სოფო ფარულავას ორი ბრინჯაო

AutoSharing Option
თხუთმეტი ქვეყნის ახალგაზრდა მხატვრული ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ გერმანიის ქალაქ შმიდენის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში.

მოასპარეზეთა შორის იყო 14 წლის თბილისელი სოფო ფარულავა (მწვრთნელი ლუბოვ სერგოვანცევა). ქართველმა სპორტსმენმა მსგავს ტურნირზე შარშან მრავალჭიდში მე-12 ადგილი დაიკავა.

ამჯერად 6 საფეხურით წინ წაიწია (პირველ ადგილზე რუსი დაშა სალდატოვა გავიდა). რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, ევროპელ თანატოლებთან პაექრობაში ჩვენებურმა ბურთითა და რგოლით ვარჯიშებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

14 მარტს სოფო ფარულავა გაბრიელა ხვედელიძესთან ერთად უკრაინის დედაქალაქში გაემგზავრება და 15-19 მარტს კიევის საერთაშორისო ტურნირში - ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის, სპორტის დამსახურებული ოსტატის
ირინა დერიუგინას თასის გათამაშებაში მოსინჯავს ძალებს.

ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მზევინარ სამუკაშვილმა გვითხრა, რომ მარტის მიწურულსა და აპრილის დასაწყისში ჩვენი მხატვრული ტანმოვარჯიშეები ეროვნულ ჩემპიონატში ჩაებმებიან, სადაც საუკეთესო სამეული შეირჩევა. პირველობის გამარჯვებული მაისის ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდში (რუსეთი) ევროპის ჩემპიონატზე ორი საგნით, ხოლო მეორე-მესამე პრიზიორები თითო საგნით იასპარეზებენ.

მანამდე კი 12-13 მაისს საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად გაიმართება მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი - "თბილისის თასი": 12 ქვეყნის წარმომადგენლები ორ ასაკში იპაექრებენ - ახალგაზრდები მრავალჭიდში, უფროსები კი ჯგუფურ ვარჯიშში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული