ფერიების მეჯლისი, რომელსაც დიდი ხანი ველოდით

AutoSharing Option
თბილისის თასმა მისია შეასრულა
ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი მერაბ ჩიქობავა) ინიციატივითა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით ვაკეში კალათბურთის აკადემიის სასპორტო დარბაზმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირს - "თბილისის თასს" უმასპინძლა.

სარბიელზე საქართველოს, რუსეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, უზბეკეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს ჯილდოებს.

ქართველებმა ხუთი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

სასიამოვნოა, რომ ჯგუფურ ვარჯიშში ლიანა ცეცაძემ, მედეა გათენაძემ, სალომე ბურდილაძემ, ქეთი და ნაზი ასიტაშვილებმა სამი პირველი ადგილი დაიკავეს. ახალგაზრდებში გაბრიელა ხვედელიძე რგოლითა და გურზებით ვარჯიშში კვარცხლბეკის პირველ
საფეხურზე ავიდა, სოფიო ფარულავამ (ბურთით) და სალომე ფაჟავამ (ბაფთით), მეოტრე ადგილები დაიკავეს, სენიორებში, ასევე, ვერცხლი ერგო ელვირა ზუკაკიშვილს (მრავალჭიდში), ოქრო სახელოვანი სპორტსმენის - ოქსანა სკალდინას ქალიშვილ დარია სვატკოვსკაიას ხვდა.

ტურნირის საზეიმო გახსნისას, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილეები - დავით ნამგალაური და გია გალდავა, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტარი გიორგი ასანიძე ესწრებოდნენ.

თბილისის მერი გიგი უგულავა მიესალმა სტუმარ-მასპინძლებს, შეჯიბრების მონაწილეებს წარმატება უსურვა და ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს დედაქალაქში, და არა მარტო აქ, ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო სპორტული და პოპულარული ხდება მსოფლიოში, ვეცდებით, ეს წინსვლა არ შევანელოთო.

"თბილისის თასის" გათამაშებაც იმის დასტურია, რომ სიტყვა საქმედ იქცევა.

კვარცხლბეკი
ახალგაზრდები.
ცალკეული საგნები
რგოლი 1. გაბრიელა ხვედელიძე (საქართველო, 25,15), 2. ვერონიკა პოლიაკოვა (რუსეთი, 24,7), 3. მარიკა ზავადსკა (ლატვია, 23,875).
ბურთი. 1. კარინა იეროგინა (ესტონეთი, 26), 2. სოფიო ფარულავა (საქართველო, 25,875), 3. ვალერია დავიდოვა (უზბეკეთი, 24,975).
გურზები. 1. გაბრიელა ხვედელიძე (24,9), 2. ანასტასია ტატარევა (რუსეთი, 24,5), 3. მალვინა კოზლოვსკა (პოლონეთი, 22,925).
ბაფთა. 1. კარინა იეროგინა (ესტონეთი, 26,3), 2. სალომე ფაჟავა (25,25), 3. ანასტასია ტატარევა (რუსეთი, 25,125).

გუნდური.
1. საქართველო, 2. რუსეთი, 3. ესტონეთი.

მრავალჭიდი უფროსებში
1. დარია სვატკოვსკაია (რუსეთი, 108,650), 2. ელვირა ზუკაკიშვილი (საქართველო, 101,850), 3. ანა ზარნიეჩკა (პოლონეთი, 100,625).

ჯგუფური ვარჯიში
1. საქართველო (ლიანა ცეცაძე, მედეა გათენაძე, სალომე ბურდილაძე, ქეთი ასიტაშვილი, ნაზი ასიტაშვილი) 5 ბურთით - 25,950, ორი რგოლითა და 3 ბაფთით - 25,400, საბოლოო - 51,350. 2. ლიტვა - 19.700 - 22,700 - 45,300, 3. ჩეხეთი - 19,700 - 22,700 - 41,900 ქულა.

ფერიების მეჯლისი, რომელსაც დიდი ხანი ველოდით
მერაბ ჩიქობავა, საქართველოს ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

თბილისში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა სოლიდური საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაზე დიდი ხანი ვფიქრობდით.

ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო ჩვენთან სპორტის ამ ულამაზესი სახეობის პოპულარიზაციისა და ქართველ ტანმოვარჯიშეთა შემდგომი დაოსტატებისთვის, საშეჯიბრო პრაქტიკის მისაღებად.

ესეც რომ არა, როგორც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი, გვინდოდა, საქართველოს დედაქალაქი ტანვარჯიშულ სახეობებში კვლავ გამოჩენილიყო დიდი საერთაშორისო ტურნირების რუკაზე. თბილისის მერიის თანადგომითა და დახმარებით ჩანაფიქრი რეალობად ვაქციეთ.

მრავალწლიანი შესვენების შემდეგ "თბილისის თასი" დიდი შეჯიბრების ჩატარების პირველი ცდაა, ამიტომ ტურნირზე მსოფლიო ვარსკვლავები ვერ ვიხილეთ, თუმცა ახალგაზრდებში საკმაოდ ტიტულოვანმა ტანმოვარჯიშეებმა იასპარეზეს. მაგალითად, რუსეთიდან ჩამოვიდა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის ოქსანა სკალდინას ქალიშვილი დარია სვატკოვსკაია.

შვილთან ერთად ქალბატონი ოქსანაც გვეწვია და ორი დღის განმავლობაში შეგირდებს - ქალიშვილსა და ელვირა ზუკაკიშვილს ქომაგობდა.

Sportall.Geშეჯიბრების ჩატარება რომ გადავწყვიტეთ, ტანვარჯიშულ სახეობათა ევროპის ფედერაციის მესვეურებს ვთხოვეთ, ჩვენს ტურნირზე ექსპერტი გამოეგზავნათ, რათა მისი დასკვნის საფუძველზე სამომავლოდ გრან პრის გამართვის უფლება მოვიპოვოთ.

ბელარუსი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი მარინა ლობაჩი გვესტუმრა, რომელიც ტურნირის ორგანიზაციითა და სპორტსმენთა მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა. სხვა სტუმრებსაც მოეწონათ შეჯიბრება.

ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ - ტურნირი შედგა, ჩვენს დედაქალაქში დაიბადა კიდევ ერთი სპორტული დღესასწაული, რაც იმის გარანტია, რომ მომავალში უფრო გრანდიოზულ ღონისძიებებს ვუმასპინძლებთ.

კმაყოფილი ვარ ჩვენი გოგონების გამოსვლით: უფროსებში ელვირა ზუკაკიშვილმა, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, მეორე ადგილი დაიკავა მრავალჭიდში.

სენიორებში გამოდიოდა სალომე შავდათუაშვილიც, რომელიც ამჟამად კიევში ცხოვრობს და სახელოვანი უკრაინელი ფეხბურთელის - ვიქტორ ბესონოვის მეუღლე და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ანა ბესონოვას დედა - ქალბატონი ვიქტორია ავარჯიშებს.

სალომე საქართველოს მოქალაქეა და იუნიორებში ჩვენი ქვეყნის სახელით რამდენიმე ტურნირშიც უასპარეზია.

მართალია, ამჯერად პრიზიორებში ვერ მოხვდა, მაგრამ ნიჭიერი გოგოა და ახლო მომავალში საერთაშორისო სარბიელზე თავის სიტყვას იტყვის.

ახალგაზრდებში თბილისის მერიის გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრიდან გაბრიელა ხვედელიძემ და სოფიო ფარულავამ, ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის სასპორტო კლუბ "გრაციიდან" სალომე ფაჟავამ გვასახელეს: მათ სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიხვეჭეს, რაც დიდი წარმატებაა.

თუმცა ეს შემთხვევით არ მომხდარა. ჩვენმა სამეულმა წელს რამდენიმე შეჯიბრებაში იყოჩაღეს: ბაქოს ღია ჩემპიონატში ფარულავამ რგოლით მეორე ადგილი დაიკავა, კიევის მსოფლიო თასზე კი მესამე იყო, მოსკოვის გრან პრიზე გუნდურ ჩათვლაში გოგონებს მე-3 ადგილი ერგოთ, საქართველოს პირველობაზე ხვედელიძე, ფარულავა და ფაჟავა, შესაბამისად, პირველი-მესამე ადგილებზე გავიდნენ და, შესაბამისად, 1-3 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში ევროპის პირველობაზე გამოსვლის უფლებაც მიიღეს.

გაბრიელა იქ ორი საგნით - რგოლით და გურზებით, სოფიო - ბურთით, ხოლო სალომე ბაფთით იასპარეზებს. სწორედ, ამ საგნებით გამოვიდნენ ისინი იტალიასა და რუსეთში. პეზაროში ხვედელიძემ რგოლით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გურზებით მე-4 იყო, ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა ფარულავა ბურთით, ფაჟავამ კი ბაფთით III ადგილი დაიკავა.

ჩვენს გოგონებს რუსებისა და ბელარუსების შემდეგ გუნდურშიც მესამე ადგილი ხვდათ - მასპინძლებსა და ბულგარელებსაც კი გაუსწრეს. აი, პენზაში კი ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა ბელარუსებსაც აჯობეს და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავეს. პირად პირველობაშიც გააუმჯობესეს შედეგები - ხვედელიძემ ორი ვერცხლი, ხოლო ფარულავამ და ფაჟავამ თითო ბრინჯაო დაიმსახურეს. იმედია, ჩვენი გოგონები ნიჟნი ნოვგოროდში ევროპის პირველობაზეც გვასახელებენ.

დიდი აღორძინების საწინდარი
სენიორთა მრავალჭიდში პირველი ადგილი მოსკოველმა დარია სვატკოვსკაიამ დაიკავა, რომელიც ამას წინათ პენზის საერთაშორისო ტურნირზე მეორე პრიზიორი იყო.

- დიდი მადლობა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას, რომელმაც ამ ლამაზი ქალაქის გაცნობისა და ასეთ საინტერესო საერთაშორისო ტურნირში გამოსვლის საშუალება მომცა, - მითხრა ასპარეზობის შემდეგ გახარებულმა დარიამ. - მეორე ადგილიზე ჩემი მეგობარი ელვირა ზუკაკიშვილი გავიდა. ჩვენ კარგა ხანია, ერთად ვვარჯიშობთ დედაჩემის ხელმძღვანელობით. მომავალშიც ვეცდებით, მისი იმედები გავამართლოთ...

ოქსანა სკალდინა ექვსგზის მსოფლიოს, რვაგზის ევროპის ჩემპიონი და ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. თბილისში პირველად 27 წლის წინათ ყოფილა - საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადაზე უასპარეზია უმცროს ასაკში.

- მაშინ თავი არაფრით გამომიჩენია. ბავშვობის შთაბეჭდილებებიდანაც ცოტა რამ შემორჩა მეხსიერებას. ყოველთვის მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში, მაგრამ დროს ვერ ვპოულობდი. თუმცა ქართველ ტანმოვარჯიშეებთან დღემდე დიდი მეგობრობა მაკავშირებს.

თინიკო ნადირაშვილთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი ჯგუფურ ვარჯიშში. შეკრებაც ერთად გავიარეთ 1987 წელს, თინიკო გუნდთან ერთად გაემგზავრა ევროპის პირველობაზე, მე კი იმ ნაკრებში ვერ მოვხვდი.

მერე ელისო ბედოშვილთან ერთად ვიყავი ნაკრებში და 1989-1990 წლებში მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე ვიასპარეზე. ბევრი რამ მსმენია ირინა გაბაშვილზე. ერთხელ ვიდეოთი ვნახე მისი ბურთით გამოსვლა, რაც ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - ასეთი სილამაზე, ასე სულის შეძვრამდე ბურთით შესრულებული ვარჯიში არასდროს მინახავს.

- ელვირა ზუკაკიშვილზე რას იტყვით?
- ნიჭიერი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე გოგოა. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. მოსკოვში, სამწუხაროდ, სავარჯიშოდ ცოტა დრო გვაქვს, თბილისში კი ინდივიდუალურად ვარჯიშის მეტი საშუალება ეძლევა. აქ მას თინიკო ნადირაშვილი წვრთნის, სხვა გამოცდილი პედაგოგებიც ეხმარებიან. შედეგიც ჩანს.

რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, მათი გამოსვლა პირველად პენზაში ვნახე. თბილისის ტურნირზეც მოხიბლეს ქომაგები და სპეციალისტები. არც გამკვირვებია. ქართული მხატვრული ტანვარჯიშის სკოლა ხომ მთელ საბჭოეთში ყოველთვის იყო ერთ-ერთი მოწინავე ორიგინალური ხელწერით. ეტყობა, წლების შემდეგ დიდი აღორძინება იწყება. "თბილისის თასის" გათამაშებაც ამის ერთ-ერთი საწინდარია.

- მხატვრულ ტანვარჯიშში ბოლო დროს საკმაოდ იმძლავრა აკრობატიკამ, დაიკარგა უწინდელი ქალური სინაზე, პლასტიკა... მეთანხმებით?
- სამწუხაროდ, შეფასებისას ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან იმ დროს მოვედი მხატვრულ ტანვარჯიშში, როცა ტექნიკური ელემენტები საკმაოდ გართულდა და ეს სტილი საკმაოდ კარგად მომერგო. მაგალითად, რგოლის 12-იდან რვა გდებას ფეხით ვასრულებდი. ხალიჩაზე მაინცდამაინც ქალური სინაზით არ გამოვირჩეოდი, უფრო ტრიუკების ოსტატი ვიყავი და ეს მოსწონდა მაყურებელს.

მერე მწვრთნელობისას ამგვარი მუშაობა ძვალსა და რბილში გამიჯდა. მართალი გითხრათ, ერთგვარად მეშინია კიდეც რადიკალური სიახლეებისა, მაგრამ რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არ არის.

ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ მხატვრულ ტანვარჯიშშიც შეიცვლება წესები. ამბობენ, ძველისკენ იხრებიანო. ვინ იცის, საყურებლად ის იქნებ უკეთესიც აღმოჩნდეს.

ლამაზი დღესასწაული გვაჩუქეს
ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა საერთაშორისო სარბიელზე წარმატებებს 1970-იანი წლებიდან მიაღწიეს, მას მერე, რაც ნაკრებს სათავეში ჩაუდგა შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი ნელი სალაძე. მან შექმნა მხატვრული ტანვარჯიშის ქართული სკოლა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

1979 წელს ირინე გაბაშვილი და ლალი დოლიძე საბჭოთა გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე ჩემპიონატში გაბაშვილმა ბურთით ვარჯიშში ოქროს მედალი დაიმსახურა, მრავალჭიდში კი მე-3 ადგილი დაიკავა.

ამგვარმა წარმატებებმა განაპირობა ის, რომ თბილისშიც ეწყობოდა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები, რომლებიც კარგა ხანს მივიწყებას მიეცა.

და აი, კვლავ ეწვია გაზაფხული ჩვენს ქუჩას...

თბილისის ტურნირის დამთავრების შემდეგ სახეგაბადრული ქართველი ტანმოვარჯიშეები სიხარულს ვერ ფარავდნენ. ახლობლები და მეგობრები მათ წარმატებას ულოცავდნენ. ეიფორიის პირველმა ტალღამ რომ გადაიარა, გოგონებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე:

თინათინ ნადირაშვილი: აღფრთოვანებული და ბედნიერები ვართ საქართველოს დედაქალაქში მხატვრულ ტანვარჯიშეთა ასეთი ღონისძიების გამართვით. ყოველთვის კეთილი შურით გვშურდა იმ ქვეყნების, რომელთა ტურნირებშიც ვმონაწილეობდით. დიდი მადლობა ქალაქის მერიას და ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს, რომლებმაც ლამაზი დღესასწაული გვაჩუქეს. გულშემატკივრებიც კმაყოფილნი დარჩნენ სანახაობითაც და ქართველი ტანმოვარჯიშეების შედეგებითაც.

ბელა კობალაძე: ჩვენი გოგონები, მართლაც, კარგ ფორმაში არიან, მაგრამ მწვრთნელებმა უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ხარვეზები შევნიშნეთ. ევროპის ჩემპიონატამდე მათს აღმოფხვრას მოვასწრებთ. ნიჟნი ნოვგოროდში მხოლოდ ხვედელიძე, ფარულავა და ფაჟავა გაემგზავრებიან ინდივიდუალურ პირველობებში საასპარეზოდ. ჯგუფურში ორმა გოგონამ ახლახან მოიშუშა ტრავმები, ამიტომ კონტინენტის პირველობისთვის სასურველ სპორტულ ფორმაში ჯერ არ არიან - ისინი მომავალი წლის მსოფლიოს პირველობისთვის მოემზადებიან.

გაბრიელა ხვედელიძე: ლამაზი შეჯიბრება იყო დაძაბული პაექრობებით. სამი ოქროს მოპოვებით, ცხადია, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ახლა მთავარია, ევროპის პირველობისთვის უკეთესად მოვემზადო და მედლები იქაც მოვიპოვო.

სოფიო ფარულავა: ამდენი მაყურებლის თვალწინ შინ პირველად ვიასპარეზეთ, ამიტომ ძალიან ვღელავდით. კიდევ კარგი, რომ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა - უფრო მაღალი სინჯის მედლები მოვიპოვეთ, ვიდრე უცხოეთში, რაც კონტინენტის პირველობის წინ დიდი სტიმულია.

სალომე ფაჟავა: ბოლო სამი თვეა, ჩვენი სამეული ყველა შეჯიბრებაზე შედეგებს აუმჯობესებს და ოსტატობას ხვეწს. დღესაც ევროპულ ტურნირებში გამოცდილ თანატოლებს ვაჯობეთ, რამაც საკუთარი ძალების რწმენა გაგვიორკეცა და კონტინენტის პირველობაზეც სამეულისთვის ვიბრძოლებთ. "გრაციაში" ყველა პირობაა საიმისოდ, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადო.

ელვირა ზუკაკიშვილი: მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭეს, ჩემი ქვეყნის სპორტულ ღირსებას მეორედ ვიცავ. წინა შეჯიბრებისგან განსხვავებით, ამჯერად ვერცხლის მედალი დავიმსახურე.

Sportall.Geამ შეჯიბრებაზე დასასწრებად მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოვიდა დედაჩემი,რომელიც ფოთშია დაბადებული. მისმა სტუმრობამ ორმაგად მოტივიტებული გამხადა.

ამ დღეებში ჩემი მწვრთნელი ოქსანა სკალდინა და მისი ქალიშვილი დარია სვატკოვსკაია ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე გავემგზავრებით, იქიდან კი მოსკოვს მივაშურებ - საშუალო სკოლის გამოსაშვები და უმაღლესი სასწავლებლის მისაღები გამოცდებიმაქვს ჩასაბარებელი.

მერე ისევ თბილისში დავბრუნდები და აქაური მწვრთნელების ხელმძღვანელობით განვაგრძობ ვარჯიშს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

რატომ მალავდნენ გოგონებს?
იტალიურ პეზაროში მსოფლიო თასის გათამაშების შემდეგ ერთ-ერთმა იქაურმა გამოცემამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ქართველი ტანმოვარჯიშეების მიმართ და ბოლოს დასძინა, ამ გოგონებს აქამდე სად მალავდნენო.

- ჩვენი ტანმოვარჯიშეების დიდ ტურნირებში გამოყვანა მანამ არ გვინდოდა, სანამ თანატოლი მეტოქეებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებდნენ, - გვითხრა ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფიქრია ფანქველაშვილმა. - წელს ეს დროც დადგა. თანაც ფედერაციას მერაბ ჩიქობავა ისეთ პერიოდში ჩაუდგა სათავეში, როცა ასეთი ხელმძღვანელი ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. დღევანდელი დღესასწაულიც მისი დამსახურებაა.

გვასახელეს გოგონებმაც. ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ზდენკა სოვოვამ მითხრა, შესანიშნავი გუნდი გყავთ, სამივე ტანმოვარჯიშე განსხვავებული სტილისაა, მაგრამ ერთმანეთს ავსებენ, დიდი ხანია, საქართველოს ასეთი ნიჭიერი გოგონები არ ჰყოლიაო.

ასე რომ, ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა ნიჟნი ნოვგოროდში თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე თუ გამოავლინეს და ობიექტური მსაჯობაც იქნა, მედლების მოპოვების დიდი შანსი გვაქვს. საგულისხმოა ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბელა კობალაძე იმსაჯებს.

მადლობა და გაისადაც გეწვევით
მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირზე ევროპის ფედერაციიდან ექსპერტად გახლდათ მოვლინებული სეულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მარინა ლობაჩი.

- მოხარული ვარ, რომ საქართველოს დედაქალაქში მხატვრულ ტანვარჯიშეთა "თბილისის თასის" გათამაშებას დავესწარი, - გვითხრა მან. - შეჯიბრება შესანიშნავად იყო ორგანიზებული.

თბილისის მერიამ და ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჩიქობავამ ყველაფერი გააკეთეს ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად. სპორტული დარბაზი კარგად იყო მოწყობილი. გულშემატკივრები ოვაციებს არ იშურებდნენ და სტიმულს აძლევდნენ შეჯიბრების მონაწილეებს. დიდი ხნის შესვენების შემდეგ აღორძინებული საერთაშორისო ტურნირისთვის ყველაფერი მართლაც იდეალურად იყო.

ვიმედოვნებ, რომ "თბილისის თასი" ტრადიციული გახდება და ასპარეზობაც, ალბათ, სპორტის სასახლეში გადაინაცვლებს, რადგან აქაურობა გულშემატკივრებს ვერ დაიტევს.

- სპორტის სასახლეზე ყურადღებას იმიტომ ამახვილებთ, რომ იქაური სარბიელი გახსოვთ?
- დიახ, 27 წლის წინათ თქვენს სპორტის სასახლეში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე მოვსინჯე ძალები. მახსოვს, მაშინ ტრიბუნები თითქმის სავსე იყო. ბევრი სითბო და სიყვარული მახსოვს იმ დროიდან. ასე რომ, ყოველგვარი პირობაა იმისა, რომ თბილისმა უფრო დიდ ტურნირებს - მსოფლიოს თასს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს უმასპინძლოს.

- თუ არ ვცდები, თბილისში თქვენ მესამედ იმყოფებით.
- მეორედ 1987 წელს ვესტუმრე - სეულის ოლიმპიადის წინა წელს. მუხლის სერიოზული ტრავმა მაწუხებდა, ნაცნობ-მეგობრების რჩევით ვეჩვენე ცნობილ სპეციალისტებს, სახალხო მკურნალებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ჩემს გამოჯანმრთელებაში. ჩემს მუხლს მაშინ ექიმებთან ერთად ქართულმა სიყვარულმაც უშველა.

- მაშ, თქვენს ოლიმპიურ ჩემპიონობაში წილი გვდებია.
- მართლაც რომ ასეა. დიდი მდალობა ყველას, ვინც მაშინ გვერდით დამიდგა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. ოქროს მედლის მოპოვება კი ფანტასტიკის სფეროდან იყო, თუმცა ურიგო სპორტსმენი არ ვყოფილვარ და სეულამდე რეგალიები არ მაკლდა. დღემდე უფლის მადლობელი ვარ, რომ ოცნება რეალობად ვაქციე და ჩემპიონობა მოვიპოვე.

- ქართველ ტანმოვარჯიშეთაგან ვისთან მეგობრობდით?
- განსაკუთრებით ირმა ყიფშიძესთან, თინათინ ნადირაშვილთან, ფიქრია ფანქველაშვილთან და ელისო ბედოშვილთან ვიყავი ახლოს, რადგან ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ. ერთად გამოვდიოდით საკავშირო სპორტსაზოგადოება "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში. 1984 წელს მე და ფიქრიამ "დინამოს"შემადგენლობაში სპორტსაზოგადოებათა საკავშირო პირველობა მოვიგეთ. ამ გოგონებს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეეძლოთ თანაგუნდელებისთვის გუნება-განწყობილების გამოკეთება. ახლაც დიდი სიყვარულით შევხვდით ერთმანეთს.

- გვეგონა, რომ "თბილისის თასზე" ბელარუს ტანმოვარჯიშეებსაც ვიხილავდით...
- მე აქ ჩამოვედი როგორც ევროპის ფედერაციის წარმომადგენელი, ამიტომ ჩემი თანამემამულეების ჩამოუსვლელობაზე დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს სპორტსმენებს მეტად დატვირთული გრაფიკი აქვთ, ყველაფერი წინასწარაა გაწერილი. გაისად თბილისში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი თუ გაიმართება და მოგვიწვევთ, აუცილებლად გესტუმრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული