უფროსებში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავს ელვირა ზუკაკიშვილი, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. მხატვრულ ტანვარჯიშში მან მეცადინეობა მოსკოვში დაიწყო ელენა ლის ხელმძღვანელობით. ბოლო წლებია ექვსგზის მსოფლიოს და რვაგზის ევროპის ჩემპიონის, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ ოქსანა სკალდინასთან იმაღლებს ოსტატობას.
სახელოვანი სპორტსმენი ქალიშვილ დარია სვადკოვსკაიასთან ერთად ახლა თბილისშია და საერთაშორისო ტურნირზე შეგირდებს უქომაგებს.
- თბილისში პირველად 27 წლის წინათ ვიყავი, - გვითხრა ოქსანამ. - მაშინ საბჭოთა
იმ ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან ცოტა რამ შემორჩა მეხსიერებას. ყოველთვის მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში, მაგრამ სპორტსმენობისას დროს ვერ ვპოულობდი, მერე კი პოლიტიკური ვითარება აირია და...
- ქართველ ტანმოვარჯიშეებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
- რას ამბობთ?! რა ურთიერთობა, მე მათთან დღემდე დიდი მეგობრობა მაკავშირებს. თინიკო ნადირაშვილთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი ჯგუფურ ვარჯიშში. შეკრებაც ერთად გავიარეთ 1987 წელს, თინიკო გუნდთან ერთად გაემგზავრა ევროპის პირველობაზე, მე კი იმ ნაკრებში ვერ მოვხვდი.
მერე ელისო ბედოშვილთან ერთად ვიყავი ნაკრებში და 1989-1990 წლებში მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე ვიასპარეზე. ირმა ყიფშიძესთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, ოღონდ ცოტა ხანს გვაკავშირებდა სპორტი, რადგან იმ დროს, როცა მე მოვედი, ის დიდი სარბიელს ტოვებდა.
პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრი რამ მსმენია ირინა გაბაშვილზე. ერთხელ ვიდეოთი ვნახე მისი ბურთით გამოსვლა, რაც ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - ასეთი სილამაზე, ასე სულის შეძვრამდე ბურთით შესრულებული ვარჯიში არასდროს მინახავს. ძალიან ვწუხვარ, რომ ირინა ცოცხალი აღარ არის და მისი გაცნობის საშუალება არ მეძლევა.
- თქვენს ახალ შეგირდსა და ნორჩ ქართველ ტანმოვარჯიშეებზე რას იტყვით?
- ელვირა ნიჭიერი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე სპორტსმენია. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. მოსკოვში, სამწუხაროდ, სავარჯიშოდ ცოტა დრო გვაქვს, რადგან მწვრთნელებს მხოლოდ 4 საათით გვაქვს დაქირავებული დარბაზი. იქ კი ბევრი ბავშვი მეცადინეობს. ამის მიუხედავად, როცა ჩვენთან იქნება ელვირა, მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ. თბილისში კი ინდივიდუალურად ვარჯიშის მეტი დრო და საშუალება ეძლევა. აქ მას ხომ თინიკო ნადირაშვილი წვრთნის, სხვა გამოცდილი პედაგოგებიც ეხმარებიან.
რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, მათი გამოსვლა პირველად ვნახე პენზაში. კარგი გოგონები არიან, მედლებიც მრავლად მოიხვეჭეს. არც გამკვირვებია. ქართული მხატვრული ტანვარჯიშის სკოლა ხომ მთელ საბჭოეთში ყოველთვის იყო ერთ-ერთი მოწინავე ორიგინალური ხელწერით.
ეტყობა, წლების შემდეგ მისი აღორძინება იწყება. "თბილისის თასის" გათამაშებაც ამის ერთ-ერთი საწინდარია.
- თქვენს ქალიშვილზეც მინდა გკითხოთ. პენზაში მან პირველი ადგილი დაიკავა. შვილი დედას სჯობია?
- (ეცინება). დარია ჯერ ჩამოუყალიბებელი სპორტსმენია, მაგრამ ნიჭით ნამდვილად მჯობია. ოღონდ, არ ვიცი, როგორ გამოიყენებს მას. მამა ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს თანამედროვე ხუთჭიდში, დედა მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის პრიზიორი. ასე რომ, გენმა თავისი უნდა თქვას.
- სწორედ, ბარსელონის ოლიმპიადაზე მინდოდა მეკითხა: დასაჯილდოვებლად რომ გამოგიძახეს, თანაგუნდელ ალექსანდრა ტიმოშენკოს ჩემპიონობა მიულოცეთ, ესპანელ პასკუალეს კი ხელი არ ჩამოართვით. რა მიზეზით?
- იმ ეპიზოდს ბევრი მახსენებს - ეტყობა, სამუდამო დამღად დამრჩება. არადა, თავდადებული შრომით ვცდილობ, ის უასიამოვნო ამბავი ჩემი ბიოგრაფიიდან ამოვშალო. ეს იყო საერთაშორისო სკანდალი, რაზეც ბევრმა მომენტმა მოახდინა ზეგავლენა.
მოგეხსენებათ, მაშინ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ბარსელონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდმა იასპარეზა. ბოლო დღემდე არ ვიცოდი, მომცემდნენ თუ არა შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლებას. ბურთით ვარჯიშის დაწყების წინ 40 წამი მუსიკა არ ჩამირთეს. ყოველმხრივ ცდილობდნენ ხელშეშლას. ამის მიუხედავად, ბრინჯაო მაინც მოვიპოვე. არადა, შესაძლებელი იყო, კვარცხლბეკს მიღმა აღმოვჩენილიყავი.
წინა წელს მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონობა რომ მოვიპოვე, ესპანელი პასკუალე ოცეულში ძლივს შევიდა. ექვსი თვის შემდეგ ბარსელონაში უცებ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. სხვა სახეობებში არ ვიცი, მაგრამ მხატვრულ ტანვარჯიშში ასეთი სასწაულები არ ხდება. ქულებს მაკლებდნენ.
დაჯილდოების წინ სიმწრის ცრემლს ძლივს ვიკავებდი. ძალიან ემოციური პიროვნება ვარ. სხვა ფაქტორმაც იმოქმედა ჩემზე - ევროპის ჩემპიონატებზე ბულგარელები რომ გვიგებდნენ, მკაცრად გვაფრთხილებდნენ, გამარჯვებულებს ხელი არ ჩამოართვათო. ყველაფერმა ზემოთქმულმა ერთად მოიყარა თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, თუმცა ჩემს საქციელს გამართლება მაინც არ აქვს.
- ქალბატონო ოქსანა, ერთი შეკითხვაც: მხატვრულ ტანვარჯიშში ბოლო დროს საკმაოდ იმძლავრა აკრობატიკამ, მეტი ყურადღება მოქნილობაზეა გადატანილი, დაიკარგა უწინდელი ქალური სინაზე, პლასტიკა... მეთანხმებით?
- სამწუხაროდ, შეფასებისას ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან იმ დროს მოვედი მხატვრულ ტანვარჯიშში, როცა ტექნიკური ელემენტები საკმაოდ გართულდა. მაგალითად, რგოლის 12 გდებიდან რვას ფეხით ვასრულებდი. თავადაც, ხალიჩაზე ქალური სინაზით არ გამოვირჩეოდი, უფრო ტრიუკების ოსტატი ვიყავი და ეს მოსწონდა მაყურებელს.
მერე მწვრთნელობისას ამგვარი მუშაობა ძვალსა და რბილში გამიჯდა, მისით ვცოცხლობ და ვსულდგმულობ. მართალი გითხრათ, ერთგვარად მეშინია კიდეც რადიკალური სიახლეებისა, რადგან ყველაფერი შესაცვლელი მექნება. მაგრამ რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არ არის. ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მხატვრულ ტანვარჯიშშიც შეიცვლება წესები. ამბობენ, ძველისკენ იხრებიანო. ვინ იცის, საყურებლად ის იქნებ უკეთესიც აღმოჩნდეს.
ფოტოზე: ოქსანა სკალდინა და ელვირა ზუკაკიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"