდატთა პროგრამა. გოგონები. 1 მერი გვიანიძე (73,96), ბათუმი), 2. მარიამ მწითური (70,32), 3. ნათია მწითური (51,83, ორივე-თბილისი). ვაჟები. 1. სერგო ავეტისიანი (80,97), 2. გიორგი ავლოხაშვილი (66,6), 3. ნიკოლოზ ჯალაბაძე (63,07, სამივე-თბილისი).

I თანრიგის პროგრამა. გოგონები. 1. ნატა ჩადუნელი (75,11), 2. ნათია მწითური (68,17), 3. ქრისტინე სორდია (66,09, სამივე-თბილისი). იუნიორთა პროგრამით. გოგონები. 1. ქრისტინა სალნიკოვა (46,9, ბათუმი), 2. ნუცა ჭკუასელი (44,8, თბილისი), 3. სოფო დაშნიანი (42,9, თბილისი). ვაჟები. 1. ზაურ ფრუიძე (44,8, ბათუმი), 2. გიორგი ნაცვლიშვილი (44,7, თბილისი), 3. გიორგი კეკიაშვილი (41,5, ბათუმი).

- საინტერესო ჩემპიონატი გამოგვივიდა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაგვიფინანსა. - გვითხრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა. - საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა უფრო დაძაბული იქნებოდა, ევროპის ახალგაზრდული პირველობის პრიზიორებს - ნანა ღუჭაშვილსა და თამარ კაკაშვილს, ასევე, დიმიტრი ზუტიკოვს რომ ეასპარეზათ. სამივე სპორტსმენმა ტრავმების გამო გამოტოვა შეჯიბრება.

წლევანდელი პირველობა ახალი წესებით ჩავატარეთ. ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ფედერაციამ ორწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ გამარჯვებულთა გამოვლენის ახალი სისტემა შეიმუშავა - ტექნიკურ ქულას ვარჯიშების შესრულების დროის ხანგრძლივობა ემატება, რომელაც ლაზერული ელექტროწამზომი აფიქსირებს ბატუტიდან ახტომიდან ბადეზე შეხებამდე. რაც უფრო მეტ ხანს დაჰყოფს სპორტსმენი ჰაერში, ჯამური შედეგიც მით უფრო დიდი იქნება. ამ სიახლის გათვალისწინებით, შარშან გოლოვინას და კოშკაძეს საერთაშორისო ტურნირებზე საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდათ. იმედია, წლეულს ისინი ამ მონაცემებს გააუმჯობესებენ, რადგან ახალი სირთულის ვარჯიშებს ამუშავებენ და პირველად ამ ჩემპიონატზე გამოსცადეს. წარმატებითაც.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- ვარნაში 14-17 აპრილს მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი გაიმართება. ამ შეჯიბრებისთვის უკეთ მოსამზადებლად გოლოვინა და კოშკაძე ბულგარეთს 9 აპრილს გაემგზავრებიან და ხუთდღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. მეორე ეტაპს მაისის მიწურულს სანკტ-პეტერბურგი უმასპინძლებს. სულ ამ რანგის 6 ტურნირი ჩატარდება. სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისურ ბირმინგემშია დაგეგმილი ნოემბერში. ფინალისტები, ანუ 8-8 საუკეთესო ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს დაიმსახურებს. 5-5 საგზური გაისად სავარაუდოდ, ინგლისში "ოლიმპიურ ტესტზე" გათამაშდება. რაც შეეხება დანარჩენ 3-3 ლიცენზიას, ისინი "ველური ბარათებისთვისაა" გათვალისწინებული. ჩვენი მიზანია, ქალებსა და ვაჟებში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების თითო საგზური მოვიპოვოთ. საამისოდ არაფერს დავიშურებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული