სალიცენზიო ტურნირისთვის მონდომებით ემზადებიან პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა და თენგიზ კოშკაძე, რომლებიც კალგარიში კანადის თასის ღია გათამაშებაში მონაწილეობდნენ. მასპინძლებმა ხარჯები თავად გაიღეს - 8 ქვეყნის 18 ქალი და 24 ვაჟი ბატუტისტი მიიწვიეს საასპარეზოდ, მათ შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები.
ვაჟებში შესანიშნავად იასპარეზა პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა ჯეისონ ბურნეტიმ (კანადა) - 163,790 ქულით მან პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს
ქალებშიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ოლიმპიური თამაშების სამგზის მეორე პრიზიორი კარენ კოკბურნი, რომელმაც ორი დღის ასპარეზობის შემდეგ (კალგარიში გამარჯვებულები და პრიზიორები უწინდელი წესებით, ანუ - წინასწარი შეჯიბრებისა და ფინალის შედეგების ჯამით გამოვლინდა) 154.855 ქულას მოუყარა თავი. 148.880 ქულით მეორე იყო შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მესამედაგილოსანი როსანა მაკლემანი (კანადა). ბრინჯაოს მედალი 147.885 ქულით ლუბა გოლოვინამ დაიმსახურა.
- გოლოვინას სავალდებულო ვარჯიშის ბოლსო სიმაღლე არ ეყო და ბატუტზედაშვებისას ხელით შეეხო მაშველ ლეიბს, რის გამოც 1,5 ქულა დაკარგა. ეს შეცდომა რომ არა, ლუბაც მეორე ადგილზე გავიდოდა, - გვითხრა საქართველოს ბატუტისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა.
- პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა კოვბურნმა, რომელიც თითქმის ერთწლიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა დიდ სარბიელს და, შეიძლება ითქვას, უწინდელივით შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია. მან ამ შეჯიბრებაში 14.6 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიში შეასრულა. გოლოვინამ - 12,9-ის სირთულისა. ცხადია, მის არსენალში უფრო რთული ვარჯიშიცაა, მაგრამ წლეულს ლუბას წელის ტკივილმა საკმაოდ შეუშალა ხელი, ამიტომ კანადაში რისკს მოვერიდეთ. პირად მწვრთნელ ვლადიმირ გოლოვინთან შეთანხმებით ვარჯიში პირველი რთული ელემენტი - სამმაგი მალაყი 180-გრადუსიანი ბრუნით - პროგრამიდან ამოვიღეთ. ამის მიუხედავად, გოლოვინამ შესანიშნავად იასპარეზა და მედალიც მოიპოვა.
ძალიან გაგვახარა თენგიზ კოშკაძემ, რომელმაც ტოლი არ დაუდო უძლიერეს მეტოქეებს. ქართველმა სპორტსმენმა წინასწარ შეჯიბრებაში 16.0 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიში შეასრულა, ჯეისონმა - 15,8 სირთულისა. კოშკაძეს სავალდებულოში მცირე შეცდომა რომ არ დაეშვა, ასპარეზობის პირველი დღის ლიდერი გახდებოდა.
ფინალში კანადელმა სირთულის კოეფიციენტი 17,8-მდე გაზარდა (საგულისხმოა, რომ ბურნეტი მსოფლიოს რეკორდსმენია), ჩვენ კი სტაბილურად გამოსვლა ვარჩიეთ და არც შევმცდარვართ. საქართველოს ნაკრების წევრებმა, რომლებიც თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის აღზრდილები არიან, კანადაში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი კარგ ფორმაში არიან და ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის კონკურენტებთან ტოლ-სწორად შეუძლიათ ბრძოლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კალგარიში უახლეს, ფრანგული ჯიმნოვას ტიპის ბატუტებზე ვიასპარეზეთ, რომელსაც მიუჩვევლები ვართ. სპორტის სამინისტრო შეგვპირდა, რომ მსგავს ბატუტებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეგვიძენს, რაც პლანეტის უძლიერეს მხტომელებთან პაექრობისას ჩვენს შანსებს საგრძნობლად გაზრდის.
ლუბა გოლოვინა: კალგარიში საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. თუნდაც კოკბურნისა და მაკლემანის მონაწილეობა რად ღირს. ისინი ხომ ნებისმიერ შეჯიბრებაში, მათ შორის - მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებშიც მედლების კანდიდატები არიან. წლეულს მზადებაში წელის ტკივილმა საკმაოდ შემიშალა ხელი, მაგრამ ახლა უკეთ ვგრძნობ თავს. გერმანიაში მსოფლიოს თასის ეტაპზე, რომელიც აგვისტოს მიწურულსა და სექტემბრის დასაწყისში გაიმართება, უძლიერესი შემადგენლობა მოიყრის თავს. იქ იქნებიან ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ჰი ვიენა, მისი თანამემამულე შანშანი, კოკბურნი და მაკლემანი, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ირინა კარავაევა, პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ეკატერინა ჯილკო, სხვა სახელოვანი სპოტსმენებიც. ახლა ამ შეჯიბრებისთვის ვემზადები და ვეცდები იქაც წარმატებით ვიასპარეზო. იმ ტურნირში ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტს 14,4-მდე გავზრდით. მთავარია, ტრავმა არ გამიმიზეზდეს.
თენგიზ კოშკაძე: კანადის თასის ღია გათამაშება წლეულს ჩემი მეორე საერთაშორისო შეჯიბრება იყო. მსოფლიოს თასის ეტაპზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, მეშვიდე ადგილზე გავედი. ყველაფერს ვიღონებ გერმანიასა და დანიაში (ოქტომბერი), მსოფლიოს თასის ეტაპებზე ფინალებში მოვხვდე, ბირმინგემში კი ლუბასთან ერთად ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის ვიბრძოლებ...
გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე ბატუტზე ხტომაში 16 გოგონა და ამდენივე ვაჟი იასპარეზებს. წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიცენზიას 8-8 ფინალისტი მიიღებს. დანარჩენი საგზურების მფლობელთა ვინაობას გაისად გაზაფხულზე შევიტყობთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"