ფერიებმა თბილისი მოხიბლეს

AutoSharing Option
დარბაზში სასიამოვნოდ დაღვრილი ჰანგები, ხალიჩაზე ფერიების ელვარება, ტრიბუნებს მოწყვეტილი ოვაციები... ეს იყო მხატვრული ტანვარჯიშის ნამდვილი დღესასწაული, რომლის მსგავსი საქართველოს დედაქალაქს კარგა ხანია, არ უნახავს...

ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი მერაბ ჩიქობავა) ინიციატივითა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, ვაკეში კალათბურთის აკადემიის სასპორტო დარბაზმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირს - "თბილისის თასს" უმასპინძლა.

სარბიელზე საქართველოს, რუსეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს ჯილდოებში. სასიამოვნოა, რომ ჯგუფურ ვარჯიშში ჩვენმა გოგონებმა სამი პირველი ადგილი დაიკავეს.

ახალგაზრდებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორჯერ
ავიდა გაბრიელა ხვედელიძე, რომელმაც რგოლითა და გურზებით ვარჯიშში ოქროს მედლები მოიპოვა.

ასევე, იყოჩაღეს ელვირა ზუკაკიშვილმა მრავალჭიდში, სოფიო ფარულავამ (ბურთით) და სალომე ფაჟავამ (ბაფთით), რომლებმაც ვერცხლის მედლებით დაიმშვენეს მკერდი. სულ ჩვენმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმა ხუთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

აქვე ისიც გვინდა შევნიშნოთ, რომ მრავალჭიდში პირველი იყო სახელოვანი სპორტსმენის, ოქსანა სკალდინას ქალიშვილი დარია სვატკოვსკაია, რომელმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ელვირა ზუკაკიშვილსაც სწორედ სკალდინა ავარჯიშებს.

ტურნირის საზეიმო გახსნისას, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილეები - დავით ნამგალაური და გია გალდავა, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტარი გიორგი ასანიძე ესწრებოდნენ, თბილისის მერი გიგი უგულავა მიესალმა სტუმარ-მასპინძლებს, შეჯიბრების მონაწილეებს წარმატება უსურვა და ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს დედაქალაქში, და არა მარტო აქ, ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო სპორტული და პოპულარული ხდება მსოფლიოში; ვეცდებით, ეს წინსვლა არ შევანელოთო.

მარინა ლობაჩი, ოლიმპიური ჩემპიონი, შეჯიბრების მთავარი მსაჯი: "მოხარული ვარ, რომ კვლავ ვეწვიე საქართველოს. უწინდებურად აქ ღიმილიანი სახეები და სტუმართმოყვარე ხალხი დამხვდა. ასეთი ლამაზი ზეიმისთვის დიდი მადლობა თბილისის მერს და ფედერაციის პრეზიდენტ მერაბ ჩიქობავას.

კარგი ტანმოვარჯიშეები გყავთ, წარმატებას ვულოცავ. ეს ტურნირი იმის საწინდარია, რომ გაისად მეტი სტუმარი გეყოლებათ"
.

მერაბ ჩიქობავა:"დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით, თბილისის მერიას თანადგომისთვის. ულამაზესი შეჯიბრება გამოგვივიდა. ფერიებმა მოხიბლეს თბილისი. არ შევცდები, თუ ვიტყვი - ტურნირი შედგა, სტუმარ-მასპინძლები კმაყოფილნი დარჩნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს ასპარეზობა დროული და აუცილებელი იყო. მხატვრულ ტანვარჯიშში "თბილისის თასი" ტრადიციული გახდება".

კვარცხლბეკი
ახალგაზრდები. ცალკეული საგნები.
რგოლი 1. გაბრიელა ხვედელიძე (საქართველო, 25,15), 2. ვერონიკა პოლიაკოვა (რუსეთი, 24,7), 3. მარიკა ზავადსკა (ლატვია, 23,875).

ბურთი. 1. კარინა იეროგინა (ესტონეთი, 26), 2. სოფიო ფარულავა (საქართველო, 25,875), 3. ვალერია დავიდოვა (უზბეკეთი, 24,975).

გურზები. 1. გაბრიელა ხვედელიძე (24,9), 2. ანასტასია ტატარევა (რუსეთი, 24,5), 3. მალვინა კოზლოვსკა (პოლონეთი, 22,925).

ბაფთა. 1. კარინა იეროგინა (ესტონეთი, 26,3), 2. სალომე ფაჟავა (25,25), 3. ანასტასია ტატარევა (რუსეთი, 25,125).

მრავალჭიდი უფროსებში. 1. დარია სვატკოვსკაია (რუსეთი, 108,650), 2. ელვირა ზუკაკიშვილი (საქართველო, 101,850), 3. ანა ზარნიეჩკა (პოლონეთი, 100,625).

ჯგუფური ვარჯიში. 1. საქართველო (ლიანა ცეცაძე, მედეა გათენაძე, სალომე ბურდილაძე, ქეთი ასიტაშვილი, ნაზი ასიტაშვილი) 5 ბურთით - 25,950, ორი რგოლითა და 3 ბაფთით - 25,400, საბოლოო - 51,350. 2. ლიტვა - 19.700 - 22,700 - 45,300, 3. ჩეხეთი - 19,700 - 22,700 - 41,900 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული