გაბრიელა ხვედელიძე - "მის ვალენტინი"

AutoSharing Option
ცამეტი წლის მხატვრულ ტანმოვარჯიშე გაბრიელა ხვედელიძეს მეგობრები სიყვარულით გაბის ეძახიან.

ორიოდე დღის წინათ იგი თანატოლებთან ერთად ტარტუში იმყოფებოდა (დელეგაციის ხელმძღვანელი - ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ფიქრია ფანქველაშვილი) წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებულ ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირზე.

ბალტიისპირეთში 24 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. ისინი ცალკეული საგნებითა და ჯგუფურ ვარჯიშში  ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ.

გაბრიელა ხვედელიძეს (მწვრთნელი ბელა კობალაძე) გურზებით ვარჯიშში მცირედი დააკლდა მედლამდე - მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მაინც ავიდა, როგორც ასპარეზობის "მის ვალენტინი".

პირად პირველობაში ლიზა ბაქრაძეც
(მწვრთნელი თინა ნადირაშვილი) მონაწილეობდა, მაგრამ მედალს ვერც მან გამოჰკრა ხელი, სამაგიეროდ, ჯგუფურ ვარჯიშში მედეა გათენაძემ, სალომე ბურდილაძემ, ლიანა ცეცაძემ, ქეთი და ნაზი ასიტაშვილებმა (მწვრთნელები-თინა ნადირაშვილი, თამილა ტლაშაძე) იყოჩაღეს: ჯერ ხუთი ბურთით, შემდეგ კი ორი რგოლითა და სამი ლენტით პაექრობებში მოიხვეჭეს ვერცხლის მედლები.

ბალტიისპირეთში გამგზავრებამდე ახალგაზრდა ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეები ბაქოს ღია პირველობაში მონაწილეობდნენ.

მრავალჭიდში სოფიო ფარულავამ (მწვრთნელი ლუბა სერგოვანცევა) მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო რგოლითა და ლენტით, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო დაისაკუთრა, ლიზა ბაქრაძე კი ბურთითა და გურზებით მესამე ადგილებზე გავიდა.

ქართველი ტანმოვარჯიშეებისთვის ორივე ტურნირში მონაწილეობა ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველობისთვის მზადებას ემსახურებოდა. ეს შეჯიბრება კი 1-3 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული