საფრანგეთის ქალაქ მეცში ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გვასახელა თბილისელმა ანა ოდიშვილმა, რომელმაც თერთმეტ-თორმეტწლიანთა შორის ინდივიდუალურ ხტომებში ჩემპიონობა მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 33.000 ქულით მეორე ადგილი დაიკავა - 0.300 ქულით ჩამორჩა რუს ვიქტორია კარაშჩანს. აი, ფინალში კი, როგორც ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა რუსუდან ხოფერიამ მეციდან გვაცნობა, ქართველი სპორტსმენი შეუდარებელი იყო. მან უნაკლოდ შეასრულა ვარჯიში და 35.000 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულს 1,900 ქულით ჩამორჩა ამერიკელი მეგი გალახერი, რომელსაც ვერცხლი ერგო. რუსი კარაშჩანი 33.000 ქულით ბრინჯაოს დასჯერდა. შეგახსენებთ,
რომ ოდიშვილმა შარშანდელ მსოფლიოს პირველობაზე ინდივიდუალურში მესამე ადგილი დაიკავა, სინქრონულში კი თეონა ჯანჯღავასთან ერთად ფინალში გავიდა, საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
გუშინვე ასპარეზობა დაამთავრეს 17-18-წლიანებმა სინქრონულ ხტომებში. ნანა გოგაშვილმა და თამარ კაკაშვილმა ფინალში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და საბოლოოდ მე-8 ადგილს დასჯერდნენ.
წარმატებებს გისურვებ