ლუბა გოლოვინა ლონდონის საგზურისთვის იანვარში იბრძოლებს

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ ბრიტანულ ბირმინგემში ბატუტზე მხტომელთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანმა ლუბა გოლოვინამ 96.890 ქულით მე-18 ადგილი დაიკავა.

თბილისელმა სპორტსმენმა შეჯიბრება კარგად დაიწყო და სავალდებულო პროგრამის შემდეგ ლიდერებში იყო.

რა მოხდა ნებისმიერ პროგრამაში, ამის თაობაზე ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ რუსუდან ხოფერიას შევეხმიანეთ ლონდონში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე არბიტრად არის მიწვეული:

- ამ შეჯიბრებისთვის ლუბა გოლოვინა კარგად იყო მომზადებული. ეს მან სავალდებულო პროგრამით გამოსვლისას დაადასტურა. ნებისმიერი პროგრამაც ურიგოდ არ შეუსრულებია, მაგრამ ბატუტზე დაშვებისას იგი ხელით ლეიბს
შეეხო, რაც მსაჯებმა ბჯენად ჩაუთვალეს და საბოლოოდსამი ქულა ჩამოაკლეს. რომ არა ეს დანაკარგი, იგი დღეს მეხუთე ადგილზე იქნებოდა. არადა, გამოხშირვის მეთოდს თუ გავითვალისწინებთ, ლუბა ჩემპიონატის შედეგებით დღეს მეთორმეტეა და ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი არ დაუკარგავს.

რაც შეეხება თენგიზ კოშკაძეს, თბილისში საწვრთნელი შეკრებისას მან ტრავმა მიიღო, რაც ლონდონში უფრო გაუმიზეზდა და შეჯიბრებაზე გამოსვლა ვერ შეძლო. კოშკაძე ამით 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების შანსს, სამწუხაროდ, დაემშვიდობა.

- ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე რას იტყვით?
- ეს შეჯიბრება ბირმინგემში 24-დან 27 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოდან მასში ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს: თორმეტწლიანებში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი ამჯერად ცამეტ-თოთხმეტწლიანებში მოსინჯავს ძალებს. მასთან ერთად გამოვა თეონა ჯანჯღავა. ქვეყნის სპორტულ ღირსებას ისინი სინქრონულ ხტომებშიც დაიცავენ. ამ ასაკში ვაჟთა შორის ზურაბ ნოზაძე, 15-16-წლიანებში ნანა გოგაშვილი, ხოლო 17-18-წლიანებში თამუნა კაკაშვილი გვეყოლება.

- ახალგაზრდების დიდი იმედი გვაქვს, ვფიქრობ, ისინი უმედლოდ არ დაგვიბრუნდებიან. - გვითხრა საქართველოს ტანვარჯიშულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჩიქობავამ. - რაც შეეხება ლუბა გოლოვინას, მას 2012 წლის ოლიმპიადაზე გამგზავრების შანსი ჯერ კიდევ შერჩა. გაისად იანვარში ლონდონი სალიცენზიო ტურნირს უმასპინძლებს, სადაც 5 საგზური გათამაშდება იმ მხტომელებისთვის, რომლებმაც ბირმინგემში მეცხრე-ოცდამესამე ადგილები დაიკავეს, თანაც უკვე ლიცენზიის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები იმ შეჯიბრებაზე არ დაიშვებიან.

ასე რომ, იმედიანად უნდა ვიყოთ, თუმცა დარჩენილ ორ თვეში გოლოვინას მიზნის მისაღწევად მწვრთნელებთან ერთად დიდი ჯაფა მართებს.

აქვე გაუწყებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალისტები 20 ნოემბერს მედლებისთვის ასეთი თანმიმდევრობით იასპარეზებენ:
ქალები

სავანა ვინსანტი (აშშ), კატერინა დრისკოლი (დიდი ბრიტანეთი), ანა დოღონაძე (გერმანია), როსანა მაკლენანი (კანადა), ტატსიანა პიატრენია (ბელარუსი), კარენ კოფბურნი (კანადა), ლი დანი, ჰი ვიენა (ორივე - ჩინეთი). რეზერვში არიან ლაურა გალახერი (დიდი ბრიტანეთი) და ზიტა ფრიდრიხოვა (ჩეხეთი).
ვაჟები
იური ნიკიტინი (უკრაინა), ნიკიტა ფედორენკო (რუსეთი), გრეგორ რენესი (საფრანგეთი), დმიტრი უშაკოვი (რუსეთი), იასუჰირო უეიამა, მასაკი იტო (ორივე - იაპონია), ლუ ჩუნლონი, დონ დონი (ორივე - ჩინეთი). რეზერვში - ჯეისონ ბურნეტი (კანადა), მიკალა კაზაკი (ბელარუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლიუბა, მიაწექი! მაგარი ხარ! ოლიმპიადაზე უნდა გნახოთ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული