რადგანაც ორგანიზაცია რამდენიმე სახეობას აერთიანებს, დისციპლინების მიხედვით ვიცე-პრეზიდენტებმა წარმოადგინეს ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგები.
რუსუდან ხოფერიამ ბატუტზე მხტომელთა წარმატებებზე ილაპარაკა. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლუბა გოლოვინა იანვარში წარმატებით გამოვიდა სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირზე და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
ინგლისის დედაქალაქში კი მე-7 ადგილი დაიკავა. ბატუტზე მხტომელებმა 2012 წელს სულ 7 ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ოქტომბერში მსოფლიოს თასზე უნდა ეასპარეზათ. "მთელი წლის განმავლობაში ფულს ეკონომიურად ვხარჯავდით, რათა ახალ დაფინანსებამდე გვყოფნოდა.
სპორტული ტანვარჯიში საქართველოში ყოველთვის იყო წარმატებული სპორტის სახეობა. ამას ისიც ადასტურებს, რომ კორიფეთა შორის ოლიმპიური ჩემპიონებიც გვყავს. ბოლო წლებში იმდენად დაიკარგა ტრადიციები, რომ 2012 წელს, მედალოსანს ვინ ჩივის, ოლიმპიადაზე მონაწილეც არ გვყავდა. არც სხვა შეჯიბრებებში ყოფილა შედეგები.
"ამის მიზეზი ის არის, რომ მწვრთნელებს მუშაობის ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ფედერაციას 200 000 ლარის ინვენტარი რომ არ ეჩუქებინა, დღეს ეს სახეობა, ალბათ, აღარც იარსებებდა ჩვენთან.
დაფინანსებაც მწირი გვაქვს. წლეულს 45 ათასი ლარი გამოგვიყვეს, საიდანაც 30 682 ლარი ავითვისეთ. ამას წინათ ბათუმში საქართველოს პირველობა ჩავატარეთ. ბიუჯეტში დარჩენილი თანხის ნაწილი რომ ვთხოვეთ სამინისტროს, ბატუტზე მხტომელებისა არ იყოს, ჩვენც უარით გამოგვისტუმრეს.
ღონისძიება ჩაგვეშლებოდა, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჩიქობავა რომ არ დაგვდგომოდა გვერდით, - თბილისის მერიას დახმარება სთხოვა და ღონისძიებისთვის საჭირო თანხა იქიდან გადმოგვირიცხეს.
წლეულსვე "ვითიბი" ბანკთან დაიდო ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ ორგანიზაციამ ახლახან საკმაოდ ძვირად ღირებული თავისუფალი ვარჯიშის ფიცარნაგი შეგვიძინა. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ბატონი მერაბის მხარდაჭერით, აქტიურად დავიწყეთ მზადება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
1998-2001 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭებისთვის რამდენიმე ღონისძიება გავმართეთ. პროგრამული დაფინანსებით აქ 45 923 ლარი გამოგვიყვეს. წლეულს ბაკურიანში სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეკრება დაგვრჩა გასავლელი", - თქვა ყრილობაზე ბესიკ გამსახურდიამ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ დელეგატებს აუწყა, რომ 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისში აშენდება ტანვარჯიშის კომპლექსური სასახლე, რომელიც ამ სახეობისთვის სპორტული ბაზის პრობლემას მოხსნის.
მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა შედეგებზე მზევინარ სამუკაშვილმა ილაპარაკა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2012 წელი წარმატებული გამოდგა.
ახალგაზრდა სპორტსმენებმა - გაბრიელა ხვედელიძემ, სალომე ფაჟავამ და სოფიო ფარულავამ რამდენიმე შეჯიბრებაში ისახელეს თავი როგორც გუნდურ, ისე პირად პირველობებში: მოსკოვის გრანპრიზე ჩვენმა გოგონებმა გუნდური მე-3 ადგილი დაიკავეს, პენზის საერთაშორისო ტურნირზე რუსების შემდეგ მეორეზე გავიდნენ, იტალიის მსგავს შეჯიბრებაზეც მესამე ადგილი ხვდათ, და, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, 2012 წელს ნიჟნი ნოვგოროდში ჩვენმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმა გუნდური ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
"ასევე უდიდესი წარმატება იყო ის, რომ თითქმის 25-წლიანი "შესვენების" შემდეგ, მერაბ ჩიქობავას ინიციატივით, საქართველოს დედაქალაქში 10 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმე ოქროს მედალი დაიმსახურეს", - დასძინა სამუკაშვილმა.
მის სიტყვას დარბაზიდან რეპლიკაც მოჰყვა - რომ არა შიდა დაპირისპირება, ამ სახეობაში შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდაო. ისიც ითქვა, რომ 12 წელიწადია, ამ სახეობაში ოლიმპიელი არ გვყოლია.
ყრილობაზე, ასევე, სიტყვებით გამოვიდნენ ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელი, ბატუტზე მხტომელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი, ტანვარჯიშში მსოფლიოს ჩემპიონი რუსუდან სიხარულიძე, ცნობილი სპეციალისტები - ლუბა სერგოვანცევა, ინგა გიორგობიანი, ჰანს ბურჯანაძე და სხვები, რომლებმაც, უმთავრესად, ტანვარჯიშის სახეობებში არსებულ იმ პრობლემებზე ილაპარაკეს, რომელთა მოგვარება ფედერაციის შესაძლებლობებს აღემატება და სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს. დელეგატებმა თავიანთი ორგანიზაციის მუშაობა დადებითად შეაფასეს.
ბოლოს გაიმართა არჩევნები. ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭი უნდა ეყარა სამ კანდიდატს, მაგრამ ნელი სალაძემ და რუსუდან ხოფერიამ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს კონსტანტინე ლაშხის სასარგებლოდ. ამ უკანასკნელს, მას შემდეგ, რაც ყრილობაზე პროგრამით წარსდგა, დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პირველ ვიცე-პრეზიდენტად რუსუდან სიხარულიძე, ვიცე-პრეზიდენტებად - ნელი სალაძე, ლუბა გოლოვინა, ბესიკ გამსახურდია, ინგა გიორგობიანი და ლუბა სერგოვანცევა, გენერალურ მდივნად კი რუსუდან ხოფერია აირჩიეს.
ნელი სალაძე: "ჩემი და ბატონი კოტეს პროგრამები, ფაქტობრივად, იდენტური იყო, თანაც გავითვალისწინე ისიც, რომ მამაკაცს მეტი ძალა და ენერგია აქვს, ტანვარჯიშის ხუთ სახეობას უკეთ გაუძღვეს. ამიტომაც მოვხსენი კანდიდატურა. ჩემი მიზანია, ისეთი პირობები შევქმნათ, მწვრთნელებს დარბაზში შესვლა უხაროდეთ. მხატვრულ ტანვარჯიშში მრავალწლიანმა განხეთქილებამ დიდად დაგვაზარალა.
პირადული უნდა დავივიწყოთ და საერთო საქმეს ვემსახუროთ. აქამდეც ვცდილობდი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ დაპირისპირება აღარ იყოს. ვფიქრობ, ურთიერთობის აღდგენა და საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება - იმ მხარესაც ხომ ჩემი ყოფილი შეგირდები დგანან..."
კონსტანტინე ლაშხი: "უპირველესად, დიდი მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ჩემი წინამორბედი - ბატონი მერაბ ჩიქობავა, რომლის მისამართითაც ამ ყრილობაზე ბევრი კარგი ითქვა.
რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, მიზნები და ამოცანები პროგრამაში დეტალურად ჩამოვაყალიბე. ახლა მთავარია, გასხვისებული ბაზების დაბრუნება-რეაბილიტაცია და ყველა სახეობისთვის სამუშაო პირობების შექმნა.
უკვე შევხვდი მხატვრულ ტანვარჯიშში დაპირისპირებულ მხარეებს, გავიგე მათი გულისტკივილი და მათ შორის არც ისეთი უფსკრულია, რომლის ამოვსება არ შეიძლებოდეს. აუცილებლად აღვადგენთ სასპორტო სკოლებს და გავზრდით ტანვარჯიშის სახეობათა გეოგრაფიას".
ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი: "სასიამოვნოა, რომ ყრილობამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. ტანვარჯიშულმა სამყარომ თავად აირჩია თავისი ხელმძღვანელობა. პრეზიდენტობის ორმა მსურველმა საკუთარი კანდიდატურები რომ მოხსნა, ესეც ბუნებრივად მოხდა, არავითარი პოლიტიკური წნეხი არ ყოფილა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
დადგა დრო, ქართულ სპორტში დეოკუპაცია დაიწყოს. ეს ხელს შეუწყობს თითოეული სახეობის ერთიანობას და დიდ სპორტში შედეგებიც უკეთესი გვექნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"