ქართველ ტანმოვარჯიშეთა სიურპრიზები ნიჟნი ნოვგოროდში

AutoSharing Option
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეებს მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ: გასულ უქმეებზე ნიჟნი ნოვგოროდში ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გოგონებმა - გაბრიელა ხვედელიძემ, სოფიო ფარულავამ და სალომე ფაჟავამ გუნდურში 104.325 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და ისეთი სატანვარჯიშო ქვეყნები ჩამოიტოვეს, როგორებიც არიან უკრაინა (103.325) და ბულგარეთი (101.675), რომლებიც წლების განმავლობაში საერთაშორისო სარბიელზე სპორტის ამ სახეობის კანონმდებლებადაც კი გვევლინებოდნენ.

ნიჟნი ნოვგოროდში ჩემპიონობა მასპინძლებმა - რუსებმა (109.850) მოიპოვეს, ვერცხლის მედალი ბელარუსებს (106.550) ხვდათ.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა პაექრობები ცალკეული საგნებით. თუმცა, როგორც გუნდურში, აქაც ოქრო-ვერცხლისთვის
ბრძოლაში რუსები და ბელარუსები დომინირებდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ფინალში მოხვედრილი რვა ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენი გოგონების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ჩინებულად იასპარეზეს საკვალიფიკაციო ეტაპზე: ხვედელიძე რგოლით მესამე იყო, ხოლო გურზებით - მეოთხე; ფაჟავაც მესამე შედეგით შევიდა ფინალში, ფარულავა კი ბურთით მეხუთე იყო.

გადამწყვეტი პაექრობებისას გაბრიელამ გურზებით 26.075 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილი დაიკავა და საქართველოს ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა. ბურთით ვარჯიშში სოფიო 26.200 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა, სალომეს ბაფთით (25.850 ქულა) მეექვსე ადგილი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ! ვულოცავ გოგონებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში და ყველა გულშემატკივარს!
დუდუ
12:32 04-06-2012
0
ყოჩაღ, შვილებო, ასე განაგრძეთ, წარმატება შრომასა და გარჯას მოაქვს!
giorgi
20:12 05-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული